ახალი ამბები

“ოცნება” უფრაქციო ოპოზიციონერების უფლებამოსილებას კიდევ უფრო აფართოებს

27 იანვარი, 2021 • 971
“ოცნება” უფრაქციო ოპოზიციონერების უფლებამოსილებას კიდევ უფრო აფართოებს

საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც უფრაქციო ოპოზიციონერებს ვიცე-სპიკერის ყოლის საშუალებას აძლევს.

მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა ოპოზიციაში შემავალი 2 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუმცა ამ დროისთვის პარლამენტში შესული 4 ოპოზიციონერი ფრაქციას ვერ აყალიბებს. შესაბამისად, რეგლამენტში ინიცირებულია დროებითი, მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის გათვალისწინებული ცვლილებები, რომელიც ვიცე-სპიკერის წარდგენის საშუალებას აძლევს უფრაქციო დეპუტატებსაც.

გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნება უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს. რეგლამენტში ცვლილებებით ასევე ზუსტდება უფრაქციო დეპუტატებისთვის პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული საკითხები.

ამასთან, კანონპროექტი მიღებული იქნა დათქმით, რომელიც პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის იმაზე მეტი უფლებამოსილების მიცემას ითვალისწინებს, რაც თავდაპირველად ინიცირებული პროექტით იყო გათვალისწინებული.

“თუ დამეთანხმებით, პროექტი ამ დათქმით მივიღოთ — თუკი დეპუტატთა ჯგუფს ფრაქციის შექმნის საშუალება არა აქვს, მას ისეთ უფლებამოსილებას ვერ მივანიჭებთ, რაც ფრაქციისთვის კონსტიტუციაში არის გაწერილი, თუმცა ჩვენ უფლებამოსილებების კიდევ უფრო გაფართოება შეგვიძლია. გავაკეთოთ იმდაგვარი ჩანაწერი, რომელიც ამ ჯგუფს საშუალებას მისცემს, სამუშაოს ორგანიზებისათვის ხელმძღვანელი ჰყავდეს. ასევე, კომიტეტებში, კომისიებში, საპარლამენტო დელეგაციებში მივცეთ წარმომადგენლობის კვოტები, ჰყავდეთ საკუთარი აპარატი და ა.შ. პირველი მოსმენით პროექტი ამ დათქმით მივიღოთ და მეორე მოსმენამდე დავაზუსტოთ”, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, “პატრიოტთა ალიანსს” გამოეყო 4 დეპუტატი, რომლებიც საკანონმებლო ორგანოში შევიდნენ და პარტია “ევროპელი სოციალისტები” შექმნეს. თუმცა საკანონმდებლო ორგანოში მათი რაოდენობა საკმარისი არ არის ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად და, შესაბამისად, ისინი ჯერჯერობით ვერ მიიღებენ იმ სარგებელს, რასაც ფრაქციის შექმნის შემთხვევაში მიიღებდნენ.

ამ თემაზე:

უფრაქციო ოპოზიციონერებს პარლამენტში ვიცესპიკერის კანდიდატურის წარდგენა შეეძლებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი