ახალი ამბები

“ოცნება” ISFED-თან შესახვედრად მზადაა, ინფორმაციის გასაჯაროების პირობით

1 თებერვალი, 2021 • 858
“ოცნება” ISFED-თან შესახვედრად მზადაა, ინფორმაციის გასაჯაროების პირობით
“ქართული ოცნება” “სამართლიან არჩევნებთან” (ISFED) შეხვედრის მზაობას გამოთქვამს. მმართველი პარტია არასამთავრიბო ორგანიზაციისგან მეტ გამჭვირვალობასა და ინფორმაციის საჯაროობას ითხოვს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა შალვა პაპუაშვილმა დღეს, პირველ თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით,  ამით, საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, ეფექტიანად შეეწინააღმდეგებიან იმ “დეზინფორმაციის კამპანიას, რომელსაც დღემდე ეწევა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის გამოყენებით”.
ამასთან, “ქართული ოცნების” წევრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მრავალგზის მოწოდების მიუხედავად,  იმ კონკრეტულ უბნებს არ ასაჯაროებს, რომელთა მიმართაც პრეტენზია აქვთ.
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს პრეტენზია ზოგიერთი უბნის შესწორების ოქმის მიმართ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ისინი დღემდე არ ასაჯაროებენ იმ კონკრეტულ უბნებს, რომელთა მიმართაც მათ აქვთ პრეტენზია. ამის ნაცვლად, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ შეხვდნენ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს და აუხსნან მათი პრეტენზიის არსი. საზოგადოებას აქვე შევახსენებთ, რომ შესწორების ოქმი არის იგივე სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, როგორც თავდაპირველი შემაჯამებელი ოქმი, და მასაც ხელს აწერენ იგივე კომისიის წევრები, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, შევხვდეთ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს, თუმცა, ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რა რეზონანსი მოჰყვა მათ თავდაპირველ მცდარ ინფორმაციას და შემდეგ მის ეტაპობრივ შესწორებას, მნიშვნელოვანია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ განსაკუთრებულად იზრუნოს ამ საკითხის გარშემო, რაც შეიძლება მეტ გამჭვირვალობაზე და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ სურთ, რომ დახურულ შეხვედრაზე მოგვაწოდონ, ასევე გახადონ საჯარო საზოგადოებისთვის”, — განაცხადა პაპუაშვილმა.

ISFED-მა ხელახლა გადაითვალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემები და აცხადებს, რომ პარალელური დათვლის (PVT) მონაცემების თანახმად, კენჭისყრის დღეს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა და საარჩევნო ადმინისტრაციამ დისბალანსი უმეტესწილად შემდეგ გაასწორა.

როგორც ISFED-ის გამგეობის წევრებმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, გასწორების შემდგომ ცესკოს და “ისფედის” მონაცემები ერთმანეთთან თითქმის ემთხვევა. თუმცა, ვინაიდან ცესკომ ოქმები ძირითადად გადათვლის, შესწავლის გარეშე, საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების საფუძველზე გაასწორა, აღნიშნული მონაცემების სანდოობა კითხვის ნიშნებს ბადებს.

ორგანიზაციამ მის მიერ გამოქვეყნებული პირველადი მონაცემები მას შემდეგ გადაამოწმა, რაც ცესკო-ს წარმომადგენლებისა და მმართველი პარტიის მიერ დაისვა შეკითხვები PVT-ის შედეგებთან დაკავშირებით უბნების 8%-ზე გამოვლენილი დისბალანსის თაობაზე.

ISFED: PVT-ის მიხედვით ოქმების 8%-ში დაფიქსირდა დისბალანსი

მასალების გადაბეჭდვის წესი