ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი: სტრასბურგის გადაწყვეტილებას “ისტორიულ გამარჯვებად” წარმოაჩენენ

26 იანვარი, 2021 • 1461
სოხუმი: სტრასბურგის გადაწყვეტილებას “ისტორიულ გამარჯვებად” წარმოაჩენენ

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მარინა კალიურანდის განცხადებას.

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში მარინა კალიურანდიმ განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, “საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს და უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და ამასთან, ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა უზრუნველყოს.

“ევროპარლამენტარის განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უახლოეს წარსულში მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის გაკეთდა.

ქართულმა ოფიციალურმა პირებმა უკვე იჩქარეს, აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის “ისტორიული გამარჯვება” ეწოდებინათ. ამასთან, სასამართლოს დასკვნები შორსაა იმისგან, რასაც თბილისი მოელოდა. ამის მიუხედავად, საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები ამჯობინებენ თქვან, რომ რაღაც უპრეცედენტო “ისტორიულ გამარჯვებას” მიაღწიეს”, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

აფხაზური მხარეის განცხადებით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული საქმე სასამართლომ აფხაზური და ოსური მხარეების მონაწილეობის გარეშე განიხილა, საეჭვოა გადაწყვეტილების მიღებაც.

“მსგავსი ტიპის “სასამართლო ვერდიქტები” ეჭვქვეშ აყენებს ევროპული სასამართლოს ობიექტურობას. ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ,  რასაც წლებია საქართველო დაჟინებით მოითხოვდა, კიდევ ერთხელ აჩვენა თბილისის კონფრონტაციული განწყობა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკის ერთგულება და თანასწორი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის პოლიტიკური ნების უქონლობა”, – წერია უწყების განცხადებაში.

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი