ახალი ამბები

ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება – თალაკვაძე

29 იანვარი, 2021 • 636
ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათთან შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რაც საარჩევნო კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანას გულისხმობს. თალაკვაძე მოუწოდებს საპარლამენტო მანდატის მქონე ოპოზიციურ პარტიებსაც, დაიწყონ მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასთან” და ხელი მიაწერონ შეთანხმებას. საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო პროცედურები და ბარიერი არის ის საკითხები, რასაც თალაკვაძის თქმით, “მოქალაქეებთან” გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს.

“[პარტია “მოქალაქეებთან”] მოლაპარაკება დღეს პოზიტიური შედეგით დასრულდა. შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა და პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ეუთო-ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გაფორმდა იმ დოკუმენტში. ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს, ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს პარტია “მოქალაქეებმა” და ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის, მათი წარმომადგენლებისთვისაც, ანუ მათთვის, ვინც ბარიერი გადალახეს და მანდატი მიიღეს საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, პოლიტიკურ დიალოგსა და მოლაპარაკებებს განვაგრძობთ პოლიტიკურ პარტიებთან და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება”,-აცხადებს თალაკვაძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ “მოქალაქეების” წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან. როგორც  ელისაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა “ქართულ ოცნებასთან” საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და შეთანხმების გაფორმების შემდეგ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან:

“ჩვენ, პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლები, მე და ლევან იოსელიანი შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ “ქართული ოცნების” ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან, რაც გულისხმობს, შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებაზე”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი