ახალი ამბები

საზღვრის დელიმიტაციის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ბადრი ბიწაძე გამოკითხეს

21 იანვარი, 2021 • 1463
საზღვრის დელიმიტაციის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ბადრი ბიწაძე გამოკითხეს

გენერალურ პროკურატურაში საზღვრის დელიმიტაციის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე გამოკითხეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” პროკურატურაში დაუდასტურეს.

სავარაუდოდ, სწორედ ბადრი ბიწაძეს ახსენებს აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი ფარულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.

“ახლა ჩვენით რომ ვთქვათ, გოგის არ ჰქონდა ნანახი საერთოდ, დავითგარეჯის ისა და მაშინ გოგის ისეთი აქცენტი ჰქონდა, კი მარა, კაცო, ხო მართლები არიანო, ხო, ანუ დააბოლა, რომ ნუ რას ვიღებთ ახალს, არა ვართ მაგ ტერიტორიის დამთმობიო და გოგის ის იყო, რომ. მარა გოგიმ ისიც იცოდა. გოგი და ბიწაძე იყვნენ ჩვენიდან, ხო და მოდი შევთანმხდეთ, შევათანხმოთ ის მომენტი, როგორც აგერ მე-17 არხზე შევათანხმეთ და თქვა, რომ მერე თუ რაღაც იქნება, მერე მოცვლა და რაღაცა, მთავრობებმა გადაწყვიტონ”, — ამბობს მელაშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეზე გამმოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს, 21 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა და მოწმის სახით 100-მდე პირი გამოიკითხა. ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალები.

პროკურორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიოჩამწერი მოწყობილობით.

პროკურორის განცხადებით, ფარული ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე.

პროკურატურის მტკიცებით, დასახელებული ვიდეო/აუდიომასალაში ნაჩვენებია საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავითგარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა “განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ”.

პროკურატურა მელაშვილის კაბინეტიდან მოპოვებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერს აქვეყნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი