ახალი ამბები

ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს, მათ შორის საქართველოზე — მიკსი

10 იანვარი, 2021 • 1238
ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს, მათ შორის საქართველოზე — მიკსი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსი აცხადებს, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ადმინისტრაცია ნატოს მოკავშირეებზე რუსეთის თავდასხმებს წინ აღუდგება. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია არ აპირებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისპოლიტიკას შემწყნარებლობით მიუდგეს.

“დიახ, ჩვენ წინ აღვუდგებით რუსეთს. ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატოს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო. ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი [რუსეთი] ბალკანეთში მოქმედებდნენ, არ გვინდა, რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს მოკავშირეებსა და დემოკრატიებს მთელს ევროპაში. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ, პუტინს შემწყნარებლობით მივუდგეთ და ვთქვათ, რომ რასაც ის აკეთებს, მისაღებია. მაგალითად, რაც უკრაინაში ხდება, ყირიმში. ჩვენს მოკავშირეებს გვერდით დავუდგებით, ხმას ავიმაღლებთ და რუსეთს ამ კუთხით წინ აღვუდგებით”, — განაცხადა მიკსმა.

გრეგორი მიკსმა საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და ქართველ კოლებს ურჩია, რომ ყურადღება სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე გაამახვილონ.

“ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს.

ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ შეერთებულ შტატებშიც კი ვიხილეთ, რომ ხალხი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის გვერდზე მყარად იდგა და რამდენჯერმე მას ხმა მისცა, ამბობს, რომ არ დაუშვებენ მის ამგვარ ქცევას და არჩევნების უარყოფის მცდელობას, რომელიც აქ სასამართლოებმა და საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურა. არ დაუშვებენ, რომ ის საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს გადავიდეს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, რომ შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს”, — განაცხადა მიკსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი