ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სერგეი შამბა: ხანძრებთან ბრძოლაში თბილისის დახმარება არ გვჭირდება

8 იანვარი, 2021 • 2558
სერგეი შამბა: ხანძრებთან ბრძოლაში თბილისის დახმარება არ გვჭირდება

დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ sova news-სთან საუბრისას განაცხადა, რომ “სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება”.

“ამგვარი საჭიროება არ არსებობს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ხანძარს უმკლავდებიან”, – განაცხადა შამბამ.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, მათ არაერთგზის შესთავაზეს დე ფაქტო მთავრობასა და საოკუპაციო რეჟიმს ხანძრის ჩაქრობისთვის დახმარება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დახმარება გაუწიოს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ვერტმფრენების გამოყენებითაც.


აფხაზეთში ტყის ხანძრები 4 იანვრიდან გაჩნდა. ხანძრის კერები დაფიქსირდა გალის, ოჩამჩირის, გაგრისა და გუდაუთის რაიონებში.

გალის რაიონში დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი, ტყის მასივი და თხილის ნარგავების ასობით ჰექტარი, რაც მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო.

გაგრის რაიონში ცეცხლი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ფიჭვის უნიკალურ ტყეს უკიდია. მოსახლეობის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება.

დღეს დილით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის ძირითადი კერები ფრაგმენტირებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი