ახალი ამბები

რატომ ვერ აჩერებენ აფხაზეთში ე.წ. კრიპტომაინინგს – დე ფაქტო მინისტრის განმარტება

13 იანვარი, 2021 •
რატომ ვერ აჩერებენ აფხაზეთში ე.წ. კრიპტომაინინგს – დე ფაქტო მინისტრის განმარტება

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, დიმიტრი დბარის თქმით, რეგიონში ე.წ. კრიპტოფერმების შეჩერება შეუძლებელია ზოგიერთი მაღალჩინოსნის თანამონაწილეობის გამო.

წლების განმავლობაში, ელექტროენერგიის ფასის სიიაფისა და ხელმისაწვდომობის გამო, აფხაზეთში კრიპტოვალუტების მოპოვება მომგებიანი ბიზნესი იყო. თავის მხრივ, კრიპტოვალუტის მოპოვება ენერგოტევადი დარგია და ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებას საჭიროებს.

დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც სწორედ ამ კრიპტოფერმებსა და კრიპტოვალუტის „მაინინგზე“ [მოპოვებაზე] იმსჯელეს. 

ამავე შეხვედრაზე იმყოფებოდა კომპანია „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელი:

„ჩვენ ვთიშავთ ფერმებს, მაგრამ ისინი კვლავ აგრძელებენ თავიანთ მუშაობას. კრიპტოფერმერებს პატარა საჯარიმო სანქციები არ აშინებთ. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ დიდ კრიტპროფერმებთან ერთად ჩნდება პატარა ფერმებიც, კერძო სახლებსა და სასტუმროებში, რომელთა კვალის აღებაც შეუძლებელია.

აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება – მოწყობილობების, ქონების კონფისკაცია,“ –  „აპსნიპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განაცხადა კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ბაგაფშმა.

რაც შეეხება დე ფაქტო შს სამინისტროს, დიმიტრი დბარი ამბობს, რომ ფერმებს კრიპტოვალუტის მოპოვებაში მაღალჩინოსნებიც ეხმარებიან, რის გამოც მითი შეჩერება დიდწილად შეუძლებელია.

კრიპტოვალუტების მოპოვება აფხაზეთში

წლების განმავლობაში, ელექტროენერგიის ფასის სიიაფისა და ხელმისაწვდომობის გამო, აფხაზეთში კრიპტოვალუტების მოპოვება მომგებიანი ბიზნესი იყო. თავის მხრივ, კრიპტოვალუტის მოპოვება ენერგოტევადი დარგია და ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებას საჭიროებს.

ენერგიის მოხმარების ჭარბი ზრდა, ზრდის დაწოლა ენერგიის მიწოდების ქსელებზე. ჯერ კიდევ 2018 წელს იმდროინდელი აფხაზეთის დე დაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა კრიპტოვალუტების მოპოვების შეზღუდვის შესახებ, თუმცა სამართლებრივი დოკუმენტი მხოლოდ ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დროს დამტკიცდა

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის განცხადებით, აფხაზეთში აიკრძალა ყველა სახის კრიპტოვალუტის წარმოება.

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ამ საკითხში პრიორიტეტები არ აქვს. არსებობს დადგენილება – ვინც არ უნდა აწარმოებდეს კრიპტოვალუტას, ყველას უნდა გაეთიშოს”, – განაცხადა დეკემბრის თვეში ოზგანმა.

იქამდე, კრიპტოვალუტის მაინინგი აფხაზეთში ოფიციალურად არ ეკრძალებოდათ მათ, ვისაც ამის ნებართვა გააჩნდა. თუმცა, ელექტროენერგიის მზარდი ხარჯვისა და კრიზისის შექმნის ფონზე, დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ყოველდღიურად ხდება უკანონო საწარმოების აღმოჩენა და მათი დახურვა. კანონიერად მომუშავე საწარმოებს კი საქმიანობა 2021 წლის მაისამდე შეუჩერეს. ამის მიუხედავად, კრიპტოვალუტის საწარმოები აფხაზეთში კვლავ მუშაობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კრიპტოფერმების დიდი ნაწილი ჩინოვნიკების მფლობელობაშია.


აფხაზეთის ენერგომოხმარების შესახებ გირჩევთ სტატიებს ნეტგაზეთის არქივიდან:

ელექტროენერგიის კრიზისი აფხაზეთში “ენგურჰესი” რამდენიმე თვით გაჩერდება – რა ელის აფხაზეთს  

ელექტროენერგიის კრიზისი აფხაზეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი