ახალი ამბები

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეიდან ახალი კომპანია შეასრულებს – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

19 იანვარი, 2021 • 1287
გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეიდან ახალი კომპანია შეასრულებს – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს 19 იანვრიდან ადგილზე მუშაობის გაგრძელების უფლება ჩამოერთვათ. დღეიდან სამუშაოებს კომპანია “ბაგინეთი +” შეასრულებს “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის” და “იკორთა 2007”-ის ნაცვლად. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული კომპანიები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12- 12 000 ლარით დაჯარიმდნენ.

“სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასულ წელს გაცემული გაფრთხილების მიუხედავად, შემსრულებელმა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს სანებართვო პირობების გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება, რაც მთელ რიგ კონსტრუქციულ ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა”, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარე, 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად აძვრა დროებითი გადახურვის ფრაგმენტი. დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები გუშინ, 18 იანვრის საღამოს დაიწყო, დასრულება კი დღეს იგეგმება.

სააგენტოს ცნობით, სახურავის გამაგრების პარალელურად, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვების ყველა არეალი.

აღდგენითი სამუშაოების წარმართვისთვის საჭირო ფინანსების ანაზღაურება კი კომპანიებს, “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” და “იკორთა 2007”-ს დაეიკისრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი