ახალი ამბები

სასამართლომ 38 საარჩევნო უბნიდან მოთხოვნა მხოლოდ 12-ზე დაგვიკმაყოფილა — საია

8 იანვარი, 2021 • 975
სასამართლომ 38 საარჩევნო უბნიდან მოთხოვნა მხოლოდ 12-ზე დაგვიკმაყოფილა — საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გასაჩივრებული 38 უბინიდან სასამართლომ მოთხოვნა მხოლოდ დააკმაყოფილა 12 უბანთან დაკავშირებით.

საია დავობდა საუბნო სასამართლოში საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების კანონიერების და მონაცემების ხელახალი გადათვლის საკითხზე.

“შედეგად, 1 უბნის მონაცემები გაუქმდა სრულად (რუსთავის ოლქი, უბანი –12.20.87), რადგან შემაჯამებელი ოქმები გადასწორებული იყო კორექტორით, ასევე, ოქმი არ იყო დამოწმებული ბეჭდით და არ ფიქსირდებოდა კომისიის წევრების ხელმოწერები. ამასთან, შემაჯამებელი ოქმი, შესწორების ოქმი და ჩანაწერთა წიგნის მონაცემები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

დიდუბის ოლქში 2 უბანის მონაცემების ხელახალი გადათვლისას მნიშვნელოვანი ცდომილებები დაფიქსირდა:

06.08.27 უბნის მონაცემების ხელახალი გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ საარჩევნო სუბიექტს – ,,ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებს“ 2 ხმის ნაცვლად მიღებული ჰქონდა 32 ხმა.

06.07.02 უბანზე ბათილი ბიულეტენები ჩათვლილი იყო ნამდვილ ხმებში. კერძოდ, 41-ე ნომერს მითვლილი ჰქონდა 21 ბათილი ბიულეტენი, მე-5 ნომერს – 3 ბათილი ბიულეტენი, მე-8 ნომერს – 2, ხოლო მე-17 და 25-ე ნომრებს თითო-თითო ბათილი ბიულეტენი”, — აცხადებს საია.

მათივე ცნობით, ასევე აღმოჩნდა, რომ დალუქულ დოკუმენტაციაში არ იყო სპეციალური სია, რის გამოც ვერ დადგინდა, სპეციალური სიიდან რამდენმა პირმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

“შესაბამისად, სულ რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ უბანზე, გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნის შედეგები გადათვლის შედეგად ჩასწორებული მონაცემებით მიიჩნია ნამდვილად. საია არ ეთანხმება ოლქის გადაწყვეტილებას და უბნის ბათილობის მოთხოვნით ახალი სარჩელი წარადგინა სასამართლოში. საქმის განხილვა დღესაა ჩანიშნული”, — აცხადებს საია.

მასალების გადაბეჭდვის წესი