ახალი ამბები

“ქართულ ოცნებას” მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. ესაა ჩემი ოცნება – ივანიშვილი

11 იანვარი, 2021 • 2067
“ქართულ ოცნებას” მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. ესაა ჩემი ოცნება – ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს. აღნიშნულის შესახებ ის ვრცელ წერილში საუბრობს, სადაც ასევე აცხადებს, რომ პარტიასა და პოლიტიკას საბოლოოდ ტოვებს.

ივანიშვილი თავის წერილში ამბობს, რომ საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. წერილში ვრცლად მოიხილავს, მისი აზრით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიღწევებს და კვლავ ასევე ვრცლად საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაზე.

“გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია. არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. მე არასდროს დამიშვია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა გარინდებული და უსიცოცხლო ოპოზიციის არსებობა. ჩემთვის მიუღებელია არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს, რაც დემოკრატიისათვის აუცილებელი და სასარგებლოც კია, არამედ გასაოცარია მათი კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა”, – წერს ივანიშვილი და დასძენს:

„დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება.

გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება.

მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით“, – წერს ივანიშვილი.

წერილის ბოლოს ასევე დასძენს, რომ საბოლოოდ მიდის პოლიტიკიდან და ტოვებს საჯარო სივრცეს.

„მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები“, – ამბობს ის.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. „ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, მისი ადგილი დროებით უნდა დაიკავოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი