ახალი ამბები

“ვაღიარებ შეცდომებს” – საპატრიარქო დეკანოზ სარალიძის შენდობის თხოვნას ავრცელებს

27 იანვარი, 2021 • 1229
“ვაღიარებ შეცდომებს” – საპატრიარქო დეკანოზ სარალიძის შენდობის თხოვნას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის თხოვნის წერილის შინაარსს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, წერილი მათმიაწოდა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიამ.

“მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება. ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან”, – ნათქვამია წერილში.


დეკანოზი თადეოზ სარალიძე მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს. 24 იანვრით დათარიღებული ქსენოფობიური, ბავშებისადმი სიძულვილის გზავნილებისა და კოვიდზე მითების შემცველი   ქადაგების ვიდეო მან “ფეისბუქზე” აიტვირთა. მოგვიანებით ეკლესიის გვერდმაც გააზიარა.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის შეფასებით, დეკანოზის ქადაგება სახარებისეული სწავლებისათვის სრულიად შეუფერებელია და ეპარქია მას შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

ქსენოფობია, სიძულვილის გზავნილები ბავშვებისადმი და მითები კოვიდზე – დეკანოზ სარალიძის ქადაგება

მასალების გადაბეჭდვის წესი