ახალი ამბები

ოპოზიციას 1 კვირა რჩება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის — თალაკვაძე

22 იანვარი, 2021 • 1247
ოპოზიციას 1 კვირა რჩება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის — თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკავაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკანონმდებლო ორგანო ერთ კვირაში იმსჯელებს.

თალაკვაძის თქმით, შესაბამისად, ერთი კვირა რჩება იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკების თავიანთ პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.

“საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კონკრეტულ ვადებს ფლობს რეგლამენტით, რომელიც უკვე ამოწურულია და ჩვენ გვავალდებულებს, რომ უკვე შემდეგ პირველივე სხოდმაზე ეს საკითხი გამოვიტანოთ კენჭისყრაზე. რა თქმა უნდა, ვისაც ვერ დაუკავშირდა კომიტეტი პოზიციის გადასამოწმებლად, მათი განცხადებების ვერიფიკაციისთვის,  მათთან მიმართებაში ჩვენთვის ინდიკატორი იქნება ,კენჭირსყრის დღეს ის ადამიანები წარმოდგენილი იქნებიან თუ არა სხდომათა დარბაზში”, —განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, პარტია “მოქალაქეების” ლიდერებთან — ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პოზიციები იმდენად დაახლოებულია, რომ “პოზიტიური შეთანხმების” მოლოდინი აქვს.

როგორც თალაკვაძე ამბობს, თუ “მოქალაქეებთან” ასეთი შეთანხმება შედგება, ის ხელმოსაწერად სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც ღია იქნება. რაც მისი თქმით, ნიშნავს, რომ ამ შეთანხმებამ შესაძლოა სხვა ოპოზიციურ პარტიებს “გზა გაუხსნას”.

დღეს, 22 იანვარს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეხვედნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი აცხადებენ, რომ რიგ საკითხებზე მათი პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა, ნაწილზე კი შეხვედრები გაგრძელდება.

ალეკო ელისაშვილის თქმით, პრობლემურ საკითხად რჩება კვლავ გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა, რამდენადაც მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ ეს პირები პოლიტიკური პატიმრები არიან. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ეს მათი პარტიისთვის პრინციპული საკითხია.

ლევან იოსელიანი კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები “ოცნებასთან” გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი