ახალი ამბები

თეოლოგთა ნაწილი მეუფე იოანეს საკითხზე საეკლესიო სასამართლოს მოწვევას ითხოვს

8 იანვარი, 2021 • 1225
თეოლოგთა ნაწილი მეუფე იოანეს საკითხზე საეკლესიო სასამართლოს მოწვევას ითხოვს

თეოლოგთა ნაწილი, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს მიმართ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნეს, მეუფე იოანესთან დაკავშირებით საეკლესიო სასამართლოს გამართვას ითხოვს.

კრიტიკული წერილის გამოქვეყნების შემდეგ, მეუფე იოანემ რუსთავი 2-თან თქვა – „ესენი წარმართები არიან, მათ არ უნდათ .. მათ დიალოგი არ უნდათ, მათ მხოლოდ ლაფისა და ქვების სროლა უნდათ ადამიანებზე და ეკლესიაზე,“.

სწორედ ამ განცხადებას ეხმიანებიან თეოლოგები და ამბობენ, რომ იოანე გამრეკელმა ამით მათიშეურაცხყოფა მიაყენა.

„ჩვენ, შეშფოთებულნი ვართ ხსენებული მღვდელმთავრის ოდიოზური, უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადებით, რითაც მან ურცხვად შეურაცხყო ჩვენი ნათლობის საიდუმლო, ჩვენ მიერ არაერთგზის, ერთგულებით დამოწმებული ქრისტიანულ რწმენა, პროფესიული სინდისი და საღვთისმეტყველო განათლება. ამასთან, ჩვენი სახით მან დააკნინა და შეურაცხყო სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულ თეოლოგთა მრავალი თაობა.

მივმართავთ სინოდს: მოვითხოვთ საეკლესიო სასამართლოს – ბრალმდებელი მღვდელმთავრის თავხედურ და დამამცირებელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მან მკრეხელურად შებღალა ჩვენი ღირსება, ნათლობის საიდუმლო და ველური ბრალდებით შეეცადა ჩვენს დისკრედიტაციას!“ – ნათქვამია განცხადებაში.

თეოლოგები ამბობენ, რომ თუკი მეუფე იოანე მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებას ვერ დაადასტურებს – „ საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული იურიდიული ნორმების შესაბამისად, მოვითხოვთ შესაბამის და საკადრის სანქციას აღნიშნულ საქციელთან დაკავშირებით, კერძოდ კი, სასჯელის უმკაცრეს ზომას – მის განკვეთას სასულიერო ხარისხიდან!,“.

განცხადებას ხელს აწერენ – თეოლოგები:

  • ზვიად ცაბაძე
  • გიორგი ტიგინაშვილი
  • ვლადი ნარსია
  • გოჩა ბარნოვი
  • გურამ ლურსმანაშვილი
  • დავით თინიკაშვილი
  • ვანო შოშიაშვილი
  • მიხეილ ნებიერიძე
  • დავით ნებიერიძე
  • გიორგი გეგუჩაძე
  • რატი ბიგანიშვილი
  • გურამ პაპავა
  • გოგა ესიავა

ეკლესიის ისტორიის მკვლევარები:

  • ბექა ჭიჭინაძე
  • შოთა მათითაშვილი

ქართველ თეოლოგთა ნაწილმა პატრიარქ ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნებამდე გაავრცელა კრიტიკული წერილი, სახელად “ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე”.

თეოლოგთა განცხადებით, ისინი გრძნობენ ვალდებულებას, “რათა დედაეკლესიის ჯანსაღ მდგომარეობაზე იზრუნონ და განსაკუთრებით ფხიზელი თვალით დააკვირდნენ სასულიერო იერარქიის ქმედებებს”, ხოლო ამ წერილის მიზანს ” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სავალალო და კრიზისული მდგომარეობის გაანალიზება და წმინდა სინოდისათვის პრობლემების აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის შეხსენებაა”.

ამ წერილში საპატრიარქოს არაერთი განცხადება თუ ქმედებაა გაკრიტიკებული. ვრცლად წერილი წაიკითხეთ აქ. 

ნახეთ ასევე:

ისრაელის ელჩი მიტროპოლიტ იოანეს ქადაგებასა და შემდგომ განმარტებას ეხმაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი