ახალი ამბები

“გამოდით ქუჩაში” – ნავალნის გუნდი 23 იანვრიდან აქციებს აანონსებს

18 იანვარი, 2021 • 873
“გამოდით ქუჩაში” – ნავალნის გუნდი 23 იანვრიდან აქციებს აანონსებს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და მისი ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ 23 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ალექსეი ნავალნი გუშინ, რუსეთში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. მას სასამართლომ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი პოლიციის განყოფილებაში გაიმართა.

მალევე განყოფილებიდან გავრცელდა ნავალნის ვიდეო, რომელშიც მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს.

„მათ [პუტინის ხელისუფლებას] ყველაზე მეტად მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ. იმიტომ, რომ ეს არის ის რაღაც, ის პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. ის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ეს არის პოლიტიკის არსი.

ამიტომ არ შეგეშინდეთ – გამოდით ქუჩაში. გამოდით არა ჩემთვის, არამედ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის“, – ამბობს ნავალნი ვიდეომიმართვაში.

მალევე ტვიტერზე ალექსეი ნავალნის შტაბის წარმომადგენლებმა განცხადებები გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ 23 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავენ. მთავარი მოთხოვნა ნავალნის გათავისუფლება იქნება, რომლის სასამართლო პროცესიც 29 იანვარსაა დანიშნული.

ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთში “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვე გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში პატიმრობა ემუქრება. რუსეთის ხელისუფლება მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი 356 მილიონი რუსული რუბლის (4.8 მილიონი აშშ დოლარი) თაღლითურად მისაკუთრებასა და დახარჯვაში ადანაშაულებს. ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს მიიჩნევს პოლიტიკოსი. ბოლო დღეებში რუსეთში  მასზე ძებნაც გამოცხადდა.

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი