ახალი ამბები

სტრასბურგის გადაწყვეტილებას მოსკოვიც ზეიმობს

21 იანვარი, 2021 • 2467
სტრასბურგის გადაწყვეტილებას მოსკოვიც ზეიმობს

2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დადებითი განცხადებები გააკეთეს როგორც თბილისში, ისე მოსკოვში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას „საერთო გამარჯვება“ და „საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე“ უწოდა. „დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ხაზი გაუსვა სტრასბურგის გადაწყვეტილებას 8-12 აგვისტოს მონაკვეთთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ „უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“.

რუსეთის წარმომადგენელმა სტრასბურგის სასამართლოში, მ.ლ. გალპენინმა განაცხადა: „ჩვენ შევძელით ევროპელი მოსამართლეების დარწმუნება იმაში, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების სამართლებრივი შეფასება რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება“.

მისი განცხადებითვე, „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვერ იქნა ნაპოვნი რუს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამოქალაქო უფლებების დარღვევის ერთი შემთხვევაც კი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს“.

ამასთანავე, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო წერს, რომ „არ ეთანხმება რიგ დასკვნებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ ინციდენტებზე რუსული მხარის პასუხისმგებლობის [ფაქტობრივი კონტროლის] საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ მოვლენებში რუს სამხედრო მოსამსახურეთა უშუალო მონაწილეობა არ დადგენილა“.

რა გადწყვეტილება მიიღო სასამართლომ რეალურად?

მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, 2021 წლის 21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე.

საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული არაერთი უფლების დარღვევას ედავებოდა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 17-მოსამართლიანმა კოლეგიამ დაადგინა:

  1. 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის;
  2. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ცეცხლის შეწყვეტის (12 აგვისტოს) შემდეგ განვითარებული მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში;
  3. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) მუხლებისა და პირველი მუხლის პირველი პროტოკოლით გათვალისწინებული უფლებების (საკუთრების უფლების) დარღვევის პრაქტიკას;
  4. ერთხმად, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამხრეთოსურმა ძალებმა დააკავეს ცხინვალში დაახლოებით 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში, ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში პირველი მუხლის მიზნებიდან გამომდინარე;
  5. ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (წამების აკრძლვა) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, — საქართველოს 160-მდე დაკავებული მოქალაქის მდგომარეობისა და მათდამი ჩადენილი ღირსების შემლახავი აქტების სახით, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია და ჩაითვალა, როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა;
  6. ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების შერჩევით დაკავებასთან 2008 წლის აგვისტოში;
  7. ერთხმად, რომ ცხინვალში 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული ქართველი პატიმრები ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში, პირველი მუხლის მიზნებისათვის;
  8. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (წამების აკრძალვა) ადმინისტრაციულ დარღვევას — წამების მსხვერპლნიც ქართველი პატიმრები იყვნენ;
  9. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ, რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში მოექცნენ;
  10. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მე-4 პროტოკოლის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (გადაადგილების თავისუფლების) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, — ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ;
  11. ერთხმად, რომ არ დადგინდა პირველი პროტოკოლის მე-2 მუხლის (განათლების უფლების) დარღვევა;
  12. ერთხმად, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება, რომ ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიებინა არა მხოლოდ ის მოვლენები, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ (12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ) მოხდა, არამედ ცეცხლის აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) მომხდარი ფაქტებიც;
  13. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი;
  14. ერთხმად, რომ არ იყოს საჭიროება, სასამართლოს ცალკე შეესწავლა აპლიკანტი მთავრობის (საქართველოს) საჩივარი მე-13 მუხლის დარღვევის შესახებ სხვა მუხლებთან მიმართებაში;
    1. [მე-13 მუხლი სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას იძლევა ყველასთვის, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, — მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა]
  15. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ რესპონდენტმა სახელმწიფომ (რუსეთმა) არ შეასრულა 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;
    1. [38-ე მუხლი ამბობს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას, რომლის ეფექტიანად წარმართვისათვის შესაბამისი სახელმწიფოები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით].
  16. ერთხმად, რომ ჯერჯერობით ვერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული 41-ე მუხლთან დაკავშირებით (ეს მუხლი გულისმხობს სამართლიან დაკმაყოფილებას);

ვრცლად ამ თემაზე:

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი