“რუსთავი 2-ის” ეთერში “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაპირისპირების შემდეგ “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ “ოპოზიციაში მოწყობილ ცირკზე ლაპარაკი დაასრულა”. “გირჩი” კი აპირებს, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მათთვის მისაღებ, მათ შორის, ინდივიდუალურ ფორმატში გამართოს.
“იმ ხალხს, ვისაც არ უნდა ალეკო ელისაშვილთან შეხვედრა, ჩვენ ვერ დავავალდებულებთ, რომ შეხვდნენ ალეკო ელისაშვილს. შესაბამისად, ჩვენ შევხვდებით ყველა ადამიანს მათთვის კომფორტულ გარემოში — ვის ვისთანაც უნდა შეხვედრა. მე რასაც ვუსმენ, გუშინდელი დღის შემდეგ ოპოზიციის ნაწილს უბრალოდ არ უნდა ელისაშვილთან საუბარი. გუშინდელი ეთერის შემდეგ “ლელოს” ვერ მოვთხოვთ და უხერხულიც კი იქნება ვუთხრათ, ალეკოსთან ერთად გხვდებითო. ეს ბუნებრივი პროცესია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე “გირჩი” დოკუმენტს ამზადებს, რომელსაც ოპოზიციას გააცნობს.
“კვირის ბოლომდე არაფერი გვაქვს დაგეგმილი, თუმცა ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან კავშირზე ვართ. დაგეგმვა ისეთი გახდა, რომ როგორც კი რამეს დაგეგმავ, ხალხი იძაბება. აგერ, ბატონ ვაშაძესთან გვქონდა დაგეგმილი [შეხვედრა] და მედიის ყურადღება როგორც წამოვიდა პროცესზე, ვაშაძემ უარი თქვა”, – განაცხადა ხვიჩიამ.
“გირჩისა” და “მოქალაქეების” ლიდერების შეხვედრის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საერთო მოქმედების გეგმაზე შეჯერდნენ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრას გეგმავდნენ, მათ შორის, უახლოეს დღეებში გიორგი ვაშაძესთან. სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა განაცხადა, რომ ელისაშვილთან შეხვედრა დაგეგმილი არ ჰქონია.
“ვახო მეგრელიშვილმა მომწერა, როდის ჩამოდიხარო, ვუპასუხე, რომ შაბათს. მოდი, რომ ჩამოხვალ, გადავიკვეთოთო, ოკ – მივწერე. ეს იყო მთელი შეთანხმება”, – განაცხადა ვაშაძემ.
19 იანვარს კი, პოლიტიკური პარტიების, “ლელოს” და “მოქალაქეების” ლიდერები ერთმანეთს გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში დაუპირსპირდნენ. დაპირისპირებას წინ უძღოდა ჟურნალისტის შეკითხვა ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, რომლის თანახამადაც, ხაზარაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ შეხვედრაზე ოპოზიციის გეგმების შესახებ განაცხადა, რომ “ომია ძმაო და რაღაც იქნება”. როგორც გადაცემის კადრებში ჩანს, სწორედ ამ კითხვის დასმის პროცესში შემოდის ალეკო ელისაშვილიც ეთერში.
ხაზარაძემ ელისაშვილის ამ განცხადებას ტყუილი უწოდა და თქვა, რომ “სამწუხარო ფაქტია, როდესაც დახურული შეხვედრიდან ინფორმაცია გადის დამახინჯებულად”. ხაზარაძის ამ განცხადებას უპასუხა ალეკო ელისაშვილმაც. მისი თქმით, ხაზარაძემ ეს ნამდვილად თქვა და ხალხმა უნდა იცოდეს, რაზე ლაპარაკობდა ოპოზიცია დახურულ შეხვედრებზე.
“მეც და ჩვენმა პარტიამაც ამ ცირკზე ლაპარაკი დავასრულეთ, რაც არის ოპოზიციაში მოწყობილი. ვისაც დამატებითი კითხვები აქვს ჩემთან, ხაზარაძესთან, სხვებთან დაკავშირებით, გადახედონ ჩემს წარსულს, რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, სად ვიყავი მე წლების განმავლობაში და გადახედონ სხვების წარსულს, ვინ როდის სად იყო, რა გარიგებებში მონაწილებდა, ხალხისთვის რას აკეთებდა ან არ აკეთებდა, ვისთან იყო შეკრული ან გამოკრული და ა.შ. გარიყვების და გამორიყვების არ გვეშინია, გვეღიმება ამ ყველაფერზე”, – განაცხადა ელისაშვილმა ზემოაღნიშნული ეთერის შემდეგ.
სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და გირჩსაც პარლამენტში – დავითულიანი