ახალი ამბები

“შეიძლება თავისუფალ კენჭისყრაზეც გავუშვათ” — “ოცნება” ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე

26 იანვარი, 2021 • 647
“შეიძლება თავისუფალ კენჭისყრაზეც გავუშვათ” — “ოცნება” ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ოპოზიციის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყეტასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია.

მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ მანდატების გაუქმების საკითხი თავისუფალი კენჭისყრით გადაყწდეს და ყველა დეპუტატმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღოს.

“თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯერ კომიტეტი და შემდგომ პარლამენტი, ამას დრო გვაჩვენებს. არის განსხვავებული მოსაზრება, არიან უმრავლესობის შიგნით პარლამენტის წევრები, რომლებიც თვლიან, რომ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება, არის განსხვავებული მოსაზრებებიც, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყოველი პარლამენტის წევრი ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას”, — ამბობს უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყეტასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და მანამ, სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ძნელი სათქმელია, პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

“[ოპოზიციას] ეს რესურსი უნდა გამოიყენოს არა სამართლიანობისთვის, არამედ რაღაც დესტრუქციული პროცესების განვითარების მიმართულებით და ასევე საკუთარი თავის უფლებააყრილად წარმოჩენის მიზნით. მთლიანობაში, საქართველოს ინტერესების დაზიანების მიზნით.  ეს კითხვები არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. წინასწარ ვერ გეტყვით, პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს”, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყეტასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

“ზუსტად ამიტომ ვიკავებ მე თავს ჩემი პოზიციის გაცხადებისგან, შეიძლება თავისუფალ კენჭისყრაზეც გავუშვათ ეს საკითხი, შეიძლება უმრავლესობაში ერთიან პოზიციაზეც მივიდეთ. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდება”, — განაცხადა სამხარაძემ.

ოპოზიციის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყეტას საკანონმდებლო ორგანოში კენჭს 2 თებერვალს უყრიან. იმ შემთხვევაში, თუ საკითხი თავისუფალ კენჭისყრაზე გავა, არ არის გამორიცხული, რომ საკითხი ჩავარდეს და დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუჩერდეთ.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ. პარტიები ახლა პროპორციულ არჩევნებს, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას და “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათმა ნაწილმა მანდატების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს უკვე მიმართა. გამონაკლისს წარმოადგენენ “ევრoპელი სოციალისტები”, რომლებიც არჩევნებზე “პატრიოტთა” ალიანსის სიით იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა მას შემდეგ, რაც პარტიამ გადაწყვიტა ბოიკოტს შეერთებოდა, გამოეყვნენ და საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებლად შევიდნენ.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში იმ შემთხვევაში შევა, თუ მისთვის პრინციპულ საკითხებზე ხელისუფლებასთან შეთანხმება მოხდება. ასეთ საკითხებს შორის ელისაშვილის თქმით არის ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი