ახალი ამბები

კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევის გამო ჩინეთი 11-მილიონიან ქალაქს სრულიად კეტავს

8 იანვარი, 2021 • 924
კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევის გამო ჩინეთი 11-მილიონიან ქალაქს სრულიად კეტავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქალაქ შიძიაჯუანის სრულ ჩაკეტვასა და დანარჩენი ქვეყნისგან იზოლირებას გეგმავს. მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამ ქალაქში კორონავირუსის 100-ზე მეტი შეთხვევა დაფიქსირდა.

BBC-ის ინფორმაციით, ქალაქის მცხოვრებლებს აკრძალული აქვთ დატოვონ ქალაქი. ასევე, დაიკეტა სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები.

შიძიაჯუანში გაიხსნა კორონავირუსზე ტესტირების 5 000-ზე მეტი “სადგური”, რათა ქალაქის ყველა მაცხოვრებელი შემოწმდეს.

ვირუსით ინფიცირების ბოლო მონაცემები, ყველაზე მაღალია უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში დაფიქსირებულ რიცხვებზე.

ჰებეის/ხებეის პროვინციაში, სადაც შიძიაჯუანი მდებარეობს, გუშინ კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ინფიცირებულთაგან ყველა აღნიშნული ქალაქის მცხოვრები იყო. გუშინდელი მონაცემებით, ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე მხოლოდ 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქალაქის სრული ჩაკეტვა წინ უსწრებს ჩინური ახალი წლის დღესასწაულს, რა დროსაც, როგორც წესი, ადამიანები საკუთარ სახლებში ბრუნდებიან, რათა ახალი წელი ოჯახთან ერთად აღნიშნონ.


კორონავირუსი ჩინეთიდან, ქალაქ ვუჰანიდან გავრცელდა. 2020 წლის დასაწყისში, ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანამ შეძლო ქალაქის სრული იზოლირებითა და მოსახლეობის ტესტირებით კორონავირუსის გავრცელების ლოკალურ დონეზე შეჩერება, თუმცა ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უკვე მარტში პანდემიაც გამოცხადდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგამოძიებო გუნდი, რომელსაც კორონავირუსის წარმოშობის შესწავლა ჰქონდა დავალებული, მიუხედავად ჩინეთსა და WHO-ს შორის მიღწეული შეთანხმებისა, ამ დრომდე ვერ ახერხებს ჩინეთში ჩასვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი