ახალი ამბები

რუსულ აგრესიას [საქართველოზე] ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს – მილოვი

22 იანვარი, 2021 • 2138
რუსულ აგრესიას [საქართველოზე] ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს – მილოვი

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი ვლადიმირ მილოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნავალნის განცხადებებს განმარტავს.

როგორც მილოვმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა,  გარკვეული”პოზიციები შეიცვალა” და ისინი პრინციპულად ფიქრობენ, რომ “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი”.

“როცა საქართველოში 2008 წლის ომი მოხდა, მე და ის ძალიან ღიად ვჩხუბობდით ინტერნეტში ამ საკითხზე. ჩვენ ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთი მხრივ, მისი პოზიცია ამის შემდეგ ძალზედ შეიცვალა. ის, რა თქმა უნდა, ეთანხმება და მე ამას ხშირად ვახმოვანებ, რომ პოს-საბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია. ეს მისი პრინციპული პოზიციაა. საჭიროა ასევე მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინება, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა შემთხვევით არ წააგო არჩევნები. საქართველოში ვხედავდით ავტორიტარულ ტენდენციებს.

“ფრიდომ ჰაუსმა” 2008 წელს საქართველოს რეიტინგები შეამცირა, იმიტომ, რომ ზღუდავდნენ ოპოზიციას. ნავალნიმ ამაზეც გააკეთა კომენტარი. სააკაშვილს ბევრი აღიქვამს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლს, მაგრამ მაშინ ეს ასე არ გამოიყურებოდა. გვახსოვს, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში შეხვდებოდა ახალ წელს. 2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხვდი. მაშინ განიხილებოდა ასევე ძალადობრივი სცენარები ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვწონდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობრივ სცენარებს. ამიტომ აქ სიტუაცია უნდა განვიხილოთ ისე, როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში. თუმცა ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს. არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ სვამს საზღვრების უცვლელობის პრინციპს. ჩვენ ყველა პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორ საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც”, – აცხადებს მილოვი.

ინტერვიუში ის ასევე საუბრობს იმის შესახებ, თუ რა პოზიცია აქვს ნავალნის საერთაშორისო წესრიგთან, ევროკავშირთან, პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით და ა.შ.

“ნავალნი ყოველთვის იყო იმის მხარდამჭერი, რასაც უწოდებენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და კანონს. რუსეთშიც სწორედ ამის შესახებ საუბრობს, კანონიერებაა მისი არგუმენტი დესპოტიზმის და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ამიტომ უცნაურია ფიქრობდე, რომ საერთაშორისო არენაზე ის სხვა პრინციპებით იმოქმედებს.

ბევრი ახლა მის წარსულ განცხადებებს პოულობს, რომ თითქოს ნავალნის სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის ინტეგრაცია, რუსებს ყოველთვის სურთ საბჭოთა კავშირის აღდგენა. თუმცა ჩვენ ამას რეალურად, სრულიად განსხვავებულად ვუყურებთ, ვიდრე პუტინი. ჩვენთვის სასურველი იქნებოდა უფრო ახლო ინტეგრაცია დიდი ევროპული და ევრაზიული საზოგადოების – ევროპა ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე.

ჩვენ მოგვწონს დემოკრატიული ევროკავშირი, ჩვენ გვინდა, რომ ყველა აქეთკენ მივდიოდეთ, ამ მიმართულებით, და გავავრცელოთ ის წესები და ნორმები, რომლებიც მოქმედებს ევროკავშირში, ჩვენს ტერიტორიაზეც და ასე დავუახლოვდეთ ერთმანეთს. ასე უნდა ხდებოდეს ჩემი და ნავალნის პოზიციების ინტერპრეტაცია. ანუ, ჩვენ არ ვხედავთ რუსეთს, როგორც ძალის ცენტრს, რომელიც ევროპას უპირისპირდება. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ბარიერები უნდა მოვხსნათ, წავიდეთ ევროპისკენ და იქ გზაზე შევხვდეთ”, – აცხადებს მილოვი.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნავალნი ომის პროვოცირებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთის არმიას რაკეტები უნდა დაეშინა საქართველოს გენშტაბისთვის.

2013 წელს, “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, ალექსეი ნავალნიმ ქართველების მღრღნელებად მოხსენიებას შეცდომა უწოდა, თუმცა თქვა, რომ მისი პოზიცია აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით უცვლელია.

“ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე “გრიზუნებად” (მღრღნელი), მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია. მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა. 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დე ფაქტო რეგიონები წლების განმავლობაში არ იმართებოდა თბილისის მიერ, მათი მთავარი დამფინანსებელი კი წლებია რუსეთია. მე თუ პრეზიდენტი გავხდები, რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსული ბაზები შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე, მაგრამ, დარჩება თუ არა სულ, ამაზე პასუხისთვის ახლა მზად არ ვარ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამსჯელო და კომპლექსური საკითხებია. მაგრამ რუსეთმა ხვალ რომ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება, რა მოხდება, რა შეიცვლება? საქართველოს დაუბრუნდებიან?” – განაცხადა ნავალნიმ.

ალექსეი ნავალნი, რომელიც “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს, ქალაქ ხიმკის სასამართლომ კი 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის ედავება “ივ როშეს” საქმესთან დაკავშირებით პირობითი მსჯავრის პირობების მრავალგზის დარღვევას. “ივ როშეს” საქმეზე ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგ ნავალნი 2014 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითობის მუხლით. გამოძიების ვერსიით, მათ კომპანია “ივ როშე” დაარწმუნეს არახელსაყრელი კონტრაქტის გაფორმებაში.

გარდა ამისა, 2020 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღძრა მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი 356 მილიონი რუსული რუბლის (4.8 მილიონი აშშ დოლარი) თაღლითურად მისაკუთრებასა და დახარჯვის ბრალდებით.

აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერები კრიტიკულად ეხმაურებიან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ნავალნის გუნდი კი 23 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს აანონსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი