ახალი ამბები

“3 წელი დავკარგეთ, რადგან ბატონ დავითს და ბატონ ზოიძეს ჰქონდათ ულტიმატუმი: ან ყველაფერი, ან არაფერი” – წულუკიანი ნარკოპოლიტიკაზე

1 თებერვალი, 2021 • 1396
“3 წელი დავკარგეთ, რადგან ბატონ დავითს და ბატონ ზოიძეს ჰქონდათ ულტიმატუმი: ან ყველაფერი, ან არაფერი” – წულუკიანი ნარკოპოლიტიკაზე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმირებაზე კანონპროექტმა წინა მოწვევის პარლამენტის მხარდაჭერა იმიტომ ვერ მიიღო, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში, მისი თქმით, იყვნენ ძალები, რომლებიც ამ საკითხში სიფრთხილის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ და ითხოვდნენ სრულფასოვან პაკეტს, რომელიც ლიბერალიზაციის და ზოგ შემთხვევაში ლეგალიზაციის ელემენტებს შეიცავდა.

წულუკიანის თქმით, ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი აკაკი ზოიძე იყო, რომელიც “ყველაფერი ან არაფერი” პრინციპით ხელმძღვანელობდა, რის გამოც კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მიიღო და პროცესი სამი წლით გაჭიანურდა:

სამი წელი დავკარგეთ იმიტომ, რომ ბატონ დავით ოთიაშვილს და ბატონ ზოიძეს ჰქონდათ ულტიმატუმი, რომ ან ყველაფერი, ან არაფერი. მე თქვენ აგიხსენით, რომ ამას არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, ამიტომ გავიტანოთ დოზები და ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ იმ მიზნისკენ, რაც ყველას გვინდა, რომ ის, ვინც არის ჯანდაცვის პაციენტი, არ იყოს ციხეში.

თქვენ რა გააკეთეთ? საბჭოს გვერდის ავლით დაწერეთ EMC-სთან და სხვებთან ერთად ის დიდი რეფორმა და კაკი ზოიძემ შემოაგდო პარლამენტში და დაღუპეთ ის, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, და სამი წელი დააკარგინეთ ადამიანებს, ვინც ამ კანონპროექტს ციხეში ელოდება”,  – თქვა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, სადაც განიხილავდნენ კანონპროექტს, რომელიც 8 ნარკოტიკული საშუალებისთვის დოზებს განსაზღვრავს.

წულუკიანის თქმით, NGO-ებმა და რიგმა დეპუტატებმა თავის დროზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტი მთავრობასთან შეუთანხმებლად შეიტანეს პარლამენტში, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

წულუკიანის პასუხი მოჰყვა NGO-ებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის კრიტიკას წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ, რომლებმაც დოკუმენტი ფრაგმენტულად, ტექნიკური ხარვეზების გამოსასწორებლად მომზადებულ ცვლილებებად შეაფასეს.

კერძოდ, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებდა, რომ ამჟამად ინიცირებული კანონპროექტით, რომელიც 8 ნარკოტიკული საშუალებისთვის დოზებს განსაზღვრავს, ერთჯერადი მოხმარებისთვის დოზები ეპიზოდური მომხმარებლებისთვის საჭირო ოდენობების მიხედივთაა განსაზღვრული და არაა გათვლაისწინებული ის დოზები, რომელსაც ნარკოდამოკიდებული პირები იყენებენ, რადგანაც ნარკოტიკული სუბსტანციების მიმართ უფრო მაღალი ტოლერანტობა აქვთ და თრობის მისაღწევად ეპიზოდურ მომხმარებლებთან შედარებით მეტს მოიხმარენ:

“მისასალმებელია, რომ გარკვეული პირები გათავისუფლებიდან პასუხისმგებლობისგან, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენი აზრით ამ კანონპროექტს აქვს, ეხება დოზებს. რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა ორგანიზაციამ, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, ასევე დარგის სპეციალისტები, ამბობენ, რომ შემოთავაზებული ოდენობები არის ე.წ. ეპიზოდური მომხმარებლისთვის, ხოლო რეგულარული მომხმარებელი ვინც არის, ეს მათთვის მცირე დოზაა.

ისინი მეტს მოიხმარენ, ვიდრე კანონში არის განსაზღვრული და სწორედ ამიტომ, თუ ჩვენ ოდენობებს არ გავზრდით და რეგულარულ რაოდნებოაზე არ გვექნება აქცენტი, საბოლოო ჯამში, პროექტი გმაოგვივა როგორც ერთჯერადი ამნისტიის აქტი”, – ამბობს ომბუდსმენის წარმომადგენელი.

გიროგი ბურჯანაძის თქმით, ასევე არსებობს რიგი ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც კანონპროექტით არ არის განსაზღვრული და კომიტეტზე გამოვიდა ინიციატივით, რომ დოკუმენტს გარდამავალი დებულება დაერთოს და გარკვეულ ვადაში შესაბამისი უწყებები დაავალდებულოს, დოზები სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებზეც განისაზღვროს:

“არაერთი ნივთიერება არსებობს, რომელსაც ეს კანონპროექტი არ ეხება. პარლამენტის მხრიდან ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, კანონპროექტს გარდამავალი დებულება დაერთოს, რომლითაც შესაბამის უწყებას მოეცეს დავალება, 6 თვის ვადაში ყველა ნივთიერებაზე მოხდეს დოზების განსაზღვრა და დაზუსტება”, – ამბობს ბურჯანაძე.

ომბუდსმენის წარმოამდგენელმა ასევე წუხილი გამოთქვა, რომ პარლამენტმა არ გააგრძელა 2017 წელს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან ერთად შემუშავებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ნარკოპოლიტიკის უფრო ფართომასშტაბიან რეფორმირებას გულისხმობდა:

“იმ კანონპროექტში ბევრი პროგრესული დეტალია ასახული და მის მოსამზადებლად არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის თანხაა დახარჯული. ეს კანონპროექტი გარკვეულწილად ამ გზას ადგას. მისი მიზანია, რაღაც პრობლემები მოაგვაროს, მაგრამ პროცენტულად რომ შევადაროთ, რა გვაქვს გასაკეთებელი და ეს კანონპროექტი რას გვაძლევს, ბუნებრივია, აქ პროპორცია ძალიან დაბალი იქნება”, – აცხადებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

საპასუხოდ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ 2017 წელს მომზადებული კანონპროექტის იმავე ფორმით განხილვა მე-10 მოწვევის პარლამენტში ვერ გაგრძელდება, თუმცა ამ კუთხით დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

ომბუდსმენისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების წარმომადგენელმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ შსს არ მიესალმება ერთჯერადი მოხმარებისთვის დოზების განსაზღვრისას რეგულარული მომხარებლების მიერ გამოყენებული ოდენობების დაწესებას, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების რისკებს ხედავს:

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას არ მიესალმება იმის გათვალისწინებით, რომ წამალდამოკიდებული პირის დოზა ბევრად აღემატება ეპიზოდური მომხმარებლის დოზას. რაც ნიშნავს, რომ მას აქვს დიდი ტოლერანტობა ამ ნივთიერებების მიმართ. როდესაც მცირე ოდენობაში მოექცევა ბევრი ოდენობა, გავრცელების რისკი არსებობს”, – აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.

კანონპროექტს წარმოდგენილი ფორმით ფრაგმენტულად და ტექნიკური ხარვეზების გასწორების მცდელობად აფასებს “ადამანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელი გურო იმნაძე:

“ამ კანონპროექტს რა მიზანი აქვს, მკაფიოდ უნდა ითქვას. თუ ჩვენი მიზანია, კანონმდებლობაში არაებული ტექნიკური პრობლემები გასწორდეს, რომელსაც აქვს მძიმე უფლებრივი შედეგები ადამიანებზე, გასაგებია. მაგრამ თუ მისი მიზანია, ახალი ხედვა დაინერგოს მომხმარებელთა მიმართებით, მაშინ ნამდვილად შესაცვლელია შემოთავაზებული ოდენობები.

ნარკოტიკის მომხმარებელი, ადამიანი, რომელიც კონკრეტულ სუბსტანციაზეა დამოკიდებული, ამ კანონპროექტის შედეგად ახალ სამართლებრივ რეგულაციას ვერ დაექვემდებარება და კვლავ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ჩარჩოში დარჩება. თუ მეათე მოწვევის პარლამენტის მიზანია თვისებრივად ახალი მიდგომის დანერგვა, რომლის მიხედვითაც ცალსახად მოხმარება არ იქნება დასჯილი მკაცრი რამდენიმეწლიანი საპატიმრო სასჯელით, მაშინ შემოთავაზებული ოდენობები გადასახედია”, – ამბობს იმნაძე.

მისი თქმით, ორგანიზაციას ესმის, რომ პარლამენტმა შესაძლოა ყველა საჭირო ცვლილების განხორციელება ერთდოულად ვერ მოახდინოს და როდესაც NGO-ები სისტემურ რეფორმას ითხოვენ, მათ სურთ სახელმწიფოს ხედვა იცოდნენ ამ მიმართულებით. იმნაძის თქმით, ისინი მხარს უჭერდნენ 2017 წელს პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტს და იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ შესაძლოა დოკუმენტის რიგი პუნქტები ეტაპობრივად ამოქმედებულიყო:

“მე აბსოლუტურად მესმის პარლამენტის სიფრთხილე და რომ არ არის გაზიარებული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება და მესმის, ამის უკან რა სიფრთხილეც დგას. ჩვენ როდესაც ვაუბრობთ ფუნდამენტურ და სისტემურ რეფორმაზე, ორი მთავარი არგიმენტაციაა. ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც არ არის მხოლოდ მიბმული სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის შემსუბუქებაზე, არამედ ამის პარალელურად ძალიან სისტემური ხედვები და მექანიზმებია ჩადებული პრევენციის, მკურნალობის და განათლების კუთხით.

როდესაც ორივე ამ მიმართიმებოთ თანადროულად მიდის მუშაობა და მეტი ნაბიჯი იდგმება ქვეყანაში პრევენციული სისტემის შესაქმნელად თუ სამკურნალო სარეაბილიტაციო სერვისების გასაუმჯობესებლად, ეს თავისთავად სახელმწიფოს აძლევს მეტ მექანიზმს, მხოლოდ დასჯაზე არ იყოს ორიენტირებული და ნარკოტიკის გავრცელებასთან ბრძოლის კუთხით არ იყოს ძალიან მკაცრი მექანიზმების იმედად და სხვა ოპერაციული ინსტრუმენტები აამოქმედოს.

მეორე, როცა სისტემური რეფორმის მოთხოვნილება გვაქვს, ამას ისაც განაპირობებს, რომ გვინდა ვიცოდეთ,  ხედვა რა არის და საით მიდის სახელმწიფო. ჩვენ 2017-2018 წლებში, როდესაც მხარს ვუჭერდით პლატფორმის ჩართულობით მომზადებულ კანონპროექტს, ვიზიარებდით, რომ შესაძლოა მისი რიგი პუნქტები ეტაპოვრივად ამოქმედებულიყო” ,- ამბობს იმნაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი