ახალი ამბები

“ეს მხოლოდ I ეტაპია”: რისთვის მიდიან ახალი სახეები ენმ-ში

2 თებერვალი, 2021 • 1551
“ეს მხოლოდ I ეტაპია”: რისთვის მიდიან ახალი სახეები ენმ-ში

“ნაციონალურ მოძრაობას” 12 ახალი სახე შეუერთდა. მათ შერჩევაში ძირითადი როლი პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეასრულა. როგორც პარტიაში ამბობენ, “ახალი ენერგია” ყოველთვის მნიშვნელოვანია, ენმ-ის გარეთ კი იმასაც აღნიშნავენ, რომ განახლება მიანიშნებს მელიას სურვილზე, დაადასტუროს ლიდერის თვისებები და პარტიაში ახალი წევრების მიზიდვის შესაძლებლობა მაშინაც კი, როცა ის საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმშია.

ენმ-ის 12 ახალი წევრი: ვინ არიან ისინი

პარტიის ახალი წევრები ენმ-ის ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, 15-წუთიანი ვიდეოკლიპით წარადგინა. მათ შორის არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომელთაგან ზოგიერთს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი ხელისუფლების დროს. სია ასე გამოიყურება:

ნონა მამულაშვილი – დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. ის “შვეიცარია-საქართველოს ბიზნესასოციაციის” პრეზიდენტი და “კავკასიის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელია. მამულაშვილი 32-ე იყო ენმ-ის პარტიულ სიაში, თუმცა, კოლეგების მსგავსად, უარი თქვა საპარლამენტო მანდატზე;

ნიკა ობოლაძე – “მთავარი არხის” ანალიტიკოსი. მანამდე, რამდენიმე წლის მანძილზე იყო პარტია “გირჩის” ერთ-ერთი სახე. მისი თქმით, ენმ-ს შეუერთდა, რადგან მასში “შესაძლებლობების სწორ ფანჯარას” ხედავს.

გიორგი ჩალაძე – იურისტი, “გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის” თანადამფუძნებელი. მისი ხედვით, “გადასახადები მინიმუმამდეა დასაყვანი”, რათა ბიზნესი განვითარდეს საქართველოში, “მომავლის მედიცინა შეიქმნას”.

გიორგი თარგამაძე – “თავისუფალი უნივერსიტეტის” ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი. მისი თქმით, სწამს “პატარა სახელმწიფოს” მოდელის და იმისა, რომ სახელმწიფო კერძო ბიზნესში არ უნდა ერეოდეს. თარგამაძის თქმით, ენმ-ის წევრებს, მათ შორის, ახალ სახეებს შორის ხედავს “უსაზღვრო ლტოლვას ცვლილებებისკენ”;

რევაზ ჩომახიძე – ყოფილი წყალბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი. როგორც 31 იანვარს “მთავარი ტვ”-ის ეთერში თქვა, ამ დრომდე არის თბილისის მერიის ერთ-ერთი აიპის – წყალბურთის კლუბ “თბილისის” – დირექტორი. ჩომახიძე დიპლომატიური ეკონომიკის მაგისტრია. მისი თქმით, პოლიტიკაში მოსვლის ერთ-ერთი წინაპირობა იყო შეუსაბამობა 2020 წლის არჩევნების ოფიციალური შედეგებსა და “მოსახლეობის განწყობას” შორის. ჩომახიძე პარტიაში სპორტის მიმართულებით იმუშავებს.

სოფო ჯაფარიძე – პროფესიით ექიმი, ფეისბუკ-პლატფორმა medguide-ის დამფუძნებელი. პლატფორმა 2020 წლის ნოემბერში შეიქმნა და ჯაფარიძის თქმით, მისი მიზანი პანდემიის კრიზისის ფონზე პაციენტებსა და ექიმებს შორის კომუნიკაციის გამარტივება იყო. ამჟამად პლატფორმას 80 000-ზე მეტი წევრი ჰყავს. პარტიაში ჯაფარიძე სწორედ ჯანდაცვის მიმართულებას ჩაიბარებს. ენმ-ში გაწევრიანების გამო სოფო ჯაფარიძემ medguide დატოვა;

მანუჩარ ახალაია – სამართალმცოდნეობის მაგისტრი. აცხადებს, რომ პარტიას “აქვს კონკრეტული ხედვა” დევნილთა პრობლემის გადასაჭრელად” და თავადაც იმუშავებს ამ მიმართულებით;

ბარბარა ჯიმელი – საერთაშორისო პოლიტოლოგიის მაგისტრი. საქმიანობს პედაგოგად და, როგორც ამბობს, 30 წელია ჩართულია ფორმალური და არაფორმალური განათლების სექტორში. პარტიაშიც ამ მიმართულებით იმუშავებს;

ანა გოგოლაძე – საჯარო მმართველობის მაგისტრი. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორია. მისი თქმით, პოლიტიკურ დღის წესრიგში “სტუდენტების პრობლემები და პრიორიტეტები დიდი ხანია აღარ დგას” და ეცდება, ენმ-ის პლატფორმიდან იყოს “მათი ხმა”;

ზვიად ქვლივიძე – ევროპული ბიზნესადმინისტრირებისა და ბიზნესსამართლის მაგისტრი. იყო “ქართული ოცნების” პირობებში შექმნილი სახელმწიფო პროგრამის, “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე, მცირე ხნის მანძილზე კი – დირექტორი. მისი თქმით, სახელმწიფოს პრობლემაა “საბჭოური სისტემა”, რომელიც ამ დრომდე ძლიერია სტრუქტურებში;

ბაჩო დოლიძე – პოლიტიკური მარკეტინგის მენეჯერი. გიგი უგულავას მერობის დროს იყო მერიის პრესსპიკერი, შემდეგ კი ვაკის გამგებლის პოზიციაზე საქმიანობდა. 2014 წლის არჩევნებზე იყო ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენმ-დან. პოლიტიკის შემდეგ ბიზნესშიც საქმიანობდა. მისი თქმით, პრიორიტეტი სახელმწიფო ინსტიტუტებში “პროფესიონალების დაბრუნება” უნდა იყოს;

გიორგი ხვედელიანი – პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის”მიწვეული ლექტორი. როგორც ამბობს, 2012 წელს ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა, რა დროსაც განმსაზღვრელი ფაქტორი იყო ენმ-ის დროს სასამართლოს, პროკურატურის, შსს-ს რეფორმის უგულებელყოფა. ხვედელიანის განცხადებით, ახლა უერთდება ამ პარტიას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მან “ძალიან პრინციპულ მომენტში გადაწყვიტა განახლება”.

“ჩვენ არ გვინდა ძველის ახლით ჩანაცვლება”

ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ახალი კადრების შეყვანაზე მუშაობა დაიწყო პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, 2 იანვრიდან. მელიას მიაჩნია, რომ  “ქართული ოცნების პროპაგანდას” ენმ-მ უნდა დაუპირისპიროს “ათასობით ახალი ადამიანი” თავის რიგებში.

ენმ-ის თავმჯდომარემ “მთავარი არხის” ეთერში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი წევრები უშუალოდ პარტიის მმართველობაში ერთვებიან:

“ეს ადამიანები, აქ ვისაც ხედავთ, მოდიან პარტიის მმართველობაში. ამ ადამიანებმა პარტია, ჩვენს ძველ მეგობრებთან ერთად, უნდა მართონ. მათ პოლიტიკა უნდა აკეთონ. ისინი გადაწყვეტილების მიმღებები არიან”.

ნიკა მელია

მეორე მხრივ, მელია დასძენს, რომ პარტიის ამოცანა არის არა “ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება”, არამედ ის, რომ “გაიზარდოს ჯამი”.

“შესაბამისად, გვინდა, შესაკრებები შევკრიბოთ და არა, უბრალოდ, გადავანაცვლოთ”, – თქვა მან.

მისივე განცხადებით, კადრების მობილიზების ფარგლებში პარტია ორიენტირდება ამომრჩევლის იმ სეგმენტზეც, რომელიც ამჟამად არც “ქართულ ოცნებას” ემხრობა და არც “ნაციონალურ მოძრაობას”, არის “ხელებჩამოშვებული და იმედდაკარგული”.

პარტიაში ახალი სახეების გამოჩენას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და 2020 წლის არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ენმ-დან, მიხეილ სააკაშვილი. მან ნიკა მელიას აღნიშნული პროცესის აღსრულება მიულოცა და ამ ნაბიჯს უწოდა “ყველაზე მასშტაბური შევსება 2003 წლის შემდეგ”.

“პოლიტსაბჭოს გადახედვა ჯერჯერობით არ იგეგმება”

რა ფორმით უნდა შეუერთდნენ ენმ-ის ახალი წევრები პარტიის მმართველ რგოლს, როგორც ეს ნიკა მელიამ თქვა? პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველი რგოლის – პოლიტსაბჭოს “შემადგენლობის გადახედვა ჯერჯერობით არ იგეგმება”. თუმცა,ახალი სახეები “ყოველდღიურ რეჟიმში იქნებიან ჩართულნი პარტიის საქმიანობაში”.

“განახლება, ჩემი აზრით, ყოველთვის მნიშვნელოვანია… [ასევე] მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს თან ახლავს სურვილი, განახლდეს პარტია, ახალი ენერგია მოვიდეს…

პოლიტიკურ ლიდერად უნდა დაიბადო და ბრძოლით უნდა დაამტკიცო ეს. მე დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანი ამას შეძლებს. მე ამის სურვილი მაქვს ნამდვილად და პარტიაში ჩემს მეგობრებსაც.

[ახალი სახეებიდან] ბევრს ვიცნობდი, ნაწილს  არ ვიცნობდი. ვფიქრობ, ძალიან კვალიფიციური და კარგი ხალხია. მაგრამ ბრძოლა, პასუხისმგებლობა და ურთიერთობა მოქალაქეებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ეუბნება დეკანოიძე “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა მათგანი ორიენტირდეს იმ მიმართულებაზე, რომელშიც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს. ხატია დეკანოიძის აზრით, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია და პარტიას “კიდევ ბევრი ადამიანი დაემატება”.

“ყველა იმ განწყობაზე ვართ, რომ გვჭირდება განახლება”

ხატია დეკანოიძეს ასევე ვკითხეთ, რას გააკეთებს პარტია იმისთვის, რომ ენმ რეალურად განახლდეს, ხოლო მისი ამომრჩევლის სეგმენტი  გაფართოვდეს და ახალი სახეების წარდგენა არ დარჩეს ერთჯერად ღონისძიებად, როგორც ეს ხშირად ხდება ქართული ტრადიციული პარტიების შემთხვევაში.

“ასე არ უნდა მოხდეს ნამდვილად. ამიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკურ ლიდერად ასე ვერ დაგნიშნავენ. პოლიტიკური ლიდერის პოზიცია მოდის ბრძოლით, პასუხისმგებლობითა და ადამიანების ნდობით.

მე თითოეულ მათგანში დარწმუნებული ვარ, მაგრამ პარტიის ამომრჩევლის სეგმენტის გაზრდა ნელ-ნელა უნდა ვიხილოთ. ორი დღე გავიდა და ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მე დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გავფართოვდებით”, – პასუხობს ის.

ხომ არ გამოიწვევს “პარტიის მმართველობაში” ახალი სახეების გამოჩენა უკმაყოფილებას ენმ-ის მოქმედ ლიდერებში და დაპირისპირებას ძველ და ახალ სახეებს შორის? ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ შეიძლება იყოს სხვადასხვა განწყობები, თუმცა არ ელის, რომ ეს უარყოფით პროცესებს გამოიწვევს.

“…შეიძლება, სხვადასხვა განწყობებია. ძველიც და ახალიც ხომ ძალიან ისეთი [ცნებებია]. კიდევ ვიმეორებ, აქ ლიდერად ვერავინ დაგნიშნავს. შენ უნდა მოიპოვო ბრძოლით და განწყობები უნდა შეცვალო ადამიანებში…

მე, მაგალითად, არც პოლიტსაბჭოს წევრი ვიყავი 2019 წლამდე და არც პარლამენტის წევრი და არ გამჭირვებია, რომ იმ პარტიაში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალაა, მეპოვა დასაყრდენი.

…ყველა იმ განწყობაზე ვართ, რომ ჩვენ გვჭირდება განახლება და გვჭირდება გაფართოება, უფრო მეტი ამომრჩევლის დარწმუნება და ძალიან სერიოზული ცვლილებები”, – დასძენს ის.

“მელიას სურს, დაადასტუროს, რომ აქვს ლიდერის თვისებები”

პოლიტილოგ გია ნოდიას აზრით, ენმ-ში ახალი წევრების მიღება “რაღაც დინამიკის დემონსტრაციაა”, რომლითაც პარტიას სურს აჩვენოს, რომ არის “მზარდი და მიმზიდველი ადამიანებისთვის, მათ შორის, პერსპექტიული ახალგაზრდებისთვის.

“არჩევნებმა აჩვენა გარკვეულად, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის უფრო ძლიერი, ვიდრე მთელი დანარჩენი ოპოზიცია ერთად აღებული. ეს მისთვის იყო, რა თქმა უნდა, ერთგვარი გამარჯვება.

[ენმ] აჩვენებს, რომ მაშინ, როცა დანარჩენი ოპოზიცია, პრინციპში, საკმაოდ პასიურია, ის ამ ფონზე უფრო მეტ დინამიკას და ცხოველმყოფელობას ასხივებს. ეს მოქმედებს ტრადიციულ მხარდამჭერებზე, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, დაარწმუნებს სხვებს, რომ თუ უნდათ ხელისუფლების შეცვლა, ისევ ენმ-ზე უნდა გააკეთონ ფსონი და არა სხვებზე”, – ეუბნება გია ნოდია “ნეტგაზეთს”.

გია ნოდია

პოლიტილოგი ხაზს უსვამს უშუალოდ ნიკა მელიას, როგორც ლიდერის ფიგურის ფაქტორსაც. ნოდიას შეფასებით, ენმ-ის ახალი თავმჯდომარის გზა განსხვავდება გრიგოლ ვაშაძისგან, რომელიც პარტიის თავმჯდომარედ 2019-2020 წლებში საქმიანობდა:

“[ვაშაძე] იყო წმინდად მიხეილ სააკაშვილის კრეატურა, ანუ მას არ ჰქონდა რამე დასაყრდენი პარტიაში მანამ, სანამ არ გახდებოდა ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატი, მერე – თავმჯდომარე. მისი კანდიდატურა აშკარად სააკაშვილისგან მოდიოდა.

მელია თანდათანობით უფრო გაიზარდა, ამოიზარდა, როგორც პოპულარული ლიდერი. მას აქვს რაღაც პოპულარობა ოპოზიციურ წრეებში, არამხოლოდ თავის პარტიაში. [ასე] მას სურს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ნამდვილად აქვს ლიდერის თვისებები”.

ნოდიას შეფასებით, ახალი სახეების გამოჩენა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მელიამ “სხვა მიმართულებებითაც უნდა აჩვენოს დინამიკა, რაც შეიძლება უფრო რთული იყოს”. კითხვას, კონკრეტულად რომელ მიმართულებებს გულისხმობს, გია ნოდია ასე პასუხობს:

“არ ვიცი… რაღაც ნაბიჯები, ღონისძიებები, ქუჩის თუ [სხვა] ინიციატივები… საკმაოდ რთულია, როცა პარლამენტში ყოფნაზე უარი აქვს ნათქვამი პარტიას.

ყოველ შემთხვევაში, თვითონ ის სულ ამბობს, რომ მოძრაობაში უნდა ვიყოთ და ა.შ. რა თქმა უნდა, რთული იქნება დაკონკრეტება იმისა, რას გულისხმობს მოძრაობა, როცა პარლამენტში არ ხარ”.

ენმ არჩევნების შემდეგ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ბლოკში “ძალა ერთობაშია” შემავალ პარტიებთან ერთად, 27.18% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა “ქართული ოცნების” შემდეგ.

ენმ-მ, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, იმთავითვე უნდობლობა გამოუცხადა აღნიშნულ შედეგებს და პროტესტის ნიშნად უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე. პარტია აქტიურად მონაწილეობდა ქუჩის პროტესტში, რითაც ოპოზიცია ხელახალ არჩევნებსა და “ცესკოს” შემადგენლობის ცვლილებას ითხოვდა.

პარტია ჩართული იყო ელჩების მედიაციით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის გამართულ მოლაპარაკებებშიც. სწორედ ამ პერიოდში, გასული წლის დეკემბერში, პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც გადაწყვეტილება ენმ-ში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენით, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმითა” და სხვა უთანხმოებებით ახსნა.

ვაშაძის ამ გადაწყვეტილებიდან 2 კვირის შემდეგ, პარტიის ახალ თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი