ახალი ამბები

გომელაურის თქმით, ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია

28 იანვარი, 2021 •
გომელაურის თქმით, ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია

საქართვლეოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ბადრი ესებუას, რომელსაც ბრალი ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ედება, ქვეყანა არ დაუტოვებია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს:

“რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყანაში არის. ქვეყანა ნამდვილად არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და ვერ ვისაუბრებ, ვმუშაობთ მაქსიმალურად. ყველაზე მეტად ჩვენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ. ყველაფერს ვაკეთებთ”, – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი.

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის, ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო. არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. 26 ოქტომებრს კი იდენტიფიცირებული პირის ვინაობა დაასახელა. სამინისტროს ინფორმაციით, ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი