ახალი ამბები

ISFED: PVT-ის მიხედვით ოქმების 8%-ში დაფიქსირდა დისბალანსი

29 იანვარი, 2021 • 883
ISFED: PVT-ის მიხედვით ოქმების 8%-ში დაფიქსირდა დისბალანსი

ISFED-მა ხელახლა გადაითვალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემები და აცხადებს, რომ პარალელური დათვლის (PVT) მონაცემების თანახმად, კენჭისყრის დღეს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა და საარჩევნო ადმინისტრაციამ დისბალანსი უმეტესწილად შემდეგ გაასწორა.

როგორც ISFED-ის გამგეობის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, გასწორების შემდგომ ცესკოს და “ისფედის” მონაცემები ერთმანეთთან თითქმის ემთხვევა. თუმცა, ვინაიდან ცესკომ ოქმები ძირითადად გადათვლის გარეშე, შესწავლის გარეშე, საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების საფუძველზე გაასწორა, აღნიშნული მონაცემების სანდოობა კითხვის ნიშნებს ბადებს.

ორგანიზაციამ მის მიერ გამოქვეყნებული პირველადი მონაცემები მას შემდეგ გადაამოწმა, რაც ცესკო-ს წარმომადგენლებისა და მმართველი პარტიის მიერ დაისვა შეკითხვები PVT-ის შედეგებთან დაკავშირებით უბნების 8%-ზე გამოვლენილი დისბალანსის თაობაზე.

“სამართლიანი არჩევნების” თანახმად, ისეთი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობამ, რომელშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, PVT შერჩევის 8% შეადგინა, აქედან:

  • საარჩევნო უბნების 3.6%-ზე მეტობით დისბალანსის მქონე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში გამოცემული შესწორების ოქმებით, ხოლო მომდევნო დღეებში – საოლქო კომისიების განკარგულებებით დაკორექტირდა. აქედან: საარჩევნო უბნების 2.9%-ზე შემაჯამებელი ოქმები დაბალანსდა; საარჩევნო უბნების 0.7%-ზე შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები არ დაბალანსდა. ოქმში მონაცემები გადათვლის საფუძველზე დაზუსტდა ერთ უბანზე;
  • საარჩევნო უბნების 1.3%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მეტობით დისბალანსის განმარტების ან შესწორების მიზნით არ არის გამოცემული შესწორების ოქმი და/ან განკარგულება; დაწერილია მხოლოდ ახსნა-განმარტება ან მონაცემი უშუალოდ შემაჯამებელ ოქმში არის გადასწორებული;
  • საარჩევნო უბნების 0.6%-ზე პროპორციული შემაჯამებელი ოქმები საარჩევნო უბნებზე საეჭვო გარემოებაში შესწორდა. ძირითადად ეს იმას გულისხმობს, რომ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის მიერ მიღებული, დამოწმებული ასლის და ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ან შესწორების ოქმების მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს და იძლევა განსხვავებულ შედეგს;
  • საარჩევნო უბნების 1.8%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ შესწორდა კენჭიყრის დღესვე საარჩევნო უბანზე, თუმცა შესწორების ოქმები შედგა გარკვეული ხარვეზებით. ეს ხარვეზებია: შესწორების ოქმს აკლია ბეჭედი; შედგენილია მაჟორიტარული სისტემით განკუთვნილი არჩევნების დოკუმენტზე; არასათანადო გრაფებში აქვს მითითებული შესწორებული მონაცემები; შემაჯამებელ ოქმში გადახაზულია/გადაკეთებულია შესწორებული მონაცემი; არ არის გაკეთებული მითითებები შესწორების შესახებ; არასწორად აქვს მითითებული კომისიის ბეჭედი, თარიღი და/ან დრო; აკლია კომისიის წევრის ხელმოწერა, რომელიც ხელს აწერს შესწორების ოქმს; ცარიელი გრაფები არ არის შევსებული X-ით; ბალანსი არ შედგა და ნაკლებობაში აისახა;
  • საარჩევნო უბნების 0.7%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ კენჭისყრის დღესვე, საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმების საფუძველზე შესწორდა.

რაც შეეხება პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა, “სამართლიანი არჩევნების” თანახმად, ის დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 25.8%-ზე, აქედან:

  • საარჩევნო უბნების 2.9%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, რომელშიც ბიულეტენების ნაკლებობა გამოვლინდა, კენჭისყრის მომდევნო დღეს ან მოგვიანებით შესწორდა საოლქო საარჩევნო კომისიაში შედგენილი შესწორების ოქმებით ან განკარგულებებით. აქედან 1.6%-ზე ოქმები დაბალანსდა;
  • საარჩევნო უბნების 19.4%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესწორების მიზნით არ შედგენილა შესწორების ოქმი და/ან განკარგულება;
  • საარჩევნო უბნების 3.5%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ბიულეტენების ნაკლებობა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმით შესწორდა, აქედან: 1.9%-ზე, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის მონაცემის გათვალისწინებით, პორპორციულ შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ შედგა და კვლავ ნაკლებობით დარჩა.

“შემაჯამებელი ოქმის შედგენისა და შესწორების წესი მკაცრად არის განსაზღვრული კანონმდებლობით. შესწორების ოქმი უნდა შედგეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ, შემაჯამებელ ოქმში შეცდომის დაშვებისთანავე და შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე უნდა გაკეთდეს წარწერა “შესწორებულია”. კანონმდებლობა შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის გამოცემის შესაძლებლობასაც უშვებს, მაგრამ არა ზოგადი პრაქტიკის სახით, არამედ „საჭიროების შემთხვევაში“ და იქვე უთითებს, რომ ეს უნდა მოხდეს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას”,- აცხადებს ISFED.

“სამართლიანი არჩევნების” დასკვნით, საოლქო კომისიებში შესწორები ოქმები გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა და ხშირად გამოიცემოდა ყოველგვარი ფორმალური თუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. კერძოდ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმები შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები გადათვლის გარეშე, წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე ზუსტდებოდა, რაც მონაცემების შესწორებისთვის არასაკმარისი საფუძველია და სანდოობის სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

“2020 წლის პირველი ნოემბერს ISFED აცხადებდა, რომ გამოვლენილი დარღვევების შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. PVT-ის მეთოდოლოგიაში გამოვლენილი ხარვეზების შემდეგ, ISFED ამბობს, რომ შედეგებზე შესაძლო გავლენის დათვლა ახლა მათთვის შეუძლებელია.

“წინა შემთხვევაში ეს პროცენტი გამოთვლილი იყო დაშვების დონეზე. თუმცა, როგორ განაწილდებოდა ეს გავლენა პარტიების შედეგებზე, ბათილ ბიულეტენებზე წავიდოდა თუ სად, მაშინაც ვერ ვამბობდით. რადგან ამ კონკრეტული მონაცემის გამოთვლას ახლა ვერ ვაკეთებთ, 4,1% შეგვიძლია დავივიწყოთ”, – განაცხადა ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარემ თამარა სართანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი