ახალი ამბები

მოსკოვში დაბრუნებული ნავალნი მილიციელებმა აეროპორტშივე დააკავეს

17 იანვარი, 2021 • 1575
მოსკოვში დაბრუნებული ნავალნი მილიციელებმა აეროპორტშივე დააკავეს

განახლება, 22:22 — ნიუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმიშმა ტვიტერზე დაწერა, რომ სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ნავალნი დაკავებულია მის წინააღმდეგ არსებული ბრალდების გამო.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც “ნოვიჩოკით” მოწამვლისა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ დღეს, 17 იანვარს დაბრუნდა მოსკოვში, მილიციელებმა აეროპორტიდან ცალკე გაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ის დააკავეს და სასამართლო პროცესამდე პერიოდს იზოლატორში გაატარებს.

მას სამართალდამცავებმა ცალკე გაყოლა მოსთხოვეს, “საზღვრის კვეთის გარემოებების გასარკვევად”. რადიო “თავისუფლების” პირდაპირ ეთერში ჩანს, თუ როგორ ითხოვს “შერემეტევოს” აეროპორტში ჩასული ნავალნი მიზეზის ახსნას, თუ სად მიჰყავთ ის.

“თუ მაკავებთ, ჩემს ადვოკატთან ერთად წამოვალ, თუ არ მაკავებთ, მაშინ გაათავისუფლეთ გზა და მომეცით ქვყანაში შემოსვლის უფლება” – ეუბნება სამართალდამცავებს ნავალნი. თუმცა, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ის სამართალდამცავებს გაჰყვა. მისმა თანხმლებმა პირებმა, მათ შორის, ადვოკატმა, ცოლმა იულიამ, პრესსპიკერმა და სხვებმა სასაზღვრო კონტროლი ჩვეულებრივ გაიარეს. მისი თანმხლებებისთვის თავიდან უცნობი იყო, დააკავეს თუ არა რუსი ოპოზიციონერი. ის ცოლს სასაზღვრო კონტროლთან დაემშვიდობა და მილიციელებს გაურკვეველი მიმართულებით მარტო გაჰყვა.

სასაზღვრო კონტროლის ზონიდან გაყვანიდან რამდენიმე წუთში ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმიშმა ტვიტერზე დაწერა, რომ ნავალნი დაკავებულია. ამის შესახებ სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადეს. დაკავების მიზეზად კი ნავალნის წინააღმდეგ არსებული ბრალდება დაასახელეს.

ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვისკენ დღეს გამოფრინდა. ავიაკომპანია “პობედას” სამგზავრო თვითმფრინავი მოსკოვის “ვნუკოვოს” აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, სადაც ნავალნის ასეულობით მხარდამჭერი შეიკრიბა. მათი ნაწილი, სულ მცირე, 40 ადამიანი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

მოგვიანებით, “ვნუკოვოს” ნაცვლად თვითმფრინავი “შერემეტევოს” აეროპორტში დაეშვა.

ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთში “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვე გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში დაპატიმრება ემუქრება. რუსეთის ხელისუფლება მას თავისივე დაფუძნებული ორგანიზის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი 356 მილიონი რუსული რუბლის (4.8 მილიონი აშშ დოლარი) თაღლითურად მისაკუთრებასა და დახარჯვაში ადანაშაულებენ. ბრალდებებს პოლიტიკურად მიიჩნევს პოლიტიკოსი. მასზე რუსეთში ბოლო დღეებში ძებნაც გამოცხადდა.

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება

მთავარ ფოტოზე: ალექსეი ნავალნი “შერემეტევოს” აეროპორტში, სასაზღვო კონტროლთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი