ახალი ამბებიკომენტარისამართალი

“მიზანი, რისთვისაც წავედით სტრასბურგში, მიღწეულია” – ლევან მესხორაძე

22 იანვარი, 2021 • 2911
“მიზანი, რისთვისაც წავედით სტრასბურგში, მიღწეულია” – ლევან მესხორაძე

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სამართლებრივად პირველად დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით” — ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი ღირებულება ლევან მესხორაძის შეფასებით.

ლევან მესხორაძე, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, 2008-2016 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში და წარმართავდა რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის დავებს როგორც დეპორტაციების, ისე აგვისტოს ომის საქმეზე. 


— სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბევრისთვის არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა იმის გამო, რომ სასამართლომ, მართალია, დაადგინა რუსეთის მიერ არაერთი უფლების (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, სიცოცხლის უფლების, უკანონო დაკავების აკრძალვის, პირადი ცხოვრების, გადაადგილების და საკუთრების უფლებები) დარღვევა 12 აგვისტოს შემდეგ, თუმცა თქვა, რომ 8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში განვითარებული მოვლენები არ ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში არც “ეფექტური კონტროლის“ და არც „პიროვნული კონტროლის” კომპონენტის თვალსაზრისით”. რითი აიხსნება ეს შეფასება —  სტრასბურგის სასამართლომ თავი აარიდა ომის აქტიურ ფაზაში ჰუმანიტარული სამართლის საკითხების განხილვას, თუ ქართულმა მხარემ სათანადად ვერ დაასაბუთა არგუმენტები ამ ნაწილში?

ის, რომ საქართველომ ვერ დაასაბუთა არგუმენტები, არასწორია. თვითონ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის მითითებული, რომ ამ პერიოდში ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მსხვერპლი განიცადა. როცა სასამართლო საუბრობს, რომ რუსეთს არ ჰქონდა ეფექტური კონტროლი ამ პერიოდში, ეს სამართლებრივი საკითხია და გამომდინარეობს [ადამიანის უფლებათა ევროპული] კონვენციის სპეციფიკური ბუნებიდან და სასამართლოს იქამდე არსებული პრაქტიკიდან.

სტრასბურგის სასამართლო არ არის საერთაშორისო საჯარო ტიპის სასამართლო, ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო, რომლის კომპეტენციაში შედის კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების დადგენა. სასამართლო ადგენს, დარღვევები ხვდება თუ არა მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ, ვის წინააღმდეგაც არის დავა მიმართული. ეფექტური კონტროლი კი უმთავრესად არის ტერიტორიული და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სრულად დადგინდეს სახელმწიფოს ტერიტორიული კონტროლი იმ მომენტში, როცა დარღვევას ჰქონდა ადგილი. საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ფაზაზე საუბრისას სასამართლო მიუთითებს, რომ ძირითადა, იდენტიფიცირებულია საჰაერო დაბომბვები. საჰაერო დაბომბვა კი არ შედის ტერიტორიული იურისდიქციის ქვეშ. სტრასბურგის სასამართლოს აგვისტოს ომის საქმეზე არ დაუდგენია ეს პრაქტიკა, გაჰყვა წინა პრეცედენტებში (“ბონკოვიჩი ბელგიის წინააღმდეგ”, “მედვედევი საფრანგეთის წინააღმდეგ”) დადგენილ პრაქტიკას და განაცხადა, რომ კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის ამ შემთხვევაში ვერ დგინდება რუსეთის ეფექტური ტერიტორიული კონტროლი იმ დარღვევებთან მიმართებით, რაზეც საქართველო აპელირებს.

ასე რომ, ეს უფრო სამართლებრივი ნიუანსია და არ გულისხმობს, რომ 8-12 აგვისტოს პერიოდში მსხვერპლი არ ყოფილა და რუსეთს პასუხისმგებლობა არ გააჩნია იმ პერიოდში ჩადენილი დარღვევების მიმართ. ჩვენ ბედნიერი არ ვართ,იმით, რაც სასამართლომ თქვა [აქტიურ ფაზაში ეფექტური კონტროლის განხორციელების საკითხზე], მაგრამ ეს პრაქტიკა დისკუსიის საგანია არა მარტო საქართველოში, არამედ გამოჩენილი იურისტებისთვის, არაერთი კვლევა ჩატარდა და სასამართლო ადრეც გაკრიტიკებული იყო ამ იურიდიული მიდგომის ჩამოყალიბების გამო. ბუნებრივია, ეს პრაქტიკა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მსხვერპლების დაცვა? ამ პრაქტიკის შესახებ ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვიცოდით, ვცდილობდით, რომ განსხვავება გვეპოვა, ვეცადეთ დასაბუთებას თავდაპირველ საჩივარში, შემდგომშიც, თუმცა საბოლოოდ სასამართლო თვითონ უთითებს, რომ ამ ეტაპზე მზად არ არის, განავითაროს ახალი პრაქტიკა და იგივე გაიმეორა, რაც მანამდე ჰქონდა ნათქვამი სხვადასხვა გადაწყვეტილებებში. 

სამი მოსამართლის განსხვავებული აზრი
სტრასბურგის სასამართლომ წინა პრაქტიკაზე დაყრდნობით იმსჯელა, რომ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელებული ქმედებები არ შეიძლება ავტომატურად მიიჩნეოდეს „ეფექტურ კონტროლად“ ტერიტორიაზე, ვინაიდან ის რეალობა, რომელშიც შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს და მეტოქე სამხედრო ძალები ქაოსის ფონზე იბრძვიან კონკრეტულ არეალზე კონტროლის დასამყარებლად, გულისხმობს, რომ ამ არეალზე არ არსებობს ეფექტური კონტროლი. ეს მიემართება 2008 წლის აგვისტოს ომის შემთხვევასაც.

დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილების ამ ნაწილს არ დაეთანხმნენ უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია, პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ქართველი ლადო ჭანტურია, რომელთა შეფასებით, წინა პრაქტიკაზე მითითება ვერ პასუხობს დღვეანდელ გამოწვევებს, ეფუძნება რა ბანკოვიჩის საქმის მოძველებულ გადაწყვეტილებას და არ ითვალისწინებს მის შემდგომ განვითარებულ სასამართლო პრაქტიკას და ამ გზით სასამართლომ შექმნა ადამაინის უფლებათა დაცვის ვაკუუმი.

“Silent enim leges inter arma“ („ომის დროს კანონი დუმს“) ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში მარკუს ტულიუს ციცერონის მიერ დაწერილი ეს ლათინური მაქსიმა ამ სასამართლომ ხმათა უმრავლესობით დაადასტურა. მიგვაჩნია, რომ ჩვენს დროში ძალიან შორს ვართ ისტორიული კონტექსტისგან და პატივისცემის მიუხედავად, არ ვეთანხმებით უმრავლესობის დასკვნას, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას”, – ნათქვამია სამი მოსამართლის განსხვავებულ აზრში.

— რა არის თქვენთვის ყველაზე მთავარი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში? ეს შედეგი მაქსიმუმია იმისა, რა მოლოდინიც ჰქონდა ქართულ მხარეს?

– გადაწყვეტილებაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელმაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. პირველი —რუსეთის პასუხისმგებლობის დადგენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კუთხით არის პირველი სამართლებრივი დოკუმენტი ქართული სახელმწიფოს ხელთ — პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სამართლებრივად დადგა რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა და ეს ნამდვილად ქართული მხარის მიღწევაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმე ძირითადად ცხინვალის რეგიონსა და მის გარშემო საომარ მოქმედებებს ეხებოდა, სასამართლომ რუსეთის ეფექტური კონტროლი დაადგინა აფაზეთთან მიმართებითაც.

მესამე — სასამართლომ დაადგინა დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკა. ეს სამართლებრივი ტერმინი გულისმხობს იმას, რომ ადგილი ჰქონდა არა იზოლირებულ დარღვევებს, არამედ ეს დარღვევები რუსეთის მხრიდან რეალურად პოლიტიკის დონეზე იყო აყვანილი. რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ შეერაცხა ყველა ის მასობრივი დარღვევა, რაც დადასტურებული იქნა ამ საქმეში.

სასამართლო საუბრობს მიმოსვლის თავისუფლების დარღვევაზე ორივე ქართულ რეგიონთან მიმართებით, პირდაპირ უსვამს ხაზს რუსეთის როლს, რომელიც აფერხებს დევნილების დაბრუნებას.

მე ვფიქრობ, ჩვენი ძირითადი მიზანი შესრულებულია. გასაგებია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ნიუანსი, რაც დადგა ამ საქმეში, მაგრამ მთავარი საკითხი, რომელიც იდგა ჩვენთვის და რატომაც საერთოდ ინიცირებული იქნა ეს სახელმწიფოთაშორისო დავა, იყო რუსეთის პასუხისმგებლობის გამოკვეთა ამ ორ რეგიონთან მიმართებით, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ეფექტური კონტროლის დადგენა, რასაც ახლო და შორს მიმავალი შედეგები ექნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ დღემდე წარმატებით ვებრძოდით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, მაგრამ სასამართლოს დოკუმენტით ამ პოლიტიკამ სერიოზული კრახი განიცადა და სამომავლოდ სამართლებრივადაც გამორიცხა ამ რეგიონების აღიარება. ფაქტობრივად, ჩვენ სამართლებრივად გავიფორმეთ ეს ტერიტორიები და შეგვიძლია, სამომავლოდ მშვიდად ვიყოთ.

ცხადია, მნიშვნელოვანია ის დარღევვებიც, რაც სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებებთან მიმართებით, თუმცა ის დარღვევები ასევე შეიძლებოდა დადგენილიყო ინდივიდუალური საჩივრების პირობებშიც.

— ანუ, სახალხო ენაზე რომ ვთარგმნოთ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე რუსეთის ეფექტური კონტროლის დადგენა, ეს ნიშნავს, რუსეთის ოკუპაციის (რაც აქამდე საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკური შეფასების საგანი იყო) სამართლებრივად დადასტურებას?

— დიახ.

— იგივე შეიძლება ითქვას ეთნიკურ წმენდაზეც (ეს ტერმინი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის)?

— ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ არის ის სასამართლო, რომელიც ეთნიკური წმენდის კვალიფიკაციას განიხილავს, ეს არის ჰააგის სასამართლოს კომპეტენცია და ეთნიკურ წმენდაზე თავის დროზე დავა გვქონდა ინიცირებული გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (სასამართლომ აღნიშნული დავა წარმოებაში არ მიიღო – რედ.), თუმცა ის დარღვევები, რაც დადგენილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით — სიცოცხლის უფლების დარღვევა, წამება, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და სხვა — და ამ დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკა, დევნა, რეალურად, შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც ეთნიკური წმენდა, თუმცა ეს ტერმინი თვითონ გადაწვეტილებაში გამოყენებული არ არის.

— სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ალბათ, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სამომავლოდ პოლიტიკურ პროცესებზე. ამბობთ, რომ ახლა მთავარია ეს დოკუმენტი ეფექტურად იქნას გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. როგორ?

— ეს უკვე საქმის მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან ფართომასშტაბიანია და უდიდეს გავლენას ახდენს არა მარტო ინდივიდიულაურად ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, არამედ, ზოგადად, ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში. ეს დოკუმენტი უნდა იქნას გამოყენებული ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში. საქართველოს მთავარი მიზანი არის, რომ დავიცვათ თავი რუსეთის საფრთხისგან, ამ საფრთხის გასანეიტრალებლად ერთ-ერთი მთავარი გასაღებია ნატო-ში გაწევრიანება. ახლა რუსეთიდან მომავალი საფრთხე დამტკიცებულია ტრიბუნალის მიერ და შეიძლება ამის გამოყენება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. არ მაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს გამოძიების ვალდებულებას, პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და დასჯას ანტიქართული პოლიტიის წარმოების გამო, ხვალვე იქნება აღსრულებული, მაგრამ ყველა ბერკეტი უნდა იყოს ამ მიმართულებით გამოყენებული და ბევრი სამუშაო იქნება გასატარებელი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს საქმე ადრე თუ გვიან აღსრულდეს.

— აღსრულების პრობლემა რომ მოსალოდნელია, ჩანს დეპორტაციის საქმის გათვალისწინებითაც, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა რუსეთს კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია…

დეპორტაციის საქმე
აგვისტოს ომის საქმე მეორე სახელმწიფოთაშორისი დავაა, რომელიც საქართველომ აწარმოა რუსეთთან სტრასბურგის სასამართლოში. პირველი დავა 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას ეხებოდა და საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის და რუსეთს დაკისრებული კომპენსაცია (10 მილიონი ევროს ოდენობით) ამ დრომდე არ გადაუხდია. სტრასბურგის სასამართლოს ჯერჯერობით არ განუხილავს საქართველოს მესამე სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის მაგალითზე.

— აქ გასათვალისწინებელია, რომ დეპორტაციის საქმე თავისი ბუნებით უფრო ვიწროა, ვიდრე აგვისტოს ომის საქმე. დეპორტაციის საქმე დარღვევების ბუნებიდან გამომდინარე მხოლოდ კომპენსაციით შემოისაზღვრა. აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანად გამოყენება კი შესაძლებელია ბევრად ფართო გაგებით, — დოკუმენტზე ფოკუსირება უნდა მოხდეს ბრიუსელში, ვაშინგტონში, ბერლინში თუ სხვაგან საქართველოდ სტრატეგიული ინტერესების ლობირებისას.

— თუ იქონიებს და რა გავლენას სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე და ასევე, რამდენად შესაძლებელია გახდეს გზამკვლევი საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ მესამე საქმეზე, რომელიც განგრძობით ოკუპაციას შეეხება, ისევე როგორც ინდივიდუალურ სარჩელებზე? 

— ევროპულ სასამართლოში შეტანილია ასეულობით ინდივიდუალური საჩივარი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ამ საქმეებზე პირდაპირ გავლენას იქონიებს. ასე მოხდა დეპორტაციების საქმეში — სასამართლომ ჯერ გამოიტანა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის დავაზე და შემდეგ ინდივიდუალურ საქმეებზე მალევე დადგა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაეყრდნო სახელმწიფოთაშორის საჩივარს. რაც შეეხება ჰააგის სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს, ცხადია, რომ არა მარტო იქ, არამედ ყველა პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს და რუსეთს შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ექნება გავლენა, ვინაიდან ამ შემთხევაში ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილ გარემოებებზე და ეს არის ყველაზე სარწმუნო დოკუმენტი კონკრეტული ფაქტების დასადგენად. ეს არ ნიშავს, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას ჰააგის სასამართლო, თუმცა აიცილებლად გააკეთებს მითითებებს მასზე.

— თუ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტს, მაგალითად, მხოლოდ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების დანაშაული გამოკვეთოს, პირიქით, არგუმენტად ხომ არ გამოადგება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომ 8-12 აგვისტოს მოვლენებზე რუსეთი არ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს?

არა მგონია, ამან გავლენა იქონიოს, ვინაიდან ჰააგაში ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობები დგება. ეფექტური კონტროლის არარსებობა კი არ გულისხმობს იმას, რომ რუსეთი დაცლილია პასუხისმგებლობისგან და ამაზე მეტყველებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილიც, რომ რუსეთს 8-12 აგვისტოს პერიოდში მომხდარ დანაშაულებებთან დაკავშირებითაც აქვს პროცედურული ვალდებულება, გამოძიება ჩაატაროს.  სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა ზემოაღნიშულ პერიოდში წამების იმ ფაქტებთან დაკავშირებითაც, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამხედრო და სამოქალაქო ტყვეების მიმართ ცხინვალის რეგიონში. შესაბამისად, პასუხისმგებლობის არიდებასთან ვერ გვექნება საქმე.

მით უმეტეს, სასამართლოს არ უთქვამს, რომ პირველი საომარი ფაზის პროცესში რუსეთს როლი არ ჰქონია. ის, რაც განმარტა, კონვენცია რატომ ვერ გამოიყენა ამ პერიოდში რუსეთთან დაკავშირებით, არის სამართლებრივი ნიუანსი და ვერ გამოდგება საერთშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის არგუმენტად, რომ ვერ იპოვოს  პასუიხსმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩაიდინეს ომის დანაშაულები აგვისტოს ომის დროს.

— სტრასბურგის სასამართლომ ცალკე უნდა გადაწყვიტოს ზიანის ანაზღაურების საკითხიც, რომელზეც პოზიციების წარსადგენად მხარეებს ერთი წელი ექნებათ. შედეგიდან გამომდინარე, რა სახის და რაოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა იქნება ქართული მხრიდან ყველაზე ოპტიმალური და კომპენსაციის გარდა, გადაწყვეტილების აღსრულების სხვა რა მექანიზმებზეა საუბარი?

— კომპენსაცია ერთ-ერთი ნაწილია ჩვენი საჩივრის და საერთოდ არ არის მთავარი საკითხი, რატომაც წავედით სტრასბურგში. ის, რასაც რუსეთი აკეთებს 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა ეტაპზე და ყველა ადგილზე, არის რა? — “ეს არის თქვენი შიდა კონფლიქტი”. სამართლებრივ ენაზე ეს ნიშნავს, რომ მე არ მაქვს კონტროლი ამ ტერიტორიებზე, ე.ი. არ ვარ პასუხისმგებელი, რაც იქ ხდება. თუ რუსეთი არ არის პასუხისმგებელი, შესაბამისად, ამ პრობლემებს ვერასდროს გადავჭრით. ეს პროცესი დასრულდა გუშინ რუსეთის საზიანოდ და ჩვენი გამარჯვებით — რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში — ამისთვის წავედით სტრასბურგის სასამართლოში და ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, რაც უკვე დადგა და აღარ შეიცვლება.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რაც უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების პროცესში, არის ყველა დარღვეული უფლების აღდგენა. ეს დამოკიდებულია დარღვევების სფეციფიკაზე. როცა ევროპული სასამართლო საუბრობს, რომ რუსეთი ხელს უშლის დევნილების დაბრუნებას, ეს ნიშნავს, რუსეთს აქვს უკვე სამართლებრივი ვალდებულება, შეაჩეროს ეს განრძობითი დარღვევა.

სიცოცხლის უფლების ხელყოფის, წამების ფაქტებზე ავტომატურად მოითხოვება გამოძიების ჩატარება და პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ეს ჩაიდინა. ეს არის სამართლებრივი ვალდებულება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე და — ყველა ამ დარღვევისთვის კომპენსაცია. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, ეს ქართულ მხარეს გამოსაანგარიშებელი აქვს დარღვევების ბუნებიდან, მასშტაბიდან გამომდინარე და სასამართლოს პრატქიკის მიხედვით. მე დღეს გამიჭირდება თქმა, რამდენი უნდა იყოს კომპენსაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი