ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის შემდეგ, სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების გამოწვევები შეიქმნა | მედოევი

25 იანვარი, 2021 • 1420
ყარაბაღის შემდეგ, სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების გამოწვევები შეიქმნა | მედოევი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებით, “მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციამ სამხრეთ ოსეთისთვის შექმნა კონკრეტული მნიშვნელობის უსაფრთხოების გამოწვევები”. ამის შესახებ მან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

“ყარაბაღის ომის შემდგომ, უსაფრთხოების პრობლემები, დაპირისპირების განახლება და სამხედრო აგრესია გახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენთვის”, – აცხადებს მედოევი.

მისივე თქმით, “სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს დაჟინებულ მოთხოვნას, რათა საქართველომ ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც გამორიცხავს ძალის გამოყენებას საერთაშორისო და ბილატერალურ ურთიერთობებში [იგულისხმება საქართველოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები]”.

მან ასევე მწუხარება გამოთქვა, რომ პანდემიურმა ვითარებამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა ჟენევის დისკუსიებში, მაგრამ აღნიშნა, რომ კომუნიკაციის დონე და ხარისხი შენარჩუნდა.


მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, როგორც ოსური, ისე აფხაზური დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველომ კონფლიქტის გადაჭრის მიზნით გამოიყენოს სამხედრო ძალა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ე.წ. “მიმართვა” ამერიკის შეერთებული შტატებისადმი, სადაც საუბარი იყო იმ დროს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო მოსმენის შესახებ, სადაც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო შეიძენდა თავდაცვით და სადაზვერვო დრონებს. აფხაზური მხარის განცხადებით, ეს იყო კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარების მცდელობა.

საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი