ახალი ამბები

EMC: “გლოვოს” კურიერებს სოლიდარობას ვუცხადებთ და შრომის ინსპექციას კომპანიის შემოწმებისკენ მოვუწოდებთ

30 იანვარი, 2021 • 1196
EMC: “გლოვოს” კურიერებს სოლიდარობას ვუცხადებთ და შრომის ინსპექციას კომპანიის შემოწმებისკენ მოვუწოდებთ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი “გლოვოს” კურიერებს სოლიდარობას უცხადებს და შრომის ინსპექციას მოუწოდებს დაუყოვნებილვ დაიწყოს ინსპექტირება კომპანიის კურიერების შრომითი უფლებების დაცვის მიზნით. ამის შესახებ განცხადებას თავად არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.

განცხადებაში EMC წერს, რომ მიტანის სერვისში დასაქმებული ადამიანები კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ.

“კომპანია მათ საჯარო განცხადებებში „სუპერგმირებად“ მოიხსენიებს, თუმცა, საკვანძოდ მნიშვნელოვანი შრომის სათანადო ანაზღაურების და დაფასების ნაცვლად, პანდემიის დროს აუარესებს შრომის პირობებს და ზრდის მათი ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს. მნიშვნელოვანია, კომპანიამ დროულად შეასრულოს კურიერების სამართლიანი მოთხოვნები, აღმოფხვრას კომპანიაში არსებული უკანონო პრაქტიკები და დაუყონებლივ უზრუნველყოს დასაქმებულების სამუშაო პირობების გაუმჯობესება”, – წერია განცხადებაში.

EMC-ის ცნობით, ორგანიზაცია მზადაა შრომითი უფლებების დაცვის პროცესში “გლოვოს” კურიერებს დახმარება აღმოუჩინოს.

“მოვუწოდებთ შრომის ინსპექციის სამსახურს საკუთარი ინიციატივით დაუყოვნებლივ განახორციელოს კომპანია „გლოვო“-ში არსებული სამუშაო პირობების ინსპექტირება, შეისწავლოს კომპანიაში შრომის უფლებების დარღვევების შესაძლო ფაქტები და მიიღოს სათანადო ზომები შრომის კანონმდებლობასთან შეუთავსებელი პრაქტიკების აღმოსაფხვრელად”, – აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

კომპანია “გლოვოს” კურიერები გუშინ, 29 იანვარს გაიფიცნენ, თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მოაყწვეს, მოგვიანებით კი სხვადასხვა ობიექტისკენ მსვლელობით დაიძრნენ. მათ კომპანიის წინაშე სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  • შემცირდეს რესტორნებთან/ობიექტებზე შეკვეთის ლოდინის დრო;
  • გაიზარდოს ანაზღაურების ტარიფი;
  • შეიცვალოს ბონუსების სისტემა.

აქციის პარალელურად „გლოვოს“ ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე რამდენიმე კურიერი შევიდა. მათ ასეთი შეტყობინება გამოიტანეს: ადმინისტრაცია 10 თებერვლამდე ითხოვს დროს, რომ მაღალი რგოლის მენეჯმენტთან, საზღვარგარეთ, მოილაპარაკონ და გაარკვიონ, რისი შეცვლა შეუძლიათ. ამას აქციის მოანწილეების უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც მათთან სასაუბროდ „გლოვოს“ ოპერაციების მენეჯერი გამოვიდა და განაცხადა, რომ 10 თებერვალს ჩანიშნეს შეხვედრა კურიერებთან “ვისაც ექნება რაიმე სახის პრობლემა”.

„სამოქმედო გეგმას კონკრეტულ თარიღებში გავწერთ, რა უნდა გაკეთდეს და როდის გაკეთდება. ძალიან მალე, დაჩქარებული წესით. ყველა პრობლემის მოგვარების გზებს გავწერთ“, – განაცხადა მან.

წაიკითხეთ ვრცლად:

რა პირობებით მუშაობენ და რას ითხოვენ გლოვოს კურიერები

მასალების გადაბეჭდვის წესი