ახალი ამბები

პროკურატურა მელაშვილის კაბინეტიდან მოპოვებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

21 იანვარი, 2021 • 1797
პროკურატურა მელაშვილის კაბინეტიდან მოპოვებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეზე გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს, 21 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა და მოწმის სახით  100-მდე პირი გამოიკითხა. ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის, კარტოგრაფიული მასალები.

პროკურორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩაატარეს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიოჩამწერი მოწყობილობით.

“აღნიშნულის შედეგად გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ივერი მელაშვილსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, მალხაზ მიქალაძეს შორის გამართული საუბარი, რომელიც რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავითგარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ვინაიდან საგამოძიებო უწყების მიერ მოცემული ეტაპისთვის უკვე განხორციელდა ფარული ვიდეო/აუდიომასალის განსაიდუმლოება, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული მტკიცებულების თაობაზე”, — განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განცხადებით, ფარული ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე.

“ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და მალხაზ მიქალაძის საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ, მე-17 არხის, დავითგარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს. ფარულ ჩანაწერში ბრალდებული ი.მ. ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავითგარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავითგარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე.

ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავითგარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული. თუმცა, მიუხედავად ამისა, ი.მ. ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

რაც შეეხება მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთს, ი.მ. აღიარებს, რომ დასახელებული მონაკვეთიც, დავითგარეჯის მიმდებარედ არსებული მონაკვეთის მსგავსად, ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გარდა აღნიშნულისა, ფარულ ჩანაწერში საუბარია შეთანხმებულ მე-4, ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე, რომელიც ასევე ქართული მხარის თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა და ამას ბრალდებული ტექნიკურ შესწორებად მოიხსენიებს, თუმცა საზოგადოებას შეუძლია თავად იხილოს, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს თავდაპირველ პოზიციასა და საბოლოოდ შეთანხმებულ მონაკვეთს შორის.

ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი, როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ივერი მელაშვილი საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია”,— განცხადა პროკურორმა.

პროკურატურის მტკიცებით, დასახელებული ვიდეო/აუდიომასალაში ნაჩვენებია საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავითგარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა “განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი