ახალი ამბები

დაპატიმრების საფრთხის მიუხედავად, ნავალნი მოსკოვში ბრუნდება

17 იანვარი, 2021 • 1466
დაპატიმრების საფრთხის მიუხედავად, ნავალნი მოსკოვში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, მიუხედავად დაპატიმრების საფრთხისა, გერმანიიდან მოსკოვში ბრუნდება. მისი თვითმფრინავი მოსკოვში ადგილობრივი დროით 19:20 საათზე უნდა დაეშვას (თბილისის დროით 20:20).

ნავალნის ჩასვლას განსაკუთრებით ელოდებიან მისი მხარდამჭერები, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტში არიან შეკრებილები. აეროპორტში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმიც.

როგორც რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იტყობინებიან, აეროპორტში უკვე დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.


ალექსეი ნავალნის, რომელიც ბოლო რამდენიმე თვე გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში დაპატიმრება ემუქრება. მასზე რუსეთში ბოლო დღეებში ძებნაც გამოცხადდა “პირობითი მსჯავრის” პირობების დარღვევის გამო, რომელიც მას 2017 წელს შეუფარდა სასამართლომ. გარდა ამისა,  რუსეთის ხელისუფლება მას თავისივე დაფუძნებული ორგანიზის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი 356 მილიონი რუსული რუბლის (4.8 მილიონი აშშ დოლარი) თაღლითურად მისაკუთრებასა და დახარჯვაში ადანაშაულებენ. ბრალდებებს პოლიტიკურად მიიჩნევს პოლიტიკოსი.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. იგი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. ნავალნის ფრენისას გული წაუვიდა.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.

რუსმა ოპოზიციონერმა 21 დეკემბერს Youtube-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც, მისი თქმით, ურეკავს რუსეთის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს, კონსტანტინ კუდრიავცევს, რომელსაც თავი უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლად წარუდგინა. ნავალნის განცხადებით, კუდრიავცევმა აღიარა, რომ მას ნავალნის მკვლელობა ქონდა დავალებული.

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი