აკაკი საღირაშვილი, რომელიც 2018 წლიდან დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აკაკი საღირაშვილი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია. 1997-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
2007-2015 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, 2009-2011 წლებში იყო კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი.