ახალი ამბები

სწორი ფოკუსია ივანიშვილის განცხადებების უგულებელყოფა – მარგველაშვილი

18 იანვარი, 2021 • 1838
სწორი ფოკუსია ივანიშვილის განცხადებების უგულებელყოფა – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა/არწასვლის საკითხზე სიღრმისეულ მსჯელობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მარგველაშვილის თქმით, ქართულ საზოგადოებას აქვს ნათელი პოლიტიკური გამოწვევები და ახალი არჩევნების დანიშვნიდან სხვა საკითხებზე გადართვა მთავარ საკითხს წონას აკლებს.

“სწორი ფოკუსია სრული უგულებელყოფა იმ განცხადებების, რომლის ავტორი ამდენი წლის განმავლობაში ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს”, – განაცხადა მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში.

ექსპრეზიდენტის თქმით, მას გაუჭირდება თქმა, რომ პირველი წასვლის შემდეგ, ბოლო 7 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული რომელიმე განცხადება სიმართლე აღმოჩნდა.

“როდესაც გაქვს 7-წლიანი მუდმივი ფაქტი მუდმივი თაღლითობის, როდესაც ერთს ამბობ — მეორეს აკეთებ, მეორეს ამბობ — მესამეს აკეთებ და ბოლო პერიოდში ეს არაერთხელ გათამაშდა, რა არგუმენტით უნდა დავიწყო სერიოზულად განხილვა იმ ტექსტის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით გამოვიდა?! ცოტა კომიკურ ვითარებაში ვიქნები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ტყუილის ანალიზი შეცდომაა, რადგან მაყურებლის რჩება შთაბეჭიდლება, რომ ტყუილში შესაძლოა სიმართლის მარცვალი იყოს.

“ჯერ ერთი, პოლიტიკურად წამგებიანია, როდესაც სხვაზე ამდენს ლაპარაკობს და მეორე — ინტელექტუალურად შეურაცხმყოფელია, დავიწყო იმ ტყუილის განხილვა, რომელიც ერთხელ უკვე გახდა ფაქტი”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.


ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლისა და სამოქალაქო სექტორში გადასვლის შესახებ პირველად 2013 წლის ნოემბერში განაცხადა. წლების განმავლობაში ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და უცხოელი დამკვირვებლები საუბრობდნენ არაფორმალურ მმართველობაზე საქართველოში, 2018 წელს კი ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდა.

ივანიშვილმა პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შესახებ მიმდინარე წლის 11 იანვარს განაცხადა.

„მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“ ,- წერს ივანიშვილი ვრცელ წერილში, რომელიც პარტიამ გაავრცელა.

 

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი