ახალი ამბები

რა პირობებით იხსნება თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები

27 იანვარი, 2021 •
რა პირობებით იხსნება თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები ამჯერად სავაჭრო მოლებისა და ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთავრობა სავაჭრო მოლებისთვის შაბათ-კვირას მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვის გადახედვას არ აპირებს. ასევე არ იგეგმება კომენდანტის საათის 22:00 საათამდე გადაწევაც, რასაც მოლების წარმომადგენლები ითხოვდნენ. დეკემბერისგან განსხვავებით, თებერვლიდან მომხმარებლებს სავაჭრო ცენტრებში ნაყიდი ნივთების გადაცვლა და გასახდელებით სარგებლობის საშუალება ექნებათ.

„დღეს შეხვედრა შედგა ძირითადი სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მენეჯმენტთან. ეს არის ის ბიზნესი, რომელიც პირველი თებერვლიდან უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო, თუ როგორ იფუნქციონირებს ეს ქსელები ისე, რომ არ დავუშვათ ინფექციის სწრაფი გავრცელება. შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება. მაგალითად, საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების შემსუბუქება, ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე დაშვებულ ადამიანებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საათების გადახედვას, შაბათ-კვირის შეზღუდვას, ჩვენ ავხსენით იმ გადაწყვეტილებების ლოგიკაც, რასაც ეს შეზღუდვები ეფუძნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც არსებობს სრული აღქმა, რომ ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით, ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ”,-აცხადებს ცქიტიშვილი.

ნეტგაზეთი თბილისი ცენტრალის დირექტორს ესაუბრა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. ლევან ყარალაშვილი ამბობს რომ შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის შაბათ-კვირას მუშაობა, კვადრატულ მეტზე ერთი მომხმარებლის დაშვება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და სავაჭრო ცენტრებისთვის ე.წ. ანტიკრიზისული პაკეტის დამტკიცება. ყარალაშვილის თქმითვე, სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქონების გადასახადზე შეღავათის დაწესება, რაზეც ამ ეტაპზე უარი მიიღეს:

“როგორც ფინანსთა მინისტრმა თქვა, მათი მხრიდან მზაობა ამ ტიპის შეღავათის გაწევის არ არის. რაზეც ვფიქრობთ, რომ არასამართლიანია, მაშინ როცა სავაჭრო ცენტრები ხუთი თვის განმავლობაში დაკეტილი იყო. ამიტომ ამ მიმართულებით ინტენსიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ, რათა როგორც ერთ-ერთმა ყველაზე დაზარალებულმა სექტორმა, თუნდაც მცირე შეღავათი მივიღოთ”,-აცხადებს “თბილისი ცენტრალის” დირექტორი.

სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ შაბათ-კვირას მუშაობის უფლება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაყიდვების დაახლოებით 40% ამ პერიოდზე მოდის. მისივე თქმით, შეხვედრაზე მიიღეს დაპირება, რომ შაბათ-კვირას მუშაობის საკითხს მთავრობა თებერვლის შუა რიცხვებში ისევ განიხილავს.

“10 კვადრატულ  მეტრზე იქნება ერთი მომხმარებელი, ეს ნიშნავს, რომ მაღაზიებთან იმხელა რიგები აღარ იქნება, რაც ადრე იყო. ასევე მომხმარებლებს ექნებათ საშუალება გადაცვალონ შეძენილი პროდუქცია და გასახდელით ისარგებლონ, რაც ასევე დიდი დისკომფორტი იყო. რაც შეეხება შაბათ-კვირის მუშაობას, შევთანხმდით, რომ ამ თემას ხელახლა განვიხილავთ ორი კვირის ვადაში და არა მარტში. ავხსენით, რომ დეკემბერში ერთი კვირით მუშაობის პერიოდში მილიონზე მეტი მომხმარებელი გავატარეთ მხოლოდ 6 სავაჭრო ცენტრში და ეპიდაფეთქება არ მომხდარა. შესაბამისად, პროცესების მართვა შესაძლებელია.”

მთავრობა ასევე ითხოვს სავაჭრო მოლების თანამშრომელთა 20% ტესტირების მეშვეობით შემოწმდეს კორონავირუსზე. თებერვალში ტესტირების საფასური  ბიუჯეტიდან დაიფარება, ბიზნესს კი ამ ხარჯის გაწევა მარტიდან მოუწევს.

ლევან ყარალაშვილი ამბობს, რომ სავაჭრო მოლები პირველი თებერვლიდან მუშაობის დაწყებისთვის მზად არიან და სავარაუდოდ, 09:00 საათიდან 19:00 საათმდე იმუშავებენ, თუმცა ბიზნესს სამუშაო დროის კიდევ ერთი საათით გახანგრძლივება სურს:

“ამ მოცემულობით და იმ პირობით, რომ შემდეგი ორი კვირის ვადაში შაბათ-კვირის საკითხი გადაიხედება,  მზად ვართ გავიხსნათ და მომხმარებლები მივიღოთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი