ახალი ამბები

ვაშაძე “გირჩთან” და “მოქალაქეებთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე უარს ამბობს

18 იანვარი, 2021 • 838
ვაშაძე “გირჩთან” და “მოქალაქეებთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე უარს ამბობს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ “გირჩთან” და “მოქალაქეებთან” ინდივიდუალური შეხვედრა ვერ გაიმართება.

“ეს შეხვედრა, რომელიც რატომღაც დაანონსდა, არ იქნება, რადგან ერთი მხრივ, თვითიზოლაციაში ვარ და, მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში. აქედან გამომდინარე, ეს შეხვედრა ვერ ჩატარდება. სტრატეგია, რომ ოპოზიცია წინადადებას წინადადებაზე ამბობს ყოველთვის წინასწარ, არასწორად მიმაჩნია. ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ “ქართული ოცნების” მხრიდან, შესაბამისად, რამეს დავთანხმდებით თუ არა, ეს არის არასწორი, როცა დღეს ამაზე ვსაუბრობთ”, — განაცხადა ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

როგორც ვაშაძე ამბობს, ყველა წინადადება შეიძლება განიხილონ, თუ ის “ქართული ოცნების” მხრიდან მოდის. მისი თქმით, სტრატეგიულად არასწორია, რომ  ოპოზიციას ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებები აქვს.

“არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, სატელეფონო საუბარი მქონდა გუშინ ვახოსთან [მეგრელიშვილთან] და ნამდვილად ვერ დავაბრალებ ამ ადამიანებს, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებენ, მაგრამ სტრატეგიულად არასწორი და მოლაპარაკებებისთვისაც არასწორი მგონია, რომ ჩვენ, ოპოზიცია, ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებებს ვაწყობთ. ასე მოლაპარაკებები შედეგზე ვერ გავა. ოპოზიციის მხარეს კი არ უნდა ეძებოს ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტა, არამედ „ქართული ოცნების“ მხარეს უნდა ეძებოს ამ პრობლემის გადაწყვეტა”, — განაცხადა ვაშაძემ.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა გასულ კვირას ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყეს. ისინი უკვე შეხვდნენ “გირჩის” წევრებს. მათ განიხილეს იდეა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გამოიყენონ, როგორ პლებისციტი. რაც იმას გულისხმობს, რომ  თუ ჯამურად ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებს მოიგებს და  “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს, ახალი არჩევნები სწორედ იმ შემთხვევაში უნდა მოითხოვოს.

როგორც “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, ის “90%-ით დარწმუნებულია” რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი