ახალი ამბები

“მეგრელიშვილმა მომწერა, რომ ჩამოხვალ, გადავიკვეთოთო, ეს იყო მთელი შეთანხმება” – ვაშაძე

19 იანვარი, 2021 • 875
“მეგრელიშვილმა მომწერა, რომ ჩამოხვალ, გადავიკვეთოთო, ეს იყო მთელი შეთანხმება” – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “მოქალაქეების” ლიდერ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრა დაგეგმილი არ ჰქონია და არც ინფორმაციას ფლობდა, რომ ვახო მეგრელიშვილი ელისაშვილთან შეხვედრას სთავაზობდა.

“ალეკო ელისაშვილთან ჩემი შეხვედრა არ იგეგმებოდა, ასეთი რამ მე საერთოდ არ მსმენია. მე ვიყავი ამერიკაში, ვახო მეგრელიშვილმა მომწერა, როდის ჩამოდიხარო, ვუპასუხე, რომ შაბათს. მოდი, რომ ჩამოხვალ, გადავიკვეთოთო, ოკ – მივწერე. ეს იყო მთელი შეთანხმება.  ასევე იყო დეკემბერში, მომწერა ვახომ, რაღაც იდეა მაქვსო, კი ბატონო, ოფისში ვარ, გამომიარე-მეთქი. გამომიარა, ვისაუბრეთ, წავიდა” ,- ამბობს ვაშაძე.

მისი თქმით, ასეთი შეხვედრები, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლები ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, ყოველთვის იმართება, თუმცა აშშ-დან დაბრუნების წინა დღეს საინფორმაციო გადაცემებიდან შეიტყო “გირჩისა” და ელისაშვილის შეხვედრის შესახებ.

“სტრატეგია აღმაშენელის” ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიცია “ქართულ ოცნებასთანაა” მოლაპარაკებებში და არა ერთმანეთთან, იმ შემთხვევაში კი, თუ პოზიციების შეცვლაზე იქნება საუბარი, ეს ერთიან ოპოზიციურ ფორმატში უნდა მოხდეს და არა ცალკეულ აქტორებთან მოლაპარაკებების შემდეგ:

“ასეთი შეხვედრები ყოვლეთვის არის. სანამ ჩამოვედი, ბოლოს წინა დღეს [გავიგე], აი, გირჩი და ელისაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრეს ამ თემაზე, ისაუბრეს ამაზე, შემდეგ შეხვდებიან გიორგი ვაშაძესო, ჩემთან დაკავშირებით [თქვეს] 90%-ით თანახმაა ამ საკითხზეო. ჩვენ ვართ მოლაპარაკებებში  “ქართულ ოცნებასთან” და არა ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან.

რომ ჩამოვედი, გავაანალიზე, რა ხდება საინფორმაციოში. შევხვედრივარ ვახოს და ხვალაც და ზეგაც შევხვდები, მაგრამ არა ჟურანლისტებით, რომ თითქოს რაღაცა ხდება განსაკუთრებული. თუ პოზიციების შეცვლაზეა საუბარი, ოპოზიციურ ფორმატში ყველა შევხვდეთ და იქ ვიმსჯელოთ ასეთ საკითხებზე. ეს ხომ არ იყო რიგითი სამუშაო შეხვედრა. მით უემტეს, არც გეგმაში მქონდა ალეკოსთან შეხვედრა”, – ამბობს გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა გასულ კვირას ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყეს. ისინი უკვე შეხვდნენ “გირჩის” წევრებს. მათ განიხილეს იდეა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გამოიყენონ, როგორ პლებისციტი. რაც იმას გულისხმობს, რომ  თუ ჯამურად ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებს მოიგებს და  “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს, ახალი არჩევნები სწორედ იმ შემთხვევაში უნდა მოითხოვოს.

როგორც “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, ის “90%-ით დარწმუნებული” იყო  რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებდა, თუმცა ვაშაძემ ელისაშვილსა და “გირჩს” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე უარი უთხრა.

ვაშაძე “გირჩთან” და “მოქალაქეებთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე უარს ამბობს

მასალების გადაბეჭდვის წესი