ახალი ამბები

შსს განმარტავს რატომ ვერ გადაკვეთა უგულავამ საქართველოს საზღვარი

23 იანვარი, 2021 • 1006
შსს განმარტავს რატომ ვერ გადაკვეთა უგულავამ საქართველოს საზღვარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ არ მისცა სასაზღვრო პოლიციამ “ევროპული საქართველოს” ლიდერს გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლება.

უწყებაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც უგულავას აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლომ გაუუქმა აღკვეთის ღონისძიება და დამატებითი ვალდებულებები, მათ შორის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარების თაობაზე, შესაბამისი გადაწყვეტილება შსს-ს არ გაუგზავნეს და მონაცემები ბაზაში უცვლელი დარჩა.

შსს აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უგულავას აღარ უფიქსირდება ბაზაში შეზღუდვა და მას შეუძლია ქვეყნის საზღვარი გადაკვეთოს:

“შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.- ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფონდების“ საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე.

პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი” – აცხადებენ შსს-ში.

დღეს, 23 იანვარს გიგი უგულავამ გაავრცელა განცხადება, რომ შსს-მ უკანონოდ შეუზღუდა საზღვრის გადაკვეთის უფლება.

უგულავა აცხადებს, რომ შსს-მ ქვეყნიდან გასვლის უფლება უკანონოდ შეუზღუდა

მასალების გადაბეჭდვის წესი