“ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანების შემდეგ „მედგიდი“ დამფუძნებელმა სოფო ჯაფარიძემ დატოვა.
“მედგიდის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფო ჯაფარიძემ გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან „მედგიდი“ ყოველთვის ემიჯნებოდა და გაემიჯნება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებას.
„მედგიდის“ თითოეული წევრის სახელით გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ სოფოს. პირველ რიგში იმისათვის, რომ ნუცა ზურაბიანთან კოლაბორაციის შედეგად დააარსა აღნიშნული სამედიცინო პლატფორმა, რომელიც თითოეულ თქვენგანს გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენთვის საჭირო ნებისმიერ სამედიცინო თემატიკასთან დაკავშირებით მიიღოთ კვალიფიციური და ამომწურავი პასუხი შესაბამისი პროფილის ექიმებისგან. ასევე, მადლობა სოფოს თითოეული „გადარჩენილი სიცოცხლისათვის“ და უანგარო დახმარებისათვის.
ჩვენი მხრიდან, გვინდა წარმატებები ვუსურვოთ სოფო ჯაფარიძეს მის სამომავლო საქმიანობაში, ასევე, კვლავ თქვენ გვერდით დგომაში, საჭიროების შემთხვევაში.„მედგიდი“ იყო/არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ეს ადამიანი მხოლოდ განვითარების გზაზე იდგება”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
გუშინ, 31 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ახალი ადამიანები წარადგინა, რომლებიც პარტიას შეუერთდნენ.