ახალი ამბები

სწორი იქნებოდა ყველას ერთად ყოფნა – მეგრელიშვილი ოპოზიციის წერილზე

26 იანვარი, 2021 • 793
სწორი იქნებოდა ყველას ერთად ყოფნა – მეგრელიშვილი ოპოზიციის წერილზე

“ყველამ ხომ იცის, რომ ჩვენ მართლა გვინდა ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება და თუ ჩვენს კოლეგებსაც იგივე მიზანი ამოძრავებთ, მე მგონია, რომ სწორი იქნებოდა ყველას ერთად ყოფნა”, – განაცხადა პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა. მეგრელიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში ოპოზიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.

ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს, 26 იანვარს გაავრცელეს განცხადება და “ქართულ ოცნებას” მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდეს. განცხადებას ხელს აწერს 10 ოპოზიციური პარტია, თუმცა ხელმომწერ პარტიებს შორის არ არის “გირჩის” განაყოფი, რომლის ლიდერებიც იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი არიან.

“განცხადებაში თითქმის ყველაა, უბრალოდ ჩვენ [გირჩი] არ ვართ. ამაზე პასუხი გუშინ აღმოვაჩინე ბატონი მამუკა ხაზარაძის განცხადებაში, სადაც ის ამბობს, რომ შეიკრიბნენ ის პარტიები, რომლებსაც პარლამენტის დატოვების შესახებ აქვს დაწერილი განცხადება. მართალი გითხრათ, მე არ მესმის, რა შუაში იყო ამ ფორმატში შეხვედრა, იმიტომ, რომ არ მესმის, რაც განცხადებაში წერია, რომ სასწრაფოდ გვინდა მეხუთე რაუნდის ჩატარებაო და მოვილაპარაკოთო. იდეაში, ჩვენ ამას ვითხოვდით, სხვას არაფერს. მაინტერესებს, რამე ახალი წინადადება ხომ არ აქვს ოპოზიციას მომზადებული მეხუთე რაუნდისთვის, რომელიც ჩვენ გარეშე მომზადდა”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკურ საკითხებს “ადამიანური, ჩვეულებრივი ემოციით” არ უყურებს და არ სწყინს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა “გირჩის” გარეშე გადაწყვიტეს წერილის დაწერა, თუმცა მისთვის ამის მიზეზი გაუგებარია.

“ყველამ ხომ იცის, რომ ჩვენ მართლა გვინდა ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება და თუ ჩვენს კოლეგებსაც იგივე მიზანი ამოძრავებთ, მე მგონია, რომ სწორი იქნებოდა ყველას ერთად ყოფნა. მით უმეტეს, პარლამენტში შესვლა-არშესვლის თემაზე მათ ჩვენი პოზიცია იციან.

ჩვენ ავტომატურად მოვექეცით უცნაურ სიტუაციაში. მანამდე ყველასთან გვქონდა ნორმალური, კოლეგიალური ურთიერთობა. ანუ მარტივად რომ ვთქვა, ვლაპარაკობდით. დაახლოებით წინა კვირას, როდესაც ჩვენ ამ კონკრეტულ საკითხზე დავიწყეთ მსჯელობა, ჯერ ბატონი ვაშაძე არ დაგველაპრაკა, მერე “ევროპულმა საქართველომ” განგრენა გვიწოდა და მერე გაუგებრობა მოგვივიდა ნიკა მელიასთან. ეს ყველა საკითხი ერთი და იგივე თემას უკავშირდება და თუ ამ თემის გადაწყვეტა იპოვეს, კარგია, მაგრამ თუ ვერ იპოვეს, მაშინ ჩვენ ისევ მარტო დავრჩებით, ოღონდ ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ იქნება”, – განმარტა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის განცხადებით, მას აინტერესებს, თუ “რა გზა აქვს” ოპოზიციას “ქართულ ოცნებასთან” მეხუთე რაუნდის წარმატებით დასასრულებლად და რით განსხვავდება ეს გზა მეოთხე რაუნდზე წარმოდგენილი ოპოზიციის პოზიციებისგან. მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციის წერილში აღნიშნულ დეტალებზე საუბარი არ არის.

“მე ფიზიკურად არ ვიცოდი ამ [გუშინ “ლელოს” ოფისში გამართული] შეხვედრის შესახებ, არავის არ უთქვამს. რომც მინდოდეს, ვირტუალურად შევუერთდე? უბრალოდ აქ [წერილში] არ წერია კონტენტი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ანუ რა არის ის სიახლე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან შეიძლება საინტერესო იყოს. მეხუთე რაუნდზე რა გვაძლევს იმის საშუალეაბს, რომ ვიფიქროთ, ეს რაუნდი უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე წინა ოთხი”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ოპოზიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ხალხის ნებას არ გამოხატავს და, შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ “ოცნების” მიერ წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს. წერილში ოპოზიციური პარტიები კვლავ ითხოვენ ახალ არჩევნებს, ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას და საარჩევნო წესებს, საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

წერილს ხელს აწერენ ლელო, გირჩი – მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე), ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტული პარტია, ბლოკი ძალა ერთობაშია, პროგრესი და თავისუფლება, ნაციონალური მოძრაობა, სახელმწიფო ხალხისთვის და რესპუბლიკური პარტია.

ოპოზიციური პარტიები “ოცნებას” მიმართავენ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი