ახალი ამბები

“არ ვნანობ რევოლუციას” — ეგვიპტელი ჟურნალისტის ისტორია 10 წლის შემდეგ

28 იანვარი, 2021 •
“არ ვნანობ რევოლუციას” — ეგვიპტელი ჟურნალისტის ისტორია 10 წლის შემდეგ

მიმდინარე კვირას 10 წელი შესრულდა ეგვიპტის 25 იანვრის რევოლუციიდან, რომელსაც საქართველოშიც დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს. მაშინ, მასშტაბური პროტესტის შემდეგ, მილიონობით ეგვიპტელმა 18 დღეში დაასრულა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის 29-წლიანი მმართველობა. 

დღეს მრავალი ეგვიპტელი, რომელიც ნოსტალგიით იხსენებს რევოლუციის დღეებს, მიიჩნევს, რომ ხალხის ოცნებების დიდი ნაწილი ქუჩებსა და მოედნებზე დარჩა. მუბარაქის შემდეგ ძალაუფლებაში ისლამისტები მოვიდნენ, თუმცა მასშტაბური პროტესტის შემდეგ ისინი სამხედროებმა გადააყენეს და მაშინდელი თავდაცვის მინისტრი – აბდულ ფათაჰ ალ-სისი დღემდე ეგვიპტის პრეზიდენტია.

კაიროს ცენტრალური მოედანი ახლა და 10 წლის წინ

კაიროს ცენტრალური მოედანი ახლა და 10 წლის წინ

აჰმად ჰამადი, რომელმაც “ნეტგაზეთს” თავისი მოგონებები და ხედვები გაუზიარა, პირველიდან ბოლო დღემდე მონაწილეობდა 10 წლის წინანდელ და შემდგომ მოვლენებში. ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფია – პროტესტის პარალელურად, კადრზე დეტალურად აღბეჭდავდა ყველაფერს, რაც დღეს უკვე ისტორიაა.

აჰმადის ნაამბობი რამდენიმე მიმართულებით არის საინტერესო: პირველ რიგში, ის გვთავაზობს პროცესის ქრონოლოგიას შიგნიდან და გვიყვება არაერთი დეტალის შესახებ, რომელიც ნაკლებად ჩანს მედიაარქივებში. მეორე მხრივ კი, აყენებს მომხდარის კრიტიკული ანალიზის აუცილებლობას, რისთვისაც ხშირად, ემოციების ფონზე, ადგილი აღარ რჩება. 

რევოლუციამდე

ჰოსნი მუბარაქი იკავებდა ჰორიზონტს: ის იყო ყველგან. მისი წასვლა რთულად წარმოგვედგინა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვსურდა რევოლუცია, თუმცა დარწმუნებული არ ვყოფილვართ, მოხდებოდა ეს 25 იანვარს თუ არა… იქნებოდა თუ არა პროტესტი საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ მუბარაქი ჩამოშორებოდა [ხელისუფლებას].

რა თქმა უნდა, [საპროტესტო] მოძრაობა ეგვიპტეში იქამდეც არსებობდა, ჯერ კიდევ 2005 წლიდან. ეს მოძრაობა დაკავშირებული იყო პალესტინურ წინააღმდეგობასთან, დიდი აქციები იყო კაიროში ერაყზე შეტევის წინააღმდეგ, მსოფლიოს სხვა ქალაქების მსგავსად.

ამასთან, იყო პროტესტი უშუალოდ ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. იყო მშრომელთა გამოსვლები, ასევე, მოძრაობა “საკმარისია”. არსებობდა ეგვიპტური პოლიტიკური მოძრაობა, რომელშიც სხვადასხვა ჯგუფები მონაწილეობდნენ:

მემარცხენეები, მშრომელები, სხვა მოქალაქეები, სხადასხვა მოთხოვნებით… პირადად მე არასდროს შევერთებივარ კონკრეტულ ორგანიზაციას, თუმცა არ ვეთანხმებოდი პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობდა ეგვიპტეში, ისევე, როგორც ეგვიპტელი ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი.

პოსტი ეგვიპტელი აქტივისტების გვერდის არქივიდან: "დღეს 15-ია. 25 იანვარი პოლიციის დღეა, ოფიციალური დასვენება. 100 000 რომ გამოვიდეთ კაიროში, ვერავინ დადგება ჩვენს წინააღმდეგ. ნეტავ შეგვიძლია?"

პოსტი ეგვიპტელი აქტივისტების FB გვერდიდან (2011): “დღეს 15-ია. 25 იანვარი პოლიციის დღეა, ოფიციალური დასვენება. 100 000 რომ გამოვიდეთ კაიროში, ვერავინ დადგება ჩვენს წინააღმდეგ. ნეტავ შეგვიძლია?”

25 იანვრამდე ეგვიპტის ოპოზიცია მხოლოდ პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესებას ითხოვდა… მუბარაქს რომ მაშინ ოპოზიციის მოთხოვნებისთვის მოესმინა, დღეს ეგვიპტეში გაცილებით კარგი სიტუაცია იქნებოდა. მაგრამ ეს კაცი არ უსმენდა ოპოზიციას, არ უსმენდა ხალხის ხმას. ბოლოს, მოხდა 25 იანვარი, რომელიც გახდა მუბარაქის გადადგომის წინაპირობა.

25 იანვარი – პროტესტი, რომელიც გასცდა ელიტებს

25 იანვრამდე აქციებს ორგანიზაციას უწევდნენ მწერლები, ინტელექტუალები… ელიტები. ყოველ აქციაზე ვხედავდი ამ ადამიანებს, სახეებზე ვცნობდი. დემონსტრანტთა რაოდენობაც შეზღუდული იყო ხოლმე – რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე, მაშინ, როცა პოლიციის რაოდენობა 4, 5, 10 ათასს აღწევდა. შესაბამისად, ეს აქციები 1-2 საათში იშლებოდა.

თუმცა 25 იანვარს ოპოზიციურმა და კრიტიკულმა ხმამ შეძლო და მიიღო ისეთი ფორმა, რომელმაც მიაღწია რიგითი მოსახლეობის გულებამდე და საპროტესტოდ გამოვიდნენ ადამიანები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფიდან.

ადამიანები სკანდირებდნენ “ძირს ჰოსნი მუბარაქი!” იქამდე ჩვენ არ ვყოფილვართ დარწმუნებული, რომ მუბარაქის[გადაყენება] შესაძლებელი იყო. ვიმედოვნებდით, რომ მივიღებდით ცვლილებებს მმართველობის პრინციპებში, რომ მუბარაქი გადააყენებდა შინაგან საქმეთა მინისტრს… მაგრამ 25-ში გავაცნობიერეთ, რომ შეიძლებოდა თავად მუბარაქის გამოწვევაც.

25 იანვრის დემონსტრაციის პირველი საათები. ფოტო: აჰმად ჰამადი

25 იანვრის დემონსტრაციის პირველი საათები. ფოტო: აჰმად ჰამადი

რატომ? – იმიტომ, რომ [ხალხის] რაოდენობა მზარდი იყო. მათი შესაძლებლობები გაცილებით დიდი იყო პოლიციაზე, რომელსაც იქამდე საშიშად მივიჩნევდით. დავინახეთ, რომ ხალხი იყო იმაზე მეტი, იმაზე ძლიერი, ვიდრე მთელი უსაფრთხოების სისტემა ერთად. როდესაც გამთენიისას სახლში დავბრუნდი, უკვე ვთქვი, რომ მუბარაქი 80%-ით დამთავრებული იყო.

აქციაზე ვნახე ადამიანები, რომლებიც იქამდე საპროტესტოდ არ გამოდიოდნენ; ცვლილებების მოსურნე რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც მანამდე სხვა აქციებზე  არ შემხვედრიან.

იმ დღეს ქუჩაში არ იდგა ერთი ელიტა. სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვებმა გააცნობიერეს, რომ აპროტესტებდნენ ათასობით ადამიანთან ერთად, რომლებიც იქამდე არასოდეს უნახავთ.

როგორ ვმუშაობდი და ვაპროტესტებდი რევოლუციის პირველ დღეს

25 იანვარს გადაღება კაიროში, ეგვიპტის უზენაესი სასამართლოს შენობიდან დავიწყე. დემონსტრანტები შენობის კიბეზე იდგნენ. პირველი ვიდეო გარედან გადავიღე – ცენტრალური უსაფრთხოების ძალების კორდონის მიღმა ვიდექი.

შემდგომ ვთხოვე, თქვენი ნებართვით, შევალ-მეთქი ხალხში… მიპასუხეს, ოფიცრის ნებართვა გჭირდებაო. ეს ოფიცერი ჩვეულებრივი კაცი იყო – არც ცუდი, არც კარგი. მითხრა, თუ შეხვალ, უკან ვეღარ გამოხვალო. დავთანხმდი.

აქციის შიგნიდან გადაღებულმა ერთ-ერთმა ფოტომ არაერთი პრიზი მიიღო შემდგომ. სურათზე ჩანს ქალი ვარდისფერი თავსაბურავით, რომელიც პოლიციის კორდონს კვეთს. შემდგომ მოხდა ის, რომ უამრავი დემონსტრანტი გამოვიდა, პოლიციამ დატოვა ტერიტორია და ყველა ეს მომიტინგე მარშით გაემართა ცენტრალური – თაჰრირის მოედნისკენ.

ფოტო: აჰმად ჰამადი 

რამდენჯერმე გავიფიქრე იმ დღეს, რომ კარგი,  მთელი საათებია, აქ ვარ, ჩემი წვლილი შევიტანე [პროტესტში] და ახლა წავალ-მეთქი. მაგრამ ეს ჯადოსნური დღე იყო. ყოველ ჯერზე, როცა კი წასვლას დავაპირებდი, ვხვდებოდი მორიგ მეგობარს, რომელიც კარგა ხანი არ მენახა. მთხოვდნენ, ცოტა ხნით დავრჩენილიყავი, გველაპარაკა და ასე გადიოდა საათები.

ბოლო მეგობარს დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე შევხვდი. ვუთხარი, რომ უნდა წავსულიყავი, რადგან სახლში დედა მელოდებოდა, პოლიციამ დაახშო კავშირები და ვერ ვუკავშირდებოდი, ტელეფონიც მიჯდებოდა. ამას გარდა, დაღლილი ვიყავი.

მითხრა: “დღეს აქ უნდა დავიძინოთ, ეს ჩვენი შანსია. არ ვიცით, კიდევ როდის მოგვეცემა მოედნის დაკავების შესაძლებლობა”.

რევოლუციონერების პირველი გამოჩენე კაიროს ცენტრალურ - თაჰრირის - მოედანზე

რევოლუციონერების პირველი გამოჩენა კაიროს ცენტრალურ – თაჰრირის – მოედანზე ფოტო აჰმად ჰამად

მართალს ამბობდა. დაჯდა და დაიძინა. მალე პირველი გაზის კაფსულა ჩემსა და მას შორის დაეცა. იმ ღამით, დაახლოებით 00:30-ზე, მოედანი [აქციის მონაწილეებისგან] გაწმინდეს. მოსაზღვრე ქუჩიდან დაიწყეს შეტევა. მე გავიქეცი ხალხის იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც რამდენიმე ქუჩის მოშორებით, რკინიგზის ცენტრალური სადგურისკენ გადაადგილდებოდა.

ყველას ამოწმებდნენ, ჩხრეკდნენ. ტელეფონი დამჯდარი მქონდა, თუმცა კამერა იყო სავსე ფოტოებით და მეშინოდა, არ წაერთმიათ. ყველაზე უსაფრთხო გზას ვეძებდი სახლამდე მისასვლელად და ამ დროს მითხრა ჩემმა მეგობარმა, რომ მანქანით ყოფილა. მანვე მიმიყვანა სახლამდე.

“ბრაზის პარასკევი”

25 იანვრის შემდეგ – 26-სა და 27-ში – იყო მცირე პროტესტები, თუმცა მოედანი ევაკუირებული იყო და იქ არ ყოფილა აქცია.

28 იანვარი პარასკევს დაემთხვა, რომელიც დასვენების დღეა ეგვიპტეში. ამ დღეს დაერქვა “ბრაზის პარასკევი”. სწორედ მაშინ დაიწყო მჯდომარე აქცია მოედანზე, რომელიც 18 დღის მანძილზე – მუბარაქის გადადგომამდე – გაგრძელდა.

იმ დღეს კომენდანტის საათი გამოაცხადეს, თუმცა არავინ დაემორჩილა: ადამიანებმა შეასრულეს პარასკევის ლოცვა, შემდეგ კაიროს სხვადასხვა უბანში მოიყარეს თავი და გაემართნენ თაჰრირის მოედნისკენ.

აქტივისტები დგანან პოლიციის მანქანებზე. 28.01.11 ფოტო: აჰმად ჰამადი

აქტივისტები დგანან პოლიციის მანქანებზე. თაჰრირის მოედანთან ახლოს. 28.01.11 ფოტო: აჰმად ჰამადი

ქალაქი დაიცალა პოლიციისგან… ასეთია რეჟიმის რიტორიკა: “ეთანხმები ჩემს დიქტატურასა და უსაფრთხოებას? კი ბატონო, ხოლო თუ არ ეთანხმები, წავალ და იყავი ქაოსში”. ეს ყოველთვის ასეა და ასე მოიქცა მუბარაქის რეჟიმიც: მე ან ქაოსი…

ამის შემდეგ კი რა მოხდა? – ადამიანებმა სამოქალაქო პოსტები მოაწყვეს. მოქალაქეებმა მიიჩნიეს, რომ თავად უნდა დაეცვათ ქალაქი. თითოეულ უბანს ჰქონდა თავისი, მცირე პუნქტი, რომლითაც იცავდნენ ამ ტერიტორიას.

იმ დღეს გარკვეული ოდენობის მოლები და მაღაზიები გაძარცვეს. ბევრი არა, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევებიც.

28 იანვარს მამაჩემი იყო ჩემთან ერთად. ბედნიერი ვიყავი, რომ მასთან ერთად ვმონაწილეობდი პროცესში, მაგრამ თან იმაზე მეფიქრებოდა, რომ მოხუცი მამა იყო ჩემ გვერდით. ასე რომ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დაწყების შემდეგ სახლში წავედი.

რევოლუციის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი: ამ მძიმე შეტაკებების შემდეგ, დემონსტრანტებმა უკვე მეორედ, საბოლოოდ დაამყარეს კონტროლი თაჰრირის მოედანზე. 28.01.11 ფოტო: Peter Macdiarmid/Getty Images]

რევოლუციის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი: ამ მძიმე შეტაკებების შემდეგ, დემონსტრანტებმა უკვე მეორედ, საბოლოოდ დაამყარეს კონტროლი თაჰრირის მოედანზე. 28.01.11 ფოტო: Peter Macdiarmid/Getty Images]

მეორე დილით, პირველი, რაც გავაკეთე, დავბრუნდი თაჰრირზე. ის უკვე დაკავებული ჰქონდათ აქციის მონაწილეებს.

მოედანზე არასოდეს დამიძინია, მამაჩემის გამო. ყოველდღე, დილით ადრე მივდიოდით, მიგვქონდა საჭმელი ჩვენთვის და სხვებისთვის. მეუბნებოდა, ვიყოთ მთელი დღე აქ, 00:00 საათისკენ წავიდეთ სახლში და თუ რაიმე სერიოზული მოხდება, დავბრუნდეთო. ასეც ვაკეთებდით.

თაჰრირის მოედანი – გათავისუფლების მოედანი

როდესაც პროტესტის მონაწილეებმა კონტროლი დაამყარეს მოედანზე, პირველი, რაც მათ გააკეთეს, იყო სიმღერა. ეს იყო 18 დღე შიშისა და ბევრი საუბრისა პოლიტიკაზე. მთელი იმ წლების შემდეგ, ახალგაზრდებმა ისევ დაიწყეს პოლიტიკაზე საუბარი. შენ თავისუფალი ხარ, აღარ გეშინია სახელმწიფო უსაფრთხოების, აღარაფრის გეშინია…

ვსაუბრობდით იმჟამინდელ სიტუაციაზე, უმუშევრობაზე, განვითარებაზე, მედიაზე… ბევრ რამეზე ვსაუბრობდით მოედანზე: იმაზე, რაზეც იქამდე ლაპარაკი არ შეგვეძლო. ვმღეროდით, მეგობრებს ვხვდებოდით, ვურთიერთობდით…

ბევრი მეგობრობა, ბევრი სიყვარულის ისტორია დაიწყო მოედანზე. ბევრი ვიცი, რომელთა შორისაც მართლაც შედგა სიყვარულის ისტორიები. უმეტესობა დაშორებით დასრულდა. არ ვიცი, როგორ და რატომ, მაგრამ ასე მოხდა.

რევოლუციის დღეებში ქალაქის ცენტრის კედლები გრაფიტით დაიფარა. ამ გრაფიტზე გამოსახულია მთვარე და ჯვარი, როგორ მუსლიმებისა და ქრისტიანების ერთობის სიმბოლო. ფოტო: EPA

რევოლუციის დღეებში ქალაქის ცენტრის კედლები გრაფიტით დაიფარა. ამ გრაფიტიზე გამოსახულია მთვარე და ჯვარი, როგორ მუსლიმებისა და ქრისტიანების ერთობის სიმბოლო. ფოტო: Reuters

ამასთან, ადამიანები ფიქრობდნენ, რა სახით შეეძლოთ წვლილის შეტანა რევოლუციაში: ზოგს საჭმელი მოჰქონდა, ზოგიც – სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფდა… ბევრი კარგი მოგონება გვაქვს.

და ეს ყველაფერი ხდებოდა შიშის საფარქვეშ: რა არის რეჟიმის გეგმა? იქნებ არმიის გამოყენება სურთ? ეს რომ მომხდარიყო, მათ ხომ შეეძლოთ, დაებომბათ მოედანი… და ასე შემდეგ, არაერთი სცენარი ტრიალებდა.

ძალიან ნოსტალგიური მომენტებია. ბევრი ფიქრობს, რომ ეს იყო ყველაზე ბედნიერი მომენტი მის ცხოვრებაში. მიუხედავად იმ შედეგებისა, რაც [რევოლუციას] მოჰყვა, მაინც განსაკუთრებული მომენტი იყო. არ მსმენია, ვინმე ნანობდეს მასში მონაწილეობას.

თუმცა, რა თქმა უნდა, თუ თქვენ მუბარაქის მხარდამჭერ გვერდებზე შეხვალთ, ისინი იტყვიან, რომ ეს იყო შავი დღე ეგვიპტის ისტორიაში.

რეჟიმის პასუხი პროტესტს: ის, რამაც მღელვარება მხოლოდ გაზარდა

ოპოზიციონერი ახალგაზრდობა სოციალურ მედიას პროტესტის პირველი ტალღისთანავე(2005) კარგად იყენებდა. არსებობდა ბლოგერების მოძრაობაც. ის, რაც ინტერნეტში ითქმებოდა, ვრცელდებოდა ყავახანებში, იმ ხალხს შორის, რომელსაც მობილური ტელეფონიც არ ჰქონდა მაშინ.

ეგვიპტე პირველი ქვეყანა იყო აფრიკის კონტინენტზე, რომელმაც ინტერნეტი გამორთო. ხომ გვიყვარს პირველობა: ქვეყანა, რომელმაც პირველად ააშენა პირამიდები, ხელი მიჰყო მიწათმოქმედებას, გამოიგონა პაპირუსი… და გამორთო ინტერნეტი.

რევოლუციის დღეებში ჩაახშეს როგორც ინტერნეტი, ისე სატელეფონო კავშირები. იმ პერიოდში ხალხი მხოლოდ პოლიციის ტყვიებს არ მოუკლავს: ჩემი მეგობრისგან ვიცი მინიმუმ ერთი ისტორია, როცა ადამიანს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა, რადგან მანამდე ვერავის დაუკავშირდა ქსელების გათიშვის გამო.

"აქლემების ბრძოლა": ჰოსნი მუბარაქის მომხრეები აქლემებითა და ცხენებით უტევენ პროტესტის მონაწილეებს. 02.02.11 ფოტო: EPA

“აქლემების ბრძოლა”: ჰოსნი მუბარაქის მომხრეები აქლემებითა და ცხენებით უტევენ პროტესტის მონაწილეებს. იმ დღეს არაერთი ადამიანი დაიღუპა 02.02.11 ფოტო: EPA

წარმოიდგინეთ, რომ ავადმყოფი ვერ უკავშირდება მას, ვინც უმკურნალებს, თუ სადმე ხანძარია – სამაშველო სამსახურში ვერ დარეკავენ. 8 დღის მანძილზე ეგვიპტე ინტერნეტისა და ტელეფონის გარეშე იყო.

მთავრობის ამ ნაბიჯმა მხოლოდ გააუარესა ვითარება. ხალხი გაბრაზდა, იგრძნო, რომ უღალატეს და ქუჩაში გამოვიდა ამ ბრაზის გამოსახატად.

ამის შემდეგ, 2 თებერვალს, იყო “აქლემების ბრძოლა”. მუბარაქის მხარდამჭერები აქლემებითა და ცხენებით გამოემართნენ მოედნისკენ და შეეცადნენ, აქციის მონაწილეები იქიდან განედევნათ, თუმცა, შუაგულამდე მოღწევა ვერ შეძლეს.

სამწუხაროდ, ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა. ამ დღესთან დაკავშირებით არცერთი სუფთა გამოძიება ჩატარებულა. მაგრამ ის კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ “აქლემების ბრძოლამ” დაასრულა მუბარაქის რეჟიმი. ეს იმდენად სასტიკი მეთოდი იყო, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა მოედანზე და გადაწყვიტა, რომ ამ რეჟიმის ადგილი ხელისუფლებაში აღარ იყო.

“წამიკითხე, რა წერია გაზის კაფსულაზე” – პერსონაჟები რევოლუციიდან

რევოლუციის სცენა ძალიან მდიდარი იყო. ადამიანების ძალიან ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი. გქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდი მოქალაქეებს სხვადასხვა სოციალური კლასიდან.

ერთხელ უსახლკარო ბიჭს შევხვდი. ქუჩები სავსე იყო ცრემლსადენი აირით. ეს ბიჭი მოვიდა და მკითხა, ვიყავი თუ არა მუსაკკაფი. ეს სიტყვა ორი მნიშვნელობით გამოიყენება ეგვიპტელებს შორის. პირველ შემთხვევაში, ეს არის ძალიან განათლებული, მოაზროვნე ადამიანი, ხოლო მეორე განმარტებით – ადამიანი, რომელმაც უბრალოდ წერა-კითხვა იცის. ამ ბიჭისთვის “მუსაკკაფი” სწორედ ამ უკანასკნელს ნიშნავდა.

დემინსტრანტი ცდილობს, ფეხით მოიცილოს გაზის კაფსულა თაჰრირის მოედანზე. ფოტო: EPA

დემონსტრანტი ცდილობს, ფეხით მოიცილოს გაზის კაფსულა თაჰრირის მოედანზე. ფოტო: EPA

როცა ეს მკითხა, ცოტათი უხერხული იყო, მეთქვა, “დიახ, მე მუსაკკაფი ვარ” და ვუთხარი, ჰო, გარკვეულწილად… შემდეგ დამიკონკრეტა: წერა-კითხვა შეგიძლიაო? კი- მეთქი, ვუთხარი.

ამის შემდეგ, გაზის კაფსულები გამომიწოდა და მთხოვა, შეგიძლია, წამიკითხო აქ რა წერიაო? თითქმის გადაშლილი იყო ნაწერები და ვკითხე, რაში სჭირდებოდა. მიპასუხა, თუ გავიგებ, რა წერია ამ კაფსულებზე, მივხვდები, რატომ გვესვრიან ისინი [პოლიცია] ამასო. 7 ან 8 წლის ბიჭი იყო.

იყო ასეთი ამბავიც: ერთხელ, პროტესტისას, იმ ტერიტორიას, სადაც ფოტოებს ვიღებდი, ბალტაჯია [რეჟიმის მომხრე ბანდები] დაესხა თავს. იქვე წყალი იდგა და გაქცევისას იქ ჩავვარდი. თავდამსხმელები ჩემ უკან იყვნენ, მორბოდნენ და ვიფიქრე, მორჩა, დღეს მოვკვდები. შემდგომ ვიღაცებმა ამომიყვანეს გუბიდან და გადამარჩინეს. ამის შემდეგ ისინი აღარასდროს მინახავს.

არ მიყვარს დღე, როცა მუბარაქი წავიდა

[მუბარაქის წასვლის] დღე დიდად არ მიყვარს. რამდენიმე დღით ადრე, როცა არ ვიყავით დარწმუნებულნი, რომ ის გადადგებოდა, ქუჩაში უფრო ნაკლები ხალხი იდგა – ისინი, ვინც გრძნობდა, რომ ეს იყო საქმე, რომლისთვისაც შეიძლებოდა, თავი შეეწირათ.

მაგრამ როცა მუბარაქმა თქვა, რომ ის ტოვებდა ძალაუფლებას, მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ფესტივალის მსგავსად, და დაიწყო ზეიმი. მაგრამ სად იყავით მთელი ეს წლები, როდესაც ის გვაკონტროლებდა?! ჩემი აზრით, ეს ზეიმი ფარისევლობა იყო…

გაზეთები საუბრობდნენ “ბრწყინვალე ახალგაზრდებზე”, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ და მუბარაქი დაასრულეს. ეს ძალიან გამაღიზიანებელი იყო. არ ვსაუბრობდით ძალაუფლების გადაბარებაზე, შემდგომ ნაბიჯებზე… არამედ საუბარი იყო ამ “ბრწყინვალე ახალგაზრდებზე”, რომლებიც გამოვიდნენ მუბარაქის წინააღმდეგ. კი, მეც მათ შორის ვიყავი, მაგრამ არ მიყვარს ფარისევლობა.

ამ მომენტიდან შემეშინდა. არ მიყვარს ეს მომენტი.

ისლამისტების მყისიერი გააქტიურება

ამ 18 დღის მანძილზე ეგვიპტელებს აერთიანებდათ ის, რომ არ სურდათ მუბარაქი. იმ დღეებში რადიკალი ისლამისტები თავიანთი დღის წესრიგის შესახებ აგრესიულად არ საუბრობდნენ.

ისინი ბოლო მომენტამდე შეშინებული იყვნენ. თუმცა მეორე დღესვე, როცა მუბარაქი გადადგა, მოედანზე გამოჩნდნენ წვერებიანი ადამიანები, ყურანებით ხელში და შარიათის კანონმდებლობის მოთხოვნით. ჩვენ ვნახეთ აგრესიული რადიკალური ისლამისტები, რომლებიც იქამდე ვერ საუბრობდნენ.

ისლამისტები იყვნენ ერთადერთი [ძალა], ვისაც მუბარაქის პერიოდში [პოლიტიკურად] მუშაობა შეეძლო. ის ამბობდა, რომ იყო ისლამისტების, ორგანიზაცია “მუსლიმთა საძმოს” წინააღმდეგი, თუმცა, მეორე მხრივ, ინარჩუნებდა მათ. ეს იმიტომ, რომ მუბარაქი აშენებდა სისტემას გზავნილით: “მე ვაკავებ მათ. და თუ გავქრები, ისინი გამოჩნდებიან”.

ეს იყო ქვეყანა პოლიტიკური მოძრაობის გარეშე. მას შემდეგ, რაც მუბარაქი წავიდა, ჩვენ გავაანალიზეთ, რომ არ გვყავდა პოლიტიკური პარტია. გვყავდა ინტელექტუალები, აქტივისტები, მოაზროვნეები… მაგრამ არ გვყავდა პარტიები. ერთადერთი ორგანიზებული პოლიტიკური ჯგუფი იყო “მუსლიმთა საძმო”, რომელმაც აიღო კიდეც [ინიციატივა].

მუბარაქი მაქსიმალურად ამყოფებდა ისლამისტებს საკუთარი კონტროლის ქვეშ, თუმცა არ ანადგურებდა მათ.  მარტივად, თუ შენ გინდა, რომ ეგვიპტე რადიკალური არ იყოს, უნდა შეიმუშაო პოლიტიკა, იმუშაო განათლების მიმართულებით, საზოგადოებაზე რადიკალების გავლენის შემცირების მიმართულებით… მუბარაქს ეს არ გაუკეთებია. ეს არც ახლა ხდება.

ნოსტალგია, აღუსრულებელი ოცნებები და კითხვები – რევოლუციის მემკვიდრეობა

რევოლუციამ დაგვიტოვა ბევრი ნოსტალგია, ბევრი სიყვარულის ისტორია, ბედნიერი მომენტები, რომანტიკა და დიდი ოცნება, რომ ეგვიპტე ერთ დღეს იქნება არანაკლები რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაზე, სადაც ბოლომდე პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს.

ძალიან ჩვეულებრივია ეს ყველაფერი. მოედანზე ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ არ გვსურდა, ვყოფილიყავით ძალიან მდიდრები, არ გვინდოდა ბევრი ფული. მხოლოდ გვინდოდა ცხოვრება ისეთ სახელმწიფოში, სადაც არ გვეშინია პოლიციასთან ურთიერთობის, განყოფილებაში წაყვანის და წამების, სადაც გვექნება მრავალპარტიული სისტემა, თავისუფალი არჩევნები… ეს არ მომხდარა.

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი ერთ-ერთი შეკითხვაა, იყო 25 იანვარი რევოლუცია? ამას ვერ ვამბობ ხოლმე, ვინაიდან ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი გამუდმებით იმეორებს: “25 იანვრის რევოლუცია, 25 იანვრის რევოლუცია…” მაგრამ პოლიტიკური განმარტებით, ის, რაც 25 იანვარს მოხდა, იყო კი რევოლუცია? ზოგიერთი განმარტება გვეუბნება, რომ რევოლუცია არის მოძრაობა, რომელიც ცვლის რეჟიმს. მაგრამ რეჟიმი არ შეცვლილა…

ჰოსნი მუბარაქის "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" გადამწვარი ოფისი კაიროს ცენტრში. 07.02.11 ფოტო: EPA

ჰოსნი მუბარაქის “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” გადამწვარი ოფისი კაიროს ცენტრში. 07.02.11 ფოტო: EPA

მუბარაქის მოშორება მარტივი იყო, თუმცა დემოკრატიისა და სისტემის ცვლილების ფილოსოფია სხვა საქმეა. ამას წლები სჭირდება. იქნებ, 25 იანვარი ნაწილია იმ დიდი ხაზისა, რომელიც რაღაცას დაუდებს სათავეს 100 წლის შემდეგ?

გვესმის, რომ რაც მოხდა მაშინ, ეს მხოლოდ 25 იანვარი არ არის. ეს არის საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლის ნაწილი, როცა ადამიანები ითხოვენ თავისუფლებას, დემოკრატიასა და ა.შ. ეს თარიღი მნიშვნელოვანი მოვლენაა ეგვიპტისთვის. შეიძლება, არ მოუტანია უზარმაზარი ცვლილება, მაგრამ, შესაძლოა, შორეულ პერსპექტივაში ეს მოახერხოს.

კრიტიკა, რომელიც გვჭირდება

რევოლუციის მიმართ რომანტიკული ხედვა არსებობს. ორი რაღაც დარჩა ამ წლების შემდეგ მისგან: ერთი მხრივ, ნოსტალგიური სურათი და ლამაზი იდეები, რომლებიც მართლაც იყო იქ. თუმცა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისთვის ბევრი კითხვა დარჩა:

რა ხდებოდა ეგვიპტის პოლიტიკურ სცენაზე? როგორია “მუსლიმთა საძმოს” რეალური როლი? ხალხს სჯერა დემოკრატიის თუ არა? ხალხს მართლა არ სურს კორუფცია?

25-მა იანვარმა ბევრი კითხვა გააჩინა. ეს არ არის რევოლუცია, რომელიც იძლევა პასუხებს. პირიქით, ის გვბომბავს ათასობით კითხვით, რომლებზე პასუხის გაცემაც არ არის მარტივი.

ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავაკრიტიკოთ 2011 წლის რევოლუცია. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო უნაკლო მოვლენა, არ ყოფილა შეცდომები და ყველა, ვინც მასში მონაწილეობდა, იყო კარგი. ბევრი ცუდი რამ მოხდა.

ზოგიერთი ამაში არ მეთანხმება…. თუმცა ეს არ ყოფილა 100%-ით მშვიდობიანი მოძრაობა. იყო ხალხი პროტესტის მონაწილეებს შორის, ვინც ძალადობას ემხრობოდა. მე ამას არ ვიზიარებდი.

იყო სექსუალური შევიწროების შემთხვევები. ეს პირველი 18 დღის მანძილზე არ ყოფილა ცხადი, რის გამოც ზოგიერთი ამ შემთხვევებს ორგანიზებულად მიიჩნევს.

გრაფიტი კაიროში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. ფოტო: Ester Meerman

გრაფიტი კაიროში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. ფოტო: Ester Meerman

როცა ეგვიპტელთა ჯგუფი ხვდება მოედანზე, ისინი არ არიან ანგელოზები. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოების მანკიერებებსაც ატარებენ თან. მაგალითად, თუ ქართველების ჯგუფი მოიყრის თავს ქუჩაში, იქ წარმოჩინდება პრობლემები, რომლებიც საქართველოს საზოგადოებაში არსებობს… ასეა ეგვიპტელების შემთხვევაშიც.

გაკვეთილი, რომელიც ამ მოვლენებიდან ვისწავლე, არის ის, რომ სოციალურ მედიას გადაჰყავხარ “ბაბლში”. [გაჩნდა წარმოდგენა], რომ ყველა მუბარაქის წინააღმდეგი იყო. ეს არ ყოფილა ასე. მას ბევრი უჭერდა მხარს.

ასევე, ეგვიპტეში ყველა არ ემხრობა დემოკრატიას. არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს კარგი არ არის ქვეყნისთვის. ეგვიპტე ძალიან კომპლექსური ქვეყანაა: ათასობით აზრით, მილიონობით ხედვით… ასე რომ, არ შეიძლება, დაჯდე მოედანზე და თქვა, რომ [ყველა შენს აზრზეა].

რევოლუცია, როგორც ფიქრის დასაწყისი

ბევრი შეკითხვა შემოვიდა დღის წესრიგში. მაგალითად, შეკითხვები რელიგიაზე, თავისუფლებაზე სხვადასხვა მიმართულებით… რევოლუციამ ბევრი რამ შეცვალა ახალგაზრდებში.

ბევრი გოგო ვიცი ეგვიპტეში, რომელთაც ჰიჯაბი მოიხადეს. რევოლუცია არ იყო მოძრაობა მხოლოდ ქუჩაში. ის იყო აზროვნების შესახებაც. ვფიქრობდით მშობლების მიერ ჩვენს კონტროლზე, მთელი სისტემის მიერ ჩვენს კონტროლზე…

დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ გვინდა, თავისუფლად ვიცხოვროთ. დიახ, ბევრი რამ დავკარგეთ, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ… ჩემი სირიელი მეგობარიც მეუბნებოდა, წინასწარაც რომ მცოდნოდა, რაც მოხდებოდა, მაინც იმავეს გავაკეთებდი, მაინც მივიღებდი მონაწილეობას რევოლუციაშიო.

ეს იმიტომ, რომ იქამდე გვქონდა განცდა, თითქოს ცხოველებივით ვცხოვრობდით.

მე არ ვნანობ რევოლუციას. ვწუხვარ, რომ დაიღუპნენ ადამიანები – მათ შორის ისინიც, ვისაც ვიცნობდი. ვწუხვარ, რომ ადამიანებმა დაკარგეს თვალები [შეტაკებებისას]. ვწუხვარ შედეგებზეც, რომლებიც მივიღეთ და ვისურვებდი, ეს არ მომხდარიყო. მაგრამ თუ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და აფასებ მას, არ ინანებ თავისუფლების მოძრაობას, თუნდაც ის დამარცხდეს.

"რევოლუცია!" - კაიროს გრაფიტების სერიიდან. ფოტო: EPA

“რევოლუცია!” – კაიროს გრაფიტების სერიიდან. ფოტო: EPA

ადამიანები, რომლებიც ნანობენ რევოლუციას, არ აფასებენ თავისუფლებას და სხვა საკითხებს აყენებენ უფრო მაღლა. ეს მათი არჩევანია, მე ვერ გავაკონტროლებ.

რა თქმა უნდა, უკეთესი იყო, მაგალითად, ეგვიპტური ფუნტის მაღალი კურსი.  მაგრამ ჩემი პრობლემა ამაზე უფრო დიდია. მარტივად რომ გითხრათ, ჩემთვის განკუთვნილი გეგმა ეგვიპტეში არის ასეთი: დაიბადე, წადი კოლეჯში, დაოჯახდი, გააჩინე შვილები, მოკვდი. მხოლოდ და მხოლოდ ეს.

აზრის ქონა რელიგიაზე, პოლიტიკაზე, ჩემი ცხოვრების წესზე… რომ მე მინდა, შევცვალო ჩემი ცხოვრების სტილი; რომ მე, როგორც ახალგაზრდა ადამიანს, მაგალითად, არ მინდა დაოჯახება. არაერთი ადამიანი ეგვიპტეში უწინაც და ახლაც აწყდება პრობლემას იმის გამო, რომ არ უნდა დაოჯახება.

ეს არის სისტემა: შენ არ გაქვს თავისუფლება იმისა, რომ აირჩიო ძალიან პატარა რაღაცები. არაერთ ახალგაზრდას ეგვიპტეში არ აქვს სივრცე იმისთვის, რომ რამე აირჩიოს.

ვერ ირჩევ რელიგიას: უნდა იყო სუნიტი მუსლიმი ან მართლმადიდებელი ქრისტიანი… მინიმუმ, ოფიციალურად. მრავალი ადამიანი ათეისტია, აგნოსტიკოსია, მაგრამ ქაღალდზე, დოკუმენტებზე, რელიგია [უნდა] დაფიქსირდეს.

ეგვიპტელების უმეტესობა გეტყვის: ათასობით წელია, ასე ხდება და ეს არ შეიცვლება. გინდა, რამე შეცვალო? დატოვე ქვეყანა. რელიგიის შეცვლა გინდა? – წადი. სექსი გინდა რელიგიის გარეშე? – წადი. ანდა, გააკეთე ეს საიდუმლოდ. შენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს დამალვაში ატარებ. მალავ რელიგიას, მალავ იმას, რომ ალკოჰოლს სვამ… ძალიან მარტივ რაღაცებს.

გულწრფელად რომ ვთქვა, ახალგაზრდა თაობასთან ამჟამად დიდი ურთიერთობა არ მაქვს. მაგრამ რევოლუციის თაობისთვის 25 იანვარი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ის, რამაც შეცვალა ჩვენი აზროვნების გზა.

ჩვენ ვსვამთ კითხვებს მასკულინობაზე, საუბრები მიმდინარეობს ფემინიზმზე, ქალისა და კაცის გაგებაზე, რისი გაკეთება შეუძლია ქალს და რისი – კაცს… ყველაფერი ეს კითხვების ქვეშაა. მრავალი მოძრაობა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, მასკულინობის წინააღმდეგ…

ეს აჩვენებს, რომ არის რაღაც მოძრაობა, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებაში და ამ საზოგადოებას სურს ეს.

კითხვები, რომლებიც რევოლუციისას გაჩნდა, ისევ თვალნათელია. [ეცადნენ], შეეჩერებინათ მათი გავრცელება, დაეფარათ, თუმცა ამ საფარქვეშ თუ არსებობს პატარა ფანჯრები მაინც, საიდანაც კვლავ ისმის კითხვები, ეს ნიშნავს, რომ ისევ გააქტიურდება დისკუსია ფემინიზმზე, რელიგიაზე, დიქტატურაზე, ღირსებაზე…

რევოლუციამ ეს შეკითხვები მწვავედ წამოწია. და მათ პასუხები სჭირდებათ.

იდეა ისევ ჩემთანაა

ეგვიპტეს ბევრი აქვს გასაკეთებელი… გულწრფელად რომ ვთქვათ, შეიძლება, 25 იანვრის იდეა მოკვდა, მაგრამ მე, როგორც ხელოვანს, ბევრის გაკეთება შემიძლია. არის ისტორია, რომლის დოკუმენტირებაც შესაძლებელია, ხელოვნება, რომელიც შეიძლება გაკეთდეს…

მამოძრავებს დიდი იმედი, რომ დავტოვო რაღაც იმ ხალხისთვის, რომელიც ჩემი სიკვდილის შემდეგ მოვა ამ ქვეყანაზე.  მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ იმედი და გამოვიყენოთ ცხოვრების შესაძლებლობები.

მე ბოლომდე არ დამიკარგავს იმედი. მიზნის – დემოკრატიის, მრავალპარტიული სისტემის –  მიღწევა მხოლოდ ერთი გზით არ არის შესაძლებელი. ამას მეორე რევოლუცია არ სჭირდება. რეფორმები შეიძლება გატარდეს, არ ვიცი… სცენარი ვერ წარმომიდგენია.

25 იანვარს, როცა აქციის გადაღებას ვიწყებდი, პოლიციის კორდონთან მყოფმა ოფიცერმა პირდაპირ მითხრა: თუ შეხვალ, ვეღარ გამოხვალ. მეც შევედი და მაშინ მივხვდი უკვე, რომ ვიყავი პროცესის შიგნით და აღარც გამოვსულვარ. ეს იდეა, რომ აღარ გამოვედი, ისევ ჩემთანაა.

გუშინაც ვფიქრობდი, რომ არაფერი დამეწერა რევოლუციაზე. მეთქვა, რომ კარგი, 10 წელი გავიდა, სრულიად განსხვავებულ ქვეყანასა და მსოფლიოში ვართ. აღარ არის საჭირო ამაზე ფიქრი. მაგრამ… იდეა ისევ ჩემთანაა. მე ისევ შიგნით ვარ.

ამავე თემაზე გირჩევთ:

ეგვიპტე და 4 არაბული ქვეყანა რევოლუციიდან 10 წლის შემდეგ:

“არაბული გაზაფხულის” ოცნებები 10 წლის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი