ახალი ამბები

ღია ცის ხელშეკრულებას აშშ-ის შემდეგ რუსეთიც ტოვებს

15 იანვარი, 2021 • 777
ღია ცის ხელშეკრულებას აშშ-ის შემდეგ რუსეთიც ტოვებს

რუსეთის ფედერაცია “ღია ცის ხელშეკრულებას” ტოვებს. ოფიციალური განცხადება ხელშეკრულების დატოვებასთან და მასთან დაკავშირებულ სხვა საჭირო პროცედურების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

“2020 წლის 22 ნოემბერს ხელოვნურად შექმნილი საბაბით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა ღია ცის შეთანხმება. ეს შეთანხმების ხელმომწერ წევრ სახელმწიფოთა შორის ინტერესთა ბალანს არსებითად არღვევს. ამან ზიანი მიაყენა ხელშეკრულების ფუნქციონირებას და ძირი გამოუთხარა მას, როგორც ნდობისა და უსაფრთხოების მშენებელ მექანიზმს”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსული მხარის განცხადებით, მათ წარმოადგინეს კონკრეტული წინადადებები, რათა შეენარჩუნებინათ შეთანხმების ფუნქციონირება ახალ რეალობაში, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამ შეთავაზებების გათვალისწინება არ მომხდარა.

“ახალ პირობებში ხელშეკრულების შემდგომი ფუნქციონირებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების აღმოფხვრისას პროგრესის არარსებობის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, რომ გამოაცხადოს შიდა პროცედურების დაწყება, რათა ქვეყანამ დატოვოს ღია ცის შეთანხმება”, – აცხადებს სამინისტრო.


ღია ცის შეთანხმება 2002 წლიდან არსებობს და მასში ამჟამად, რუსეთის ჩათვლით, 34 ქვყანაა გაწევრიანებული. შეთანხმება გულისხმობს მასზე ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიაზე სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ შეუარაღებელი სამონიტორინგო ფრენების დაშვებას.

შეთანხმება დატოვა აშშ-მა, შეთანხმების წევრია საქართველოც.

მასალების გადაბეჭდვის წესი