ახალი ამბები

ჩინეთმა და WHO-მ Covid-19-ის შესაკავებლად დაგვიანებით იმოქმედეს – დამოუკიდებელი ექსპერტები

19 იანვარი, 2021 • 1270
ჩინეთმა და WHO-მ Covid-19-ის შესაკავებლად დაგვიანებით იმოქმედეს – დამოუკიდებელი ექსპერტები

ექსპერტთა დამოუკიდებელი პანელის შეფასებით, ჩინეთსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) COVID-19-ის შეკავება ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე უფრო სწრაფად და ეფექტურად შეეძლოთ. აღნიშულის შესახებ საუბარია შვეიცარიელ ექსპერტთა მეორე შუალედურ დასკვნაში, რომელიც პანდემიისთვის მზადყოფნას და მასზე რეაგირებას სწავლობს.

როგორც CNN წერს, ექსპერტთა შეფასებით, პეკინს შეეძლო გაეტარებინა უფრო მძლავრი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები, როდესაც ვირუსი ქალაქ ვუჰანში თავდაპირველად დააფიქსირეს.

ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ვირუსის პირველი შემთხვევები ვუჰანში 2019 წლის 12 დეკემბრიდან 29 დეკემბრის შუალედში გამოავლინეს, თუმცა შემთხვევის შესახებ WHO-ს 31 დეკემბრამდე არ აცნობეს. 23 იანვრისთვის კი, როცა ვუჰანში კარანტინი გამოცხადდა, ვირუსი უკვე გავრცელებული იყო იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გამოცემა წერს, რომ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აშშ და ავსტრალია, ღიად ადანაშაულებდა პეკინს ეპიდაფეთქების სიმწვავის უფრო მუსბუქად წარმოჩენაში დაავადების გავრცელების საწყის ეტაპებზე და ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგვიანებაში სდებდა ბრალს.

ექსპერტთა დამოუკიდებელი პანელის თანათავმჯდომარემ ჰელენ კლარკმა, რომელიც ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ლიბერიის პრეზიდენტ ელენ ჯონსონთანთან ერთად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გააკრიტიკა, რომელმაც, მათი შეფასებით, განგაშის ზარებს დაგვიანებით შემოჰკრა და გაეროს სააგენტოს რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას შემთხვევების შესახებ დეკემბრის ბოლოს ეცნობა, WHO-მ საგანგებო კომიტეტი 2020 წლის 22 იანვრამდე არ მოიწვია და საგანგებო მდგომარეობაც 30 იანვრამდე არ გამოაცხადა.

“უცნობია, რატომ არ შეიკრიბა კომისია იანვრის მესამე კვირამდე და არც ისაა ცხადი, თუ რატომ ვერ შეთანხმდნენ საგანგებო მდგომაროების გამოცხადებაზე, როდესაც პირველად შეიკრიბდნენ”, – ნათქვამია დასკვნაში.

დოკუმენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ WHO-მ 2020 წლის 11 მარტამდე არ გამოაცხადა ვითარება პანდემიად, როდესაც ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილს და მედიას უკვე დაწყებული ჰქონდა აღნიშნული ტერმინის გამოყენება. ამ დროისთვის უკვე დაავადების 118 000 და გარდაცვალების 4 000 შემთხვევა იყო ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით.

დოკუმენტში საუბარია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს საკმარისი ძალა, რომ შეასრულოს ის საქმე, რასაც მისგან მოელიან. ასევე, მისი შესაძლებლობა მნიშნველოვნადაა შეზღუდული, რათა გადაამოწმოს ინფორმაცია იმის შესახებ, დაავადებების აფეთქებას აქვს თუ არა პანდემიის გამოწვევის პოტენციალი, ან ადგილობრივ დონეზე გაუწიოს მხარდაჭერა [ხელისუფლებებს].

ექსპერტთა აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადახედოს, თუ როგორ უპირისპირდება პანდემიებს. ამ მიმართულებით რეკომენდაციები კი მოკვლევის ფინალურ ეტაპზე, მაისში გამოქვეყნდება.


ახალი კორონავირუსი Sars-Cov-2 2019 წლის მიწურულს ჩინეთში აღმოაჩინეს და მალევე გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში. უკვე 2020-ის მარტში პანდემია გამოცხადდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მთელ მსოფლიოში 96 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 2 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის, საქართელოში 3 ათასამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი