ახალი ამბები

“Subway-ის თინუსის სენდვიჩი თინუსს არ შეიცავს”: სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ

29 იანვარი, 2021 • 2181
“Subway-ის თინუსის სენდვიჩი თინუსს არ შეიცავს”: სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ

თინუსის სენდვიჩი, რომელსაც რესტორნების ქსელი “საბვეი” აწარმოებს, სინამდვილეში, სულაც არ შეიცავს თინუსს: აღნიშნულს ამტკიცებს აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მცხოვრები ორი მოქალაქე, რომლებმაც  კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს.

სარჩელის თანახმად, ის, რასაც “საბვეი” თინუსს ეძახის, სინამდვილეში “ნაზავია სხვადასხვა ნაყენისა”, რომელთაც კომპანია ერთმანეთში ურევს თევზის ამ სახეობის იმიტაციისთვის.

ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, სასამართლოს გასულ კვირას მიმართა კალიფორნიის ორმა მცხოვრებმა, კარენ დნანოვამ და ნალიმა ამინმა. ისინი ჩივიან, რომ მოტყუებულნი დარჩნენ, რადგან პროდუქტი არ შეიცავდა რესტორნის მიერ შეთავაზებულ ინგრედიენტებს და, შესაბამისად, არც სარგებელს, რომლითაც თინუსი საყოველთაოდაა ცნობილი.

მოსარჩელეთა ადვოკატის თქმით, ამჟამად დაცვის მხარე ცდილობს, დაადგინოს, კონკრეტულად რომელ ინგრედიენტებს იყენებს “საბვეი” თინუსის სენდვიჩის სახელით ცნობილი პროდუქტის მისაღებად. მისი განცხადებით, უკვე ტარდება შესაბამისი კვლევები, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ის დადგინდა, რას არ შეიცავს სენდვიჩი.

CBS-ის თანახმად, კომპანიას პრეტენზიებისთვის არ უპასუხია.

“საბვეისთვის” აქამდეც უჩივლიათ: მაგალითად, ირლანდიის უზენაესმა სასამართლომ გასული წლის სექტემბერში დაადგინა, რომ არ შეიძლება, “საბვეის” პური ოფიციალურად პურად იწოდებოდეს, შაქრის მაღალი შემცველობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი