ახალი ამბები

მინდვრებსა და ტყეებში ხანძრებს კვლავ ებრძვიან: ბოლო ცნობები

7 იანვარი, 2021 • 927
მინდვრებსა და ტყეებში ხანძრებს კვლავ ებრძვიან: ბოლო ცნობები

ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძრების 9 კერიდან 4 ლიკვიდრებულია, 3 ლოკალიზებული, 2-ზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები: ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 7 იანვრის საღამოს გაავრცელა.

უწყების თანახმად, მეხანძრე-მაშველთა 350- კაციანი შემადგენლობა 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ხანძარს ერთდროულად ებრძოდა. დღის განმავლობაში დაემატა კიდევ სამი კერა, მათ შორის, ორი სამეგრელოში, ერთი კი-იმერეთში.

პრესრელიზის მიხედვით, რეგიონებში ვითარება ასეთია:

  • რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი – ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია. სოფელ საკაოში, ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია.
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის ჯვარში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში. სოფელ ლემატუეში, სადაც კერა დღის განმავლობაში დაემატა, ლოკალოზებულია.
  • იმერეთი – დღის განმავლობაში დაემატა კერა ბაღდადში. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ხანძარი ლოკალიზებულია.
  • შიდა ქართლი – ვერტმფრენის ჩართვა საჭირო აღარ გახდა. კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი ლოკალიზებულია. კერები დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. ადგილზე იყო ჩასული და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

“4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა 261 შეტყობინება მინდვრის და ტყის ხანძრის კერის შესახებ, მათგან 252 ლიკვიდირებულია, ოთხი- ლოკალიზებული”,  – აღნიშნავს პრესსამსახური.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან:

“დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი