ახალი ამბები

ავსტრიაში FFP2-ის ტიპის ნიღბების ტარება სავალდებულო ხდება

25 იანვარი, 2021 • 1095
ავსტრიაში FFP2-ის ტიპის ნიღბების ტარება სავალდებულო ხდება

დღეიდან, 25 იანვრიდან ავსტრიაში 14 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებმა სამედიცინო FFP2-ის ნიღბები უნდა ატარონ, მათ შორის- საჯარო ტრანსპორტში, მაღაზიებში, საავადმყოფოებში, აფთიაქებსა თუ სხვადასხვა მომსახურების ცენტრებში.

რეგულაციები, რომლის შესრულებაც სავალდებულოა, მოსახლეობამ მეტ-ნაკლებად პროტესტის გარეშე მიიღო. ინფორმაციას ფრანგურილი AFP ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიაში გასულ კვირას ერთი FFP 2-ის სამედიცინო ნიღაბი დაახლოებით 5 ევრო ღირდა, დღეიდან ყველა სავაჭრო ობიექტში 59 ცენტი ეღირება.

ასაკოვანმა და დაბალშემოსავლიანმა მოქალაქეებმა ნიღბები ჯერ კიდევ წინა კვირას უფასოდ მიიღეს.

აღნიშნული ნიღბის ტარებისგან განთავისუფლებულნი არიან ფეხმძიმე ქალები და ის მოქალაქეები, რომელთაც სუნთქვითი პრობლემები აქვთ.

FFP 2 ნიღბის ტარება ასევე სავალდებულოა ავსტრიის მეზობელ ბავარიის მიწაზეც.

გარდა ნიღბებისა, ავსტრიაში იცვლება სოციალური დისტანცირების წესები. ამ დრომდე ორ ადამიანს შორის სოციალური დისტანციის ნორმად განსაზღვრული იყო 1 მეტრი, რაც დღეიდან იცვლება 2 მეტრით.

ქვეყანაში ამ დროისთვის მოქმედებს ე.წ. მესამე “ლოქდაუნი”. საშობაოდ რეგულაციების შერბილებამ და სავაჭრო ცენტრების გახსნამ,ქვეყანაში ვირუსის სწრაფი გავრცელება გამოიწვია, რის გამოც არსებული შეზღუდვები 8 თებერვლამდე გაგრძელდება.

FPP 2-ის ტიპის ნიღბები ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბებისგან გამოირჩევა აეროზოლის ფილტრაციის უფრო მაღალი მაჩვენებლით, საშუალოდ, არანაკლებ 94 პროცენტისა, და ახასიათებს შედარებიც ნაკლები შიდა გაჟონვა, გავრცელება – არაუმეტეს 8 პროცენტისა. შედარებისთვის, FPP 1-ის ნიღბებში აეროზოლის ფილტრაცია საშუალოდ 80, ხოლო შიდა გაჟონვა 22 პროცენტია.

ფოტო გარეკანზე: FFP 2-ის სამედიცინო ნიღაბი/Munich Eye


დღეისათვის ქვეყანაში ყოველ 100 000 სულ მოსახლეზე ინფიცირების დაახლოებით 130 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე მთავრობის გაცხადებული მიზანი – 50 ახალი შემთხვევა ყოველ 100 000 მოსახლეზე.

ამ დროისთვის ქვეყანაში დაკეტილია სკოლები, მუზეუმები, სპორტული დაწესებულებები, კინოები და სავაჭრო ობიექტების ნაწილი. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სოციალური კონტაქტების მაქსიმალური შემცირებისაკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი