ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმის ჩხუბის ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირი გირაოთი გამოუშვეს

11 იანვარი, 2021 • 1153
შაქარაშვილის საქმის ჩხუბის ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირი გირაოთი გამოუშვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 11 იანვარს, შაქარაშვილის საქმის ჩხუბის ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირი გირაოთი გამოუშვა.

ბრალდებულების ადვოკატები ჟურნალისტებთან  ამბობენ, რომ მოსამართლემ ბრალდებულები 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამასთანავე, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ სამივე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. შესაბამისად, როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებების განადგურების რისკი.

გამოძიება სამ ბრალდებულს – საბა გოქსელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს- ძალადობასა და სხეულის მსიბუქ დაზიანებას ედავება, კონკრეტულად, აგარაკზე მომხდარ ჩხუბის ეპიზოდზე და არა უშალოდ მკვლელობის საქმეზე.

მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1¹ ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით. აღნიშნული მუხლი გულიხმობს ჯგუფურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას (რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია მძიმე დაზიანება) ორი ან მეტი პირის მიმართ.

დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 2020 წლის 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო ორ ეპიზოდს განიხილავდა. ცალკე გამოყოფილია ჯგუფურ ძალადობასა და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარმოებული საქმე, მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს კი სასამართლო განცალკევებულად განიხილავს

შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი