ახალი ამბები

შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში — რას დაჰპირდნენ ბიზნესს?

26 იანვარი, 2021 • 950
შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში — რას დაჰპირდნენ ბიზნესს?

“დისტრიბუტორთა ასოციაციის” თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან 25 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მათი ერთადერთი მოთხოვნა ეკონომიკის გახსნა იყო.

როგორც ჭყონია ამბობს, მისი სექტორისთვის, იმპორტიორ/დისტრიბუტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და შეხვედრაზე დაჰპირდნენ, რომ ამ საკითხზე იმუშავებდნენ.

“დაპირება არაერთი მიგვიღია, თუმცა, როგორ გაართმევენ თავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს ივა ჭყონია.

მისივე თქმით, ქვეყანა უნდა გაიხსნას, ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებაა.

“ტრანსპორტის აღდგენის საკითხი ყველას გვაერთიანებს. დავიწყოთ მუშაობა, მივიღეთ ეს… ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ “ჩვენ თქვენკენ ვართ, მაგრამ რა ვქნათ, ეპიდემიოლოგები…” პირდაპირ რომ გითხრათ, გაუგებარია ჩემთვის ეგ პოზიცია. მოდი, დავიწყოთ მუშაობა. ჯერ ერთი, ეს მუშაობა დაწყებული უნდა ყოფილიყო. დაიწყონ მუშაობა მოლებთან.

პირველ თებერვალს ხსნიან, თუმცა მოლებმა არ იციან, რა რეგულაციებით უნდა გაიხსნან. პირველი, რაზეც მსჯელობა მიდის, არის ის, რომ თებერვლის პირველ ნახევარში ტრანსპორტი გაიხსნას, რადგან ყველას აწუხებს ეს საკითხი “, – აცხადებს ჭყონია.

ნეტგაზეთმა ჭყონიასთან დააზუსტა, რაიმე კონკრეტული დაპირება თუ მიიღეს სამინისტროსგან, რაზეც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ შეჰპირდნენ ტრანსპორტის მარტამდე ამუშავების საკითხზე მუშაობის დაწყებას:

“დაპირება რაც მივიღეთ, იყო ის, რომ ტრანსპორტი თურმე მართლა მნიშვნელოვანია და ევროპის ქვეყნებში ყველგან მუშაობს. შესაბამისად, აქაც უნდა გაიხსნას. ასეთი დაპირება მივიღეთ და გვითხრეს, პირველი ამ საკითხზე ვიმუშავებთო”.


გუშინ, 25 იანვარს, ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა რესტორატორთა, სასტუმროების,  მთის კურორტების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო მოლების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან ერთად დაიგეგმოს და ვიმსჯელოთ ყველა იმ შემდგომ ნაბიჯზე, რომელიც განხორციელდება შემდგომ ეტაპებზე სხვადასხვა დარგის გახსნის თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით დღეს ჩავატარეთ სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა ბიზნესგაერთიანების წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ იმ ეტაპებზე, რომლებიც შესაძლებელია იყოს განხილული პირველი თებერვლის შემდეგ, რათა, საბოლოო ჯამში, ბიზნესი სრულყოფილად გაიხსნას და დარგებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ ოპერირება”, – განაცხადა ნადარეიშვილმა, რომლის კომენტარიც სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი