ახალი ამბები

ავსტრიიდან დეპორტირებული ქართველი გოგოს დაბრუნების პეტიციას 30 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

29 იანვარი, 2021 • 1253
ავსტრიიდან დეპორტირებული ქართველი გოგოს დაბრუნების პეტიციას 30 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

ავსტრიიდან დეპორტირებული ქართველი სკოლის მოსწავლისა და მისი ოჯახის ქვეყანაში დაბრუნების პეტიციას, ამ დროისთვის, 33 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

პეტიციის ტექსტის ავტორები ქართველი გოგონას მეგობრები არიან. პეტიციის შედეგი ავსტრიის მთავრობას არ ავალდებულებს, გადაწყვეტილება შეცვალოს, ის უფრო სიმბოლური ხასიათისაა.

“თინა არის დიდებული მეგობარი, კარგი და ბეჯითი მოსწავლე, რომელმაც შესანიშნავად იცის გერმანული და კარგადაა ინტეგრირებული ავსტრიულ საზოგადოებაში. არ შემიძლია გავიგო, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ავსტრიაში, დადის სკოლაში, ჰყავს მეგობრები, შეიძლება მისი დეპორტაცია მოხდეს სასწავლო წლის შუა პერიოდში, თან პანდემიის დროს”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ავსტრიიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, გუშინ, გამთენიისას, ავსტრიის დროით დილის სამ საათზე ჩამოფრინდნენ ქვეყანაში. ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდნენ.

ვიცე-კანცლერის, ვერნერ კოგლერის განცხადებით, საზოგადოებაში კარგად ინტეგრირებული სკოლის მოსწავლეების ქვეყნიდან გაძევება პანდემიის დროს “არაადამიანური და უპასუხისმგებლო საქციელია”. მომხდარი დაგმეს ვენის მერმა, სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და ლიბერალებმაც. მიუხედავად ამისა, ავსტრიის მმართველი კოალიციის ძირითადად სახალხო პარტიაში მიაჩნიათ, რომ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პროცედურა კანონის დაცვით განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი