ახალი ამბები

რუსეთ-საქართველოს შეფასებები და ინტერპრეტაციები სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე | აგვისტოს ომი

21 იანვარი, 2021 • 2834
რუსეთ-საქართველოს შეფასებები და ინტერპრეტაციები სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე | აგვისტოს ომი

რუსეთი და საქართველო განსხვავებულად აფასებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებას. სახელმწიფოთაშორისი დავის მხარეები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ ორივე მათგანის სასიკეთო გადაწყვეტილება გამოიტანა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე გადაწყვეტილებაში ძირითადად დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნები. თუმცა სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია, გაემიჯნა 8-12 აგვისტოს ცეცხლის აქტიურ ფაზაში განვითარებული მოვლენები ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ (12 აგვისტოდან) პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან. ამ ნაწილში საქართველოს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ თქვა, რომ 8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის [კონვენციის პირველი მუხლი ამბობს, რომ მხარეები დაიცავენ ყველას უფლებებსა და თავისუფლებებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში], თუმცა რუსეთის ფედერაცია „ეფექტურ კონტროლს“ ახორციელებდა სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ბუფერულ ზონაზე 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე.

ამის შემდეგ პერიოდში, ძლიერმა რუსულმა სამხედრო წარმომადგენლობამ და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების დამოკიდებულებამ რუსეთის ფედერაციაზე საფუძველი მისცა სასამართლოს დაედგინა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე რუსეთის ფაქტობრივი კონტროლი გაგრძელდა.

იმ აქცენტით, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა საქართველოს ბრალდებები რუსეთის მიმართ 8-12 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, გაავრცელა პრესრელიზი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ.

“ქართული მხარე წარუმატებლად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გამოიყენება არა მხოლოდ მშვიდობიან დროს, არამედ საომარი მოქმედებების სიტუაციაშიც, რაც ფაქტობრივად, ძირს უთხრის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძველებს. ჩვენ მოვახერხეთ დაგვერწმუნებინა ევროპული სასამართლო, რომ 8-12 აგვისტოს პერიოდში რუსეთის სამხედრო ძალების მოქმედებების სამართლებრივი შეფასება მისი იურისდიქციის ფარგლებს გარეთაა. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა არცერთი შემთხვევა რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებების დარღვევისა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს”, – განაცხადა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალპერინმა.

რუსეთი არ ეთანხმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ 12 აგვისტოს შემდეგ პერიოდში განვითარებულ დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, როგორი ინტერპრეტაციებიც არ უნდა მოჰყვეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის მხრიდან, 8 აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდი არის “ერთიანი პროცესი” და ევროპული სასამართლოს მიერ უკვე სამართლებრივად დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთქნიკური წმენდა რუსეთის მიერ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის სამი უმთავრესი ასპექტი, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე ამტკიცებდა და დღეს უკვე სასამართლოს იურიდიული დოკუმენტითაა გამყარებული:

  • ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი;
  • რუსეთი ახორციელებდა და ახორციელებს ამ ტერიტორიების ოკუპაციას;
  • რუსეთმა განახორციელა და ადგილი აქვს განგრძობად ეთნიკური წმენდას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან საკუთარ საცხოვრებელ სახლებში.

“რაც შეეხება 8-12 აგვისტოს პერიოდს, ეს არის აქტიური საბრძოლო მოქმედებების პერიოდი. სტრასბურგის სასამართლოს პირველად მოუწია მსგავსი ხასიათის საქმის განხილვა და პრეცედენტის დადგენა, რამდენად შეუძლია ზოგადად განიხილოს ხოლმე აქტიური [საომარი] მოქმედებების შედეგად წარმოშობილი დავები. ევროპული სასამართლო ადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას და ის მაინცდამაინც არ ერევა სამხედრო კონფლიქტების შეფასებაში.

აქედან გამომდინარეობს 8-12 აგვისტოს პერიოდზე შეფასება. სასამართლომ ფაქტობრივად მიანიშნა, რომ აქტიური მოქმედებების ფაზა არ არის მისი განსახილველი, რადგან ამ პერიოდში მოქმედებს ჰუმანიტარული სამართალი და ევროპული კონვენცია აქტიურად არ ერთვება. შესაბამისად, ეს მარტო საქართველოს კონტექსტში არ არის გასაგები — ევროპულმა სასამართლომ ზოგადი სტანდარტი დაადგინა, რომლის თანახმადაც აქტიურ საომარ მოქმედებებზე ჰუმანიტარული სამართალი (შესაბამისად, სხვა სასამართლოები) უნდა იქნას გამოყენებული”, – განაცხადა ძამაშვილმა.

ჰუმანიტარული სამართალი ეწოდება კანონთა კრებულს, რომელიც ძირითადად ჟენევის კონვენციებს ეფუძნება და იცავს გარკვეული კატეგორიის ადამიანებს შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ეხმარება დაზარალებულებს და ზღუდავს ბრძოლის მეთოდებსა და საშუალებებს, რათა მინიმუმადე შეამციროს ნგრევა, ადამიანებისთვის სიცოცხლის წართმევა და ტანჯვა, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძამაშვილის თქმით, მინიშნებაა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოზე (სადაც ასევე მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება).

“თუმცა 8-12 აგვისტოს პერიოდიდანაც მთლიანად მშრალად არ გამოსულა რუსეთი — სასამართლომ თქვა, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩადენილი მკვლელობების გამოუძიებლობა სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა”, – აღნიშნა ძამაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო რუსეთს ედავებოდა ევროპული კონვენციის 8 შინაარსობრივი მუხლის დარღვევას, საიდანაც სასამართლომ დაადგინა 7 მუხლის დარღვევა (განათლების უფლების გამოკლებით) და დამატებით დაადგინა რუსეთის მხრიდან პროცედურული, 38-ე მუხლის დარღვევაც, რომ რუსეთმა გამოძიებასთან ეფექტურად არ ითანამშრომლა.

8-12 აგვისტოს მოვლენებში რუსეთის პასუხისმგებლობის აცილებას მარცხად აფასებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი.

“8-12 აგვისტოს რუსეთი არ ბომბავდა გორს?! ამ დასკვნას ძალიან ცუდი გავლენა ექნება საქართველოსთვის სხვა მიმდინარე საერთაშორისო დავებში. ამ მარცხზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც რუსეთს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს ომის დაწყებას. კარგია, რომ 12 აგვისტოს შემდეგ მოვლენებზე მაინც სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა, მაგრამ ეს არაფრით არ არის საკმარისი! ამ გადაწყვეტილებით, რუსეთი სრულად გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან 8-12 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულებისთვის”, – წერს თაქთაქიშვილი.

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი