ახალი ამბები

დონალტ ტრამპის ანგარიში YouTube-მაც დაბლოკა

13 იანვარი, 2021 • 944
დონალტ ტრამპის ანგარიში YouTube-მაც დაბლოკა

YouTube პრეზიდენტ დონალ ტრამპის არხს მინიმუმ ერთი კვირით, პოტენციურად კი უფრო დიდი ხნით დაბლოკავს. კომპანიის განცხადებით, მიზეზი პრეზიდენტის არხის მიერ YouTube-ის პლატფორმის წესების დარღვევაა.

ვიდეოპორტალმა ამერიკულ CNN-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ატვირთული უკანასკნელი ვიდეო მიჩნეულია ძალადობის შემცველად, რის გამოც წაიშალა. YouTube-მა ასევე წაშალა დონალდ ტრამპის ვიდეო თეთრი სახლის არხიდანაც, რომელიც, მათივე განცხადებით, ასევე არღვევდა პლატფორმის წესებს.

იუთუბის განცხადებით, ტრამპის მიერ დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მისი არხი ორი კვირით დაიბლოკება, კიდევ ერთხელ განმეორების დროს კი, სამუდამოდ წაიშლება.

აქამდე YouTube იყო ერთადერთი მთავარი სოციალური მედია, რომელსაც რაიმე ფორმით არ ჰქონდა შეზღუდული დონალდ ტრამპის კუთვნილი ანგარიშები. Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიში დროებით დაბლოკა, მაშინ, როდესაც Twitter-მა ის სამუდამოდ წაშალა. ტრამპის სოციალური მედიის ანგარიშები დაბლოკილია Instagram-სა და Snapchat-ზეც.


პრეზიდენტის სოციალური მედიის ანგარიშების დაბლოკვა კაპიტოლიუმზე 6 იანვრის თავდასხმას მოჰყვა. ტრამპმა თავდაპირველად მოუწოდა თავის მომხრეებს, ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობასთან შეკრებილიყვნენ და არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, კანონმდებლებისთვის არ მიეცათ ჯო ბაიდენის მომავალ პრეზიდენტად დამტკიცების საშუალება, რადგან მისივე თქმით, არჩევნები გაყალბდა და მას გამარჯვება მოჰპარეს.

მოგვიანებით საკუთარ მხარდამჭერებს სახლში დაბრუნებისაკენ მოუწოდა. კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა. მათი ნაწილის სიკვდილი უშუალოდ გამოიწვია სხვადასხვა სახის დზიანებამ, ნაწილის გარდაცვალების მიზეზი კი გულის შეტევა გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი