25 იანვრიდან აზერბაიჯანში სავაჭრო ობიექტების ნაწილი და სილამაზის სალონები გაიხსნა, — იუწყება აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტზე დაყრდნობით.
25 იანვრიდან ნებადართულია სავაჭრო ობიექტების სტანდარტულად ფუნქციონირება, დიდი ზომის სავაჭრო ცენტრების, მოლების, რესტორნების, ყავისა და ჩაის სახლების გარდა.
კოვიდ-19-ით ინფიცირების თითქმის 229 ათასი და გარდაცვალების 3082 შემთხვევის ფონზე, სხვა შეზღუდვები ასეთია:
- სულ მცირე, პირველ აპრილამდე გაგრძელდება სპეციალური კარანტინის რეჟიმი (აფთიაქები, სურსათის მაღაზიები და სხვა გადაუდებლად აუცილებელი სერვისები ხელმისაწვდომია);
- სკოლები და მეტრო დაკეტილია;
- სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ კვირის დღეებშია ნებადართული;
- პირბადეების ტარება აუცილებელია როგორც ღია, ასევე დახურულ საჯარო სივრცეში.
ოფიციალური ცნობებით, ქვეყანაში ინფიცირების პიკი 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო — დღიურად 4300-4500 შემთხვევა, დეკემბრის ბოლოდან კი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევებმა იკლო და 24 იანვარს ინფიცირების 287 შემთხვევა დადასტურდა.
აზერბაიჯანის მთავრობამ 18 იანვრიდან დაიწყო მოქალაქეების ვაქცინაცია კოვიდ-19-ზე. აზერბაიჯანმა შეისყიდა ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინა, — იგივე, რაც თურქეთმა [ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს, მათ შორის, „სინოვაკს“, არ მიუღიათ ევროპული და ამერიკული მარეგულირებლების ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ნებართვა. გარდა ამისა, „სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტიანობა, ბრაზილიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, არ სცდება 50.4%-ს].